Image Alt

თემუკა ზოიძის რეცენზია „შაგი ბეინზე“ – ესეების კონკურსი

თემუკა ზოიძის რეცენზია „შაგი ბეინზე“ – ესეების კონკურსი

დაგლას სტიუარტის საბრალო არსებები

ხანდახან უზომოდ ძნელია, სიყვარულის ძალა ისევ შემოგრჩეს, როცა გარშემო თითქოს ყველაფერი დაცლილია ამ გრძნობისგან. დაგლას სტიუარტი სწორედ ასეთი შეუძლებლობის შესაძლებლობაზე გვიამბობს. შაგი ბეინი არის წიგნი, რომელიც ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებსა და ყველაზე მოულოდნელ მომენტებში სიყვარულის კვალს ეძებს, პოულობს და გულგრილობის შემზარავი არტეფაქტების გვერდითაც კი ბედავს მის გამოფენას. არადა რა რთულია, უსიყვარულო სამყაროში სიყვარულის ირწმუნო.

ოღონდ ეს სიყვარული დამღუპველიც შეიძლება იყოს. მაგალითად, მაშინ, თუ ელიზაბეთ ტეილორივით მშვენიერი აგნეს ბეინის მსგავსად იცი შეყვარება – თავს რომ დაკარგავ და ამ გრძნობას ნებას მიცემ, შენც წაგლეკოს და შენ გარშემო სხვა ყველაფერიც თან გაიყოლოს.

თუმცა, დაგლას სტიუარტი უბრალოდ დესტრუქციული სიყვარულის ბუნებას არ იკვლევს, რაც აქამდეც ბევრჯერ გაუკეთებიათ. მას უპირობო სიყვარულის ის ფორმა აინტერესებს ყველაზე მეტად, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს. ამ გრძნობას მეტწილად მშობლის პერსპექტივიდან ვიცნობთ, თუ როგორი უსაზღვრო და ყოვლისმომცველია ის. შაგი ბეინში კი შვილების თვალით ვხედავთ მშობლებს, რომლებსაც მზრუნველობა, მოფრთხილება და დახმარება სჭირდებათ. ამ სამყაროში თითქოს ბავშვები და უფროსები ადგილებს ცვლიან: ზრდასრულები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზარალებენ, მოზარდებს კი მეტისმეტად ადრე უწევთ ბავშვობასთან გამომშვიდობება, რათა ამ ქმედებების შედეგებს გაუმკლავდნენ და თავი გადაირჩინონ, საუკეთესო შემთხვევაში კი თუნდაც ამ ყველაფერში დამნაშავე მშობელიც გადაარჩინონ.

ოღონდ ყოველივე ეს დიდაქტიკური პათეტიკისგან დაცლილია: აქ ადამიანები იმდენად ღრმად ეშვებიან ფსკერზე, რომ არა თუ საკუთარი თავი, ხშირად მცირეწლოვანი შვილების ბედიც საერთოდ არ ადარდებთ. ამიტომ შვილებსაც ხშირად ერთადერთ გამოსავლად სადმე გაქცევა, თუნდაც სამხრეთ აფრიკასავით შორეულ მიწაზე გადასახლება ესახებათ და რთულია, გაამტყუნო ისინი. რომანში მარგარეტ ტეტჩერის მმართველობისას გლაზგოს ჭაობი, ყველაზე ღატაკი ოჯახების ყოველდღიური ცხოვრებაა აღწერილი, რომელიც სავსეა შიმშილით, გადასახადებისთვის არასაკმარისი თანხით, დასაქმების პრობლემებით, კონსერვატიული კულტურით, ყოველდღიური ძალადობრივი ურთიერთობებით და ამ ყველაფერთან გასამკლავებლად – ალკოჰოლიზმით.

შაგი ბეინის პერსონაჟებს სინდისი იმდენად ქენჯნით, სინანულის შხამი კიდევ უფრო საბედისწერო არჩევანს აკეთებინებს ხოლმე: თვალს არ უსწორებენ ტრაგიკულ შედეგებს და ტკივილის დროებით გასაყუჩებლად სხეულებრივად ითიშებიან – სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედებით სწყდებიან რეალობას ან სხვებს აძლევენ უფლებას, მათ სხეულებს ისე უდიერად მოეპყრონ, როგორც უსიყვარულო სამყარო ეუბნება მათ, რომ სწორედ ასე იმსახურებენ.

თუმცა, აქვეა შაგი ბეინი, რომელსაც სჯერა, რომ თუ სათანადოდ მოინდომებს, ერთხელაც დედამისი ლუდით აღარ გაილეშება და მერე მოძალადე კაცებს არ მისცემს საშუალებას, ამით ისარგებლონ და გააუპატიურონ. შაგიმ ძალიან პატარა ასაკიდან გამოიმუშავა რუტინა, თუ როგორ უნდა მიხედოს დედას არა მხოლოდ ემოციურად, რომ არ აღელდეს და დათრობა გადაავადოს, არამედ ფიზიკურადაც, რომ ინტოქსიკაციისას შემთხვევით არ დაიღუპოს. ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც ფიზიკურად გამოვლენილი შფოთვის, გაუსაძლის პირობებში ცხოვრებისა და მშობლების უგულო გადაწყვეტილებების მიუხედავად, თავზარდამცემი სიყვარულით ცდილობს, დედა დაიცვას თავისი თავისგან და გარემომცველი სამყაროსგან.

ეს არის წიგნი მარტოსული ადამიანების უიმედო მცდელობაზე, რომ ნორმალურები გახდნენ, ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდეთ. ამისთვის კიდევ სიყვარული სჭირდებათ, რომელსაც მათთვის არავინ იმეტებს; ან თუ გასცემენ, იმდენად დაბლაგვებული აქვთ გრძნობები, რომ მიღება უჭირთ.

პერსონაჟების მსგავსად, თავდაპირველად არც ამ წიგნს გაუმართლა: დაგლას სტიუარტი ავტობიოგრაფიით შთაგონებულ სადებიუტო რომანს 10 წელი წერდა და მუშაობა რომ დაასრულა, 40-მდე გამომცემლობამ უთხრა უარი გამოქვეყნებაზე. როცა საბოლოოდ დაიბეჭდა რომანი, პანდემია დაიწყო და გაყიდვები თითქმის შეწყდა, თუმცა შემდეგ ერთდროულად 20-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო პრემიის ფინალისტი ან ლაურეატი გახდა, 1.3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ახლა უკვე ქართული თარგმანის წაკითხვაცაა შესაძლებელი, რომელიც პროფესიით დიზაინერი დაგლას სტიუარტის უმცირეს დეტალებამდე დახვეწილ ლიტერატურულ ქსოვილთან შეხების შესაძლებლობას გვაძლევს.

რეცენზიის ავტორი: თემუკა ზოიძე

წიგნის მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე