Image Alt

მაგიური ცირკი

ცირკი-მირანდუსი

მაგიური ცირკი

ავტორი: მარი ბექაური

სერია „საოცრებას“ ახალი წიგნი შეემატა. ქესი ბიზლის „ცირკი მირანდუსი“ ჯადოსნური ცირკისა და ათი წლის მიკა ტატლის ზღაპრული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

ამბავი ბაბუა ეფრაიმის საეჭვო წერილით იწყება, რომლის ადრესატსაც მეტად უცნაური სახელი ჰქვია: სინათლის მომთვინიერებელი. მისამართის გრაფაში კი არანაკლებ უჩვეულო მდებარეობა გახლავთ მითითებული: ცირკი მირანდუსი. ბუნებრივია, კონვერტზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით რიგით ფოსტალიონს ადრესატის პოვნა გაუჭირდება. თუმცა, როცა ისტორიის დიდი ნაწილი უკვდავ ცირკში ვითარდება, გასაკვირი აღარაა, რომ წერილი ადრესატთან უჩვეულო თუთიყუშს მიაქვს, რომელიც საკმარისზე მეტს ლაპარაკობს და ზრდილობითაც ვერ დაიკვეხნის.

ბიზლის საბავშვო რომანში მოქმედება ორ სხვადასხვა დროში ხდება. აწმყო დროის პარალელურად ზოგჯერ ეფრაიმ ტატლის ბავშვობაშიც ვბრუნდებით და ომში წასული მამისა და პატარა ეფრაიმის ცირკში მოხვედრის ამბავს ვიგებთ – იმ პირველი ფანტასტიკური მოგზაურობების ამბავს, რომელიც ეფრაიმ ტატლს ცირკ „მირანდუსში“, სინათლის მომთვინიერებლის კარავში გადახდება. მაგრამ რა ხდება აწმყოში?

მძიმედ დაავადებული მოხუცი ეფრაიმი უკვე სიკვდილის პირასაა. მის მოსავლელად არიზონიდან უმცროსი და – გერტრუდა ჩამოდის, რომელიც მიკას ბაბუის ოთახში ფეხის შედგმას და მასთან კონტაქტს უკრძალავს. საქმე ისაა, რომ გერტრუდას სინათლის მომთვინიერებელი მაგის არსებობის არ სჯერა და ბაბუა-შვილიშვილის საუბრებიც ჯადოსნურ ცირკზე სიგიჟე ჰგონია. თუმცა, პატარა მიკასთვის, რომელიც ოთხი წლის ასაკში დაობლდა და იქიდან მოყოლებული ბაბუა ეფრაიმი მშობლად მიაჩნია, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც საყვარელი და ხუმარა ბაბუს გამო ვერ გადალახავს.

ეფრაიმ ტატლი შვილიშვილს უმხელს, რომ პატარაობისას, როდესაც ჯადოსნურ ცირკში პირველად მოხვდა, სინათლის მომთვინიერებელი მას ერთი სურვილის ასრულებას – ერთი სასწაულის მოხდენას დაპირდა. მის აღსრულებას კი სწორედ ახლა, სიკვდილის პირას მყოფი აპირებს. თუთიყუში ჩიჩიც ამიტომ დაფრინავს მათი სახლის თავზე და სპილო ჯინიც ამისთვის გადის შორ მანძილს. თუმცა, როგორც მიკა ტატლის ჰგონია, ბაბუას ნაჩუქარი სასწაულით სიცოცხლის გახანგრძლივება სულაც არ აქვს გადაწყვეტილი. მოხუცი, რომელსაც შვილიშვილი სიცოცხლეს ურჩევნია, ცირკისგან იმას ითხოვს, რაც მიკას მომავალს სინათლით აავსებს და ბიჭს ბედნიერებით აავსებს – ზუსტად იმ ბედნიერებით, რომელსაც მიკა ტატლის ბედნიერება ჰქვია.

წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე მიკას ახალი თანაკლასელი, უზომოდ ჭკვიანი გოგონა, ჯენი მენდოზა ეხმარება. ზუსტი მეცნიერებების მოყვარულ გოგოს მაგიური ცირკის რეალურობა მანამ არ სჯერა, სანამ მეგობრის წყალობით „მირანდუსში“ არ მოხვდება. იქ კი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ სამყარო ბევრ საიდუმლოებას ინახავს და თუ ვირწმუნებთ, ყოვლად წარმოუდგენელი ამბებიც კი ჩვენთვის სინამდვილედ იქცევა.

ცირკი „მირანდუსი“, რომელიც საუკუნეების მანძილზე მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა ხილული, ვისაც მისი არსებობა სწამს. იქ დროის და სივრცის ცნებები გამქრალია და ათასწლოვანი მაგები ბინადრობენ, რომლებიც სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებს ზღაპრულ წარმოდგენებს სთავაზობენ. თუმცა, ვინ თქვა, რომ ერთ შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვებს სასწაულის მოხდენა არ შეუძლიათ?