Image Alt

თამაში რიოში მარგალიტებით – ლევან ცაგარელის ბლოგი

ჰერმან ჰესე-თამაში რიოში მარგალიტებით

თამაში რიოში მარგალიტებით – ლევან ცაგარელის ბლოგი

ლევან ცაგარელი

 

თითქმის დაუჯერებელი ამბავია, რომ ჰერმან ჰესეს ეს უკანასკნელი, ყველაზე დიდი და საოცარი რომანი ქართულ ენაზე მოგვეპოვება. ეს არის ალბათ ნანა გოგოლაშვილის, როგორც მთარგმნელისა და ფილოლოგის, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც წარმოუდგენელი ძალისხმევა დასჭირდებოდა. თუმცა ეს წიგნი ნამდვილად ღირდა გარჯად და ამ გამოწვევას ვერავინ გაართმევდა თავს უფრო უკეთესად, ვიდრე ნანა გოგოლაშვილი, რომელსაც ქართველი მკითხველი იცნობს ნოვალისის, ჰერმანს ჰესეს, გიუნთერ გრასის, ჰერტა მიულერისა და სხვათა ცნობილი ნაწარმოებების თარგმანებით.

 

არანაკლებ საოცარი დამთხვევაა, რომ ეს წიგნი ქართულად სწორედ ახლა გამოიცა, როდესაც ჩვენი საზოგადოება ღირებულებით კრიზისს განიცდის და ახალი ორიენტირების ძიებაშია დაახლოებით იმის მსგავსად, როგორც ეს მეორე ომის შემდგომი ხანის გერმანიაში იყო. „თამაში რიოში მარგალიტებით“ მეორე მსოფლიო ომის დროს იწერებოდა შინაგან ემიგრაციაში გახიზნული მწერლის მიერ. იწერებოდა. როგორც ერთგვარი უტოპიური ალტერნატივა იმ საშინელებისა, რომლის მომსწრედაც მაშინდელი ევროპა იქცა. ამ მხრივ ეს რომანი ძალიან ახლოსაა თომას მანის მიერ იმავე დროს შექმნილ „დოქტორ ფაუსტუსთან“. ორივე მათგანი თავისებურად ეხმიანება ნაციზმსა და ადამიანურობის კრიზისს: ამისთვის თომას მანი ალეგორიულ დისკურსს იყენებს, ჰერმან ჰესე კი — უტოპიურს.

ჰერმან-ჰესე

ჰერმან ჰესე, წყარო: Fred Stein Archive / Getty Images 

თუმცა „თამაში რიოში მარგალიტებით” სხვა მხრივაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჰერმან ჰესეს შემოქმედებაში. ესაა რომანი, რომელშიც მწერალი პირველად გასცდა ერთი ინდივიდის სულის სიღრმეების აღწერას (ფსიქოგრაფიას — როგორც ამას რეზო ყარალაშვილი უწოდებდა) და მოქმედების სამიზნედ აქცია სხვა ადამიანი. პროტაგონისტი, თამაშის ოსტატი იოზეფ კნეხტი სწორედ ამ სხვა ადამიანს, თავის მოსწავლეს სწირავს თავს. ოღონდ ეს ჩვეულებრივი თავგანწირვა არ გეგონოთ! საქმე ხომ ჰერმან ჰესესთან გვაქვს და უნდა გვახსოვდეს, რომ მის მხატვრულ სამყაროში ყველაფერი ბევრად უფრო ჩახლართულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იოზეფ კნეხტის ნებაყოფლობითი აღსასრულიც სხვა არაფერია, თუ არა მზაობა იმისთვის, რომ კვლავ დაუბრუნდეს თავის მოსწავლეს და მიეხმაროს მას, ჩასწვდეს არსს რიოში მარგალიტების თამაშისა. სწორედ თავისი მოსწავლისთვის იგი უარს ამბობს სრულქმნასა და განღრმთობაზე, რომლამდეც მას ბოლო ნაბიჯებიღა აშორებს.

 

იოზეფ კნეხტი ამ თამაშის სრულყოფილი, უბადლო ოსტატია, მან ბოლომდე განვლო თავისი გზა, მან ყველაფერი შეიმეცნა, ეს ცხოვრება მისი უკანასკნელი რეინკარნაციაა, რომლის შემდეგაც მას საუკუნო ნეტარება ელის. მაგრამ არა! მას ხომ შემთხვევით არ ჰქვია იოზეფ კნეხტი (Knecht – გერმ. მსახური, ყმა), როგორც ძმების ერთგულსა და მათთვის თავგანწირულ იოსებს ძველი აღთქმიდან. ბიბლიური წინამორბედის მსგავსად ისიც მზადაა, დათმოს თავისი ეგო და იზრუნოს სხვების სრულქმნაზე. და ეს მზაობა იმდენად მტკიცეა, რომ ბოლო წუთში იგი გადაეშვება დაბადებისა და სიკვდილის უსასრულო ფერხულში, რათა დაბრუნდეს.

 

ამ ეპიზოდის წაკითხვისას მკითხველს ჰგონია, რომ იოზეფ კნეხტის დაღუპვა ამბის დასასრულია. მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება… თავის უკანასკნელ რომანში ჰესემ დათმო არა მხოლოდ თავისი პოეტოლოგიური მრწამსი, არამედ მან ასევე დაძლია განვითარების რომანის ჟანრობრივი ჩარჩოები. მან გააუქმა ტექსტის (და ზოგადად ცხოვრების) დასრულების (სიკვდილის) შესაძლებლობა და ადამიანის სულიერი განვითარება გარდაუვალ, უსასრულო პროცესად გამოაცხადა, რომელსაც ვერავითარი სიველურე და გაცხოველება ვერ აღუდგება წინ.

 

და მაინც, ნაწარმოების ყველაზე უფრო გენიალური სახე-სიმბოლო თავად რიოში მარგალიტებით თამაშია. ეს თამაში მეცნიერებისა და ხელოვნების დარგების ზეიმია, ჰუმანიზმის გამარჯვებაა, ცოდნისა და ესთეტიკის სინკრეტული ნაერთია, რომლით ტკბობაც — ჰესეს უტოპიურ ხილვაში — კაცობრიობის ძირითად საზრუნავად ქცეულა.