Image Alt

პროზით დანახული საქართველო: როგორ ეცნობა ახალი თაობა ისტორიას

პროზით დანახული საქართველო: როგორ ეცნობა ახალი თაობა ისტორიას

სულაკაურის გამომცემლობა©

 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, რომელმაც, სამწუხაროდ, მხოლოდ სამ წელიწადს, საბჭოთა ოკუპაციამდე იარსება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კი მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს აღდგა.

ახალი თაობა საქართველოს ბოლო საუკუნის ისტორიას სკოლის სახელმძღვანელოებისა თუ უფროსების მონაყოლით ეცნობა. ის, რაც უფროსი თაობისთვის ყოველდღიურობა იყო, ახალგაზრდებისთვის უკვე ისტორიაა, რომლის ნაწილიც თავად არ ყოფილან, მაგრამ მისი შედეგები მათ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ქართულ პროზაში ხშირია ისტორიული სიუჟეტი; თანამედროვე ავტორებიც აქტიურად აღწერენ ბოლო საუკუნის მოვლენებს. ეს დამატებითი საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, უკეთ და განსხვავებული კუთხით გაიცნონ თავიანთი ქვეყნის ისტორია.

ერთია, ისწავლო ისტორიული ფაქტები, მაგრამ ბევრად საინტერესოა, იკითხო ტექსტები, ეძიო კონტექსტები და ამ გზითაც გაიაზრო, რა გავლენას ახდენდნენ ეს მოვლენები მოქალაქეებზე, მათ ყოველდღიურობასა თუ მენტალიტეტზე; როგორი იყო მათი საქართველო.

სტატიაში წარმოგიდგენთ ახალგაზრდების შთაბეჭდილებებს 8 თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნის შესახებ. საინტერესოა, როგორ გაიცნეს მათ საქართველოს უახლესი ისტორია მხატვრული ლიტერატურის საშუალებით.

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა – ბესო სოლომანაშვილი

ბესო სოლომონაშვილის რომანი, რომელსაც ავტორი “ალუზიურ მისტიფიკაციასაც” უწოდებს, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდზე მოგვითხრობს, პერიოდზე, როცა 1921 წელს ბოლშევიკი წითელარმიელები საქართველოში შემოიჭრნენ და სულ რამდენიმე წლის მოპოვებული დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ წაგვართვეს.

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, კითხვის პროცესი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა, რადგან სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ავტორი იმდენად რეალურად აცოცხლებს ერთი საუკუნის წინანდელ ამბებს, რომ თვალწინ მიდგება ყოველი ნაცნობი ქუჩის იმდროინდელი სისხლიანი სახე, კითხვის პროცესში წარმოვიდგენ, რას ვიზამდი 100 წლით ადრე რომ მეცხოვრა სტალინის გორში, სადაც, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში ადამიანები ჯალათებად იქცნენ, შევძლებდი რამის შეცვლას? თავად ვინ ვიქნებოდი, სისხლიანი ჯალათი თუ მორიგი დახვრეტილი? მესმის, რთულია ამ წიგში მოყოლილი სისხლის სუნით გაჟღენთილი ამბების წაკითხვა, თუმცა, ალბათ, —აუცილებელიც. ამ ტექსტის წერას რომ დავამთავრებ, გავალ გარეთ და დიდხანს ვისეირნებ ქალაქში, რომელსაც ბელადი აღარ ჰყავს.

ვა, სოფელო – ზაირა არსენიშვილი

სკოლაში ისტორიის სწავლა არასდროს მიყვარდა, რადგან არაფრისმთქმელი რიცხვებით დაწერილი წლების მიღმა თითქოს ვერ ვხედავდი რეალურ ამბებს. ზაირა არსენიშვილის წიგნმა, “ვა, სოფელომ”, ჩემთვის ეს ყველაფერი შეცვალა და იმდროინდელი საქართველოს ისტორიის თითოეული ამბავი უფრო ხელშესახები გახადა. ზოგადად, მიჭირს ხოლმე გონებაში ფაქტების, ეპოქების სწორად დალაგება და დამახსორვება, ზაირა არსენიშვილის ეს ნაწარმოები კი ჩემთვის, შეიძლება ითქვას, ამ ეპოქის სახელმძღვანელოდ იქცა.

ძალიან მძაფრად და მტკივნეულად აღვიქვი ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა და მივხვდი, რომ ახლა სადმე თუ მოვკრავდი ამ პერიოდის აღმნიშვნელ წლებს თვალს, ეს თარიღები აღარ იქნებოდა უბრალოდ რიცხვები, რადგან მათ უკან იდგა ადამიანური ისტორიები და გრძნობები,რომლებიც წიგნის საშუალებით უბრალოდ კი არ დავიმახსოვრე, არამედ მთლიანად შევიგრძენი. მეც განვიცადე, მეც ძალიან გავბრაზდი, მეც ამეტირა და მეწყინა ჩვენი ქვეყნის ის ტრაგედია, რომელიც ამ წიგნში სამი თელაველი ქალის მონათხრობითაა გადმოცემული.

კუპიდონი კრემლის კედელთან – აკა მორჩილაძე

ამ წიგნს ერთ უცნაურობას შეამჩნევთ — კითხულობ გვერდებს ერთმანეთის მიყოლებით და პარტიული დაპირისპირებების, დახვრეტისა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ისტორიებს მიღმა მთავარი ქალი პერსონაჟი და იმისი ამბავი ხანდახან სადღაც ქრება. მერე თავად მთხრობელი მიხვდება, რომ დაიკარგა და შენც ლამის დაგკარგა, მოგიბოდიშებს ამისთვის და განმარტავს — “ჩვენ ხო ყოველივეს ვუყურებთ ერთი კუთხით: ჩვენი სამშობლო,საქართველო სულ გადასარჩენია”. რადგან წიგნი ერთი ბრიჯებიანი გოგოს ამბავია, ავტორიც დიდ ყურადღებას უთმობს სტალინის ეპოქაში ქალების ცხოვრების, მათზე მოყოლილი მითებისა და აკიდებული პასუხისმგებლობების, ქვეყნისა თუ ოჯახის წევრების გადარჩენის მცდელობაში ხან ამაღლებული და ხან ჩაკარგული ხმების აღწერას.

“კუპიდონი კრემლის კედელთან” ისეა დაწერილი, რომ მუსია ერისთავის პერსონაჟიც სწორედ ავტორიტეტების, იდეოლოგიებისა თუ ქვეყანაში გამეფებული ცვალებადი კონტექსტის პარალელურად ვითარდება. მკითხველი ცხადად ხედავს და აფასებს თითოეული გადასხვაფერების კვალს არა მხოლოდ ზოგადი, ისტორიული და ხშირად უცხო მნიშვნელობით, არამედ რეალურ ისტორიებსა და პერსონაჟების განცდებზე დაყრდნობით.

მზე, მთვარე და პურის ყანა თემურ ბაბლუანი

თემურ ბაბლუანის წიგნი “მზე,მთვარე და პურის ყანა” წიგნი-ენციკლოპედიაა მეოცე საუკუნების ბოლო ათწლეულების თბილისის, საქართველოს შესახებ. ავტორი თითქმის დეტალურად აღწერს ყველა ამბავს, რომელიც ამ დროში ვითარდება და გვაწვდის ინფორმაციას ადამიანების, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა თუ ურთიერთობების შესახებ. გვიყვება ეთნიკურად განსხვავებული ადამიანების სიყვარულსა და მათ თანაცხოვრებაზე თბილისის ძველ უბანში.

პოლიტიკა და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სტატუსით სარგებლობენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ამ დიდ ამბავში. ისტორიული ამბების “ადამიანური” ენით გადმოცემული ამბები მთავარ გმირთან ერთად გვამოგზაურებს საქართველოში, მოსკოვსა თუ ციმბირში.

ჯინსების თაობა – დათო ტურაშვილი

ყველაზე მეტად, რამაც წიგნში გამაოცა, გარდა გეგასა და თინას უპირობო სიყვარულისა, იყო თვითონ ის გარემო, საქართველოს იმდროინდელი ყოფა, რომელშიც მათ ცხოვრება უწევდათ — ინფორმაციული ვაკუუმი, შეზღუდული თავისუფლება, მილიცია, რომელიც ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და ყველგან გხვდებოდა.

ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანისთვის, ეს ყველაფერი რთული წარმოსადგენია და წიგნის კითხვისას ყოველთვის ღრუბლიან, წვიმიან, რაღაც ჭუჭყიან სურათს ვხედავდი, რომელშიც დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოსურნე ახალგაზრდები სინათლის სხივივით გამოჩნდნენ.

პატარა ქვეყანა – ლაშა ბუღაძე

საინტერესო იყო იმ მოვლენების შესახებ კითხვა, რომლებიც ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ან იმ პერიოდში, როცა ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ ეს ისტორიული პერიპეტიები აღმექვა. ორმაგად საინტერესოა იმ რეალური ადამიანების პერსონაჟებად დანახვა, რომელთაც თითქმის ყოველდღე ვუყურებდი ტელევიზორში.

არასდროს მქონია ნათელი წარმოდგენა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ ამბებზე. ამ წიგნიდან ბევრი ჩემთვის უცნობი ფაქტიც შევიტყვე, რაც დამეხმარა, ერთგვარად, მთლიანი სურათი ამეწყო იმ ისტორიისა, რომელზეც ბუნდოვანი შეხედულება მქონდა.

კანიბალიადა – მიშა ბახსოლიანი

მიშა ბახსოლიანის რომანი კანიბალიადა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდის შესახებ მოგვითხრობს. წიგნის პერსონაჟები იმ საზოგადოების წევრები არიან, რომელიც ეპოქამ პერვერსიის სიმბოლოდ აქცია. რომანში მაქსიმალური სიმძაფრითაა ნაჩვენები ომის ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე.

გადარჩენისთვის ბრძოლამ ისინი ოდიოზურ პიროვნებებად აქცია. შიში, შიმშილი, უშუქობა, ცხოვრება დამახინჯებული მენტალიტეტით – ეს იყო ყოველდღიურობა იმ თაობისა, რომელიც უსასრულოდ იდგა პურის რიგში. ირონიულია, ამ წიგნის პერსონაჟები აფხაზეთის ომს გაექცნენ, უკეთესი ბედის საძებნელად დედაქალაქს მიაშურეს, მაგრამ აქაც ომი დახვდათ, თანაც ბევრად უფრო სასტიკი – ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი საქართველოს ისტორიიდან – ბრძოლა, რომელშიც მამებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. რთულია, მოისმინო ამბები ოთხმოცდაათიანებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, გიცხოვრია თუ არა იმ დროს, ამ წიგნში ყველა ამბავი ისეთია, საერთოდ რომ არ გაგეგონოს ტყვიის გასროლის ხმა, თითოეული სიტყვა მაინც ავტომატის კაკანივით ჩაგესმის ყურში.

მიბრუნება – მიხეილ იოჰანი

ხშირად ვკითხულობთ წიგნებს, რომლებიც წინა საუკუნეების, განვლილი წლებისა და დეკადების შესახებ გვიყვებიან, თუმცა მცირედი იწერება საქართველოს თანამედროვე ისტორიაზე. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, მნიშვნელოვანია იმ თანამედროვე ამბების ლიტერატურული რეფლექსია, რომლის ნაწილიც თავად ვიყავი. ვფიქრობ, რომ მიხეილ იოჰანმა ბოლო წლების მოვლენებიდან ზუსტად შეარჩია ის კონკრეტული, რომელიც გვეხმარება, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რამდენად განსხვავდება ადამიანების შეხედულებები მათი პირადი გამოცდილების მიხედვით.

სიუჟეტი 2018 წლის მაისში ვითარდება და კლუბების დარბევისა და ახალგაზრდების პროტესტის შესახებ მოგვითხრობს. თითქოს გმირებზე ბევრი არაფერი ვიცით და მათ გასაცნობადაც ცოტა დრო გვაქვს, წიგნში აღწერილი მოვლენები სულ რამდენიმე დღე გრძელდება. მიუხედავად ამისა, მარტივი ამოსაცნობია თითოეულის ხასიათი და მათი ქმედებების საფუძველი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გარშემო, სამეგობროში, სანათესაოსა თუ სამეზობლოში, ყველას გვყავს მათი პროტოტიპები. ყველა ვიცნობთ ბებიას, რომელიც შვილიშვილის აქციაზე ყოფნის წინააღმდეგი იყო; ყველამ ვიცით იმ რადიკალური დაჯგუფებების წევრების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი აქციის დარბევას აპირებდნენ; ყველანი ვიცნობთ ადამიანს, რომელიც (შეიძლება ჩვენთან ერთადაც კი) ცეკვით იბრძოდა იმისთვის, რისაც სწამდა. მგონია, რომ ამ ერთი შეხედვით კარგად ნაცნობი პერსონაჟების განზოგადებისა და საერთო სურათის შეფასებისათვის, “მიბრუნება” ძალიან კარგი საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენებთან კიდევ ერთხელ მიგვაბრუნებს.

26 მაისთან დაკავშირებით, სტატიაში აღნიშნული წიგნები სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტსა და მაღაზიებში შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ.

ავტორები წერენ ისტორიას და გვაძლევენ შესაძლებლობას, გავიხსენოთ თუ გავიცნოთ სხვადასხვა დროის საქართველო. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და შემოგვთავაზეთ პოსტები თქვენი საყვარელი ქართული ტექსტების შესახებ ჰეშთეგით #იკითხექართული.