Image Alt

მტკივანი გული – ელენე ჯაფარიძის „Bon voyage, პეტრო!“

მტკივანი გული – ელენე ჯაფარიძის „Bon voyage, პეტრო!“

ელენე ჯაფარიძის „Bon voyage, პეტრო!“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ასევე ერთი ამოსუნთქვით დაიწერა. ეს სისწრაფე, ვგონებ, ავტორისათვის თვითგადარჩენის ტოლფასი იყო: ამ პატარა წიგნში დაგმანული დიდი ტკივილი სრულიად გაუსაძლისი იქნებოდა, გამოუთქმელი რომ დარჩენილიყო. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ქართული საბავშვო პროზა, ისევე, როგორც „სადიდო“, მაგრამ ყმაწვილი პერსონაჟებით, როგორც წესი, უზომოდ „დამტკბარია“. გამონაკლისები, რაღა თქმა უნდა, მოიძებნება და ძალიან მესიამოვნა, რომ მათ შორის აღმოვაჩინე ელენე ჯაფარიძის 2023 წლით დათარიღებული „Bon voyage, პეტრო!“ („სულაკაურის გამომცემლობა“).

ელენე ჯაფარიძე პირველად დრამატული „დამალობანათი“ გავიცანი და ათმაგი ინტერესით წავიკითხე მისი ახალი რომანი, რომლის სიუჟეტი გასული საუკუნის 90-იანი წლების თბილისური ცხოვრების სიურრეალისტურ ფონზე იშლება: გაუფასურებულია ყველა ღირებულება, ადამიანის სიცოცხლის ჩათვლით, და ამ საბედისწერო ქაოსში გადასარჩენად არა რაინდობა და სიქველე, არამედ სწორედაც რომ საპირისპირო თვისებებია საჭირო: ის ეგოცენტრიზმი და სისასტიკე, რომელიც საერთოდ არ გააჩნიათ რომანის პროტაგონისტებს – პეტროს და თინის, რაც ასეთ ტრაგიკულ ელფერს შესძენს მათ ბიოგრაფიებს. ქართული კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი პეტრო, „დაღდასმული“ ინტელიგენტური აღზრდითა და ფრანგული გენების ნარევით, ჯერ კიდევ ბავშვობაში იჩაგრება „კუნთმაგარი“ თანაკლსელების, ხოლო შემდგომ, უკვე „თბილისური ომის“ პერიოდში – მის სახლში თვითნებურად შეჭრილი კრიმინალებისა და სადისტების მიერ.

ჩაკვირვებული ფსიქოლოგისა და მწერლის თვალით დანახული დღევანდელი ქართული საზოგადოება – თავისი სნობიზმით, სოციალური კლიშეებითა და „ცნობადი სახეების“ კულტით და მისი „მიკროუჯრედი“ – ახალშექმნილი ქართული ოჯახი, რომელშიც ცოლი, როგორც წესი, ულმობელი რეალიზმით აღიქვამს „ოჯახური იდილიის“ ჭეშმარიტ სურათს: „თეფშიც გავტეხეთ, თაიგულიც ვისროლე და ბულგარეთშიც გავფრინდით[…]. რაღაც სისულელეებზე ვსაუბრობდით – უმნიშვნელო, განყენებულ, არაფრისმთქმელ თემებზე. პირად განცდებზე საუბარი საშიში იყო, ვერიდებოდით. საშიში იმიტომ, რომ შეიძლება რომელიმეს რაღაც წამოგვცდენოდა, რაღაც მწარე და თან ნამდვილი, მართალი, სიყალბისა და თვალთმაქცობისგან დაცლილი. ჰოდა, რომ არაფერი წამოგვცდენოდა, ვაფარებდით სხვებსა და არაფერზე საუბარს“.

სწორედ ამ ჩაუკლავი, „ნამდვილი აზრისა და სიტყვის“ შესანიშნავი ნიმუშია ელენე ჯაფარიძის ახალი რომანი.

რეცენზიის ავტორი: ზაზა აბზიანიძე