Image Alt

,,შაგი ბეინი“ – სასტიკი სიფაქიზის რომანი (ესეების კონკურსი)

,,შაგი ბეინი“ – სასტიკი სიფაქიზის რომანი (ესეების კონკურსი)

გინახავთ  ისეთი რიჟრაჟი, „რძით ზედმეტად გაჯერებულ ჩაისფრად რომ ინათა“?  ან დამცავი რეზინის ღრუები, ტვინგამოწუწნული ძვლებივით რომ ყრია ძირს?

და „ბუზების საჭერი ლენტივით სიფრიფანა კანი“? ან იცით რისი გემო აქვს მომწვანო-მოყავისფრო ჰაერს? მძიმე, მეტალისებრი, ოდნავ მომჟავო. „ ზუსტად ისეთი, დამჯდარი ელემენტების ელექტროდებზე ენით შეხებისას რომ იგრძნობა.“

დაგლას სტიუარტის „შაგი ბეინი“ ყველა თვალსაზრისით თანამედროვე კლასიკაა, რომელმაც ლიტერატურა (მისი ცხოველმყოფელი, მაგიური, ჟრუანტელის ჭიანჭველების მომგვრელი ძალა!) ხელახლა აღმომაჩენინა.  ეს რომანი დედა-შვილური მიჯაჭვულობის ტრაგედიაზეა. იმ ტკივილზე, რაც სიცარიელის ნამსხვრევებს მოაქვს. ეს დაუბადებელი, ვერშობილი ადამიანობის ნოსტალგიაა. სულისშემძვრელი ლირიზმით სავსე წიგნი კაცებზე, ქალებზე და ბავშვებზე, რომლებიც სამყარომ ერთიანად ამოარწყია.

„შაგი ბეინის“ კითხვისას, თითქმის ყოველ ფურცელზე, სამოსის, პეიზაჟის, სიტუაციის, საგნის, ოთახის, სივრცის, სუნების, გემოების აღწერისას მკაფიოდ ჩანს დაგლას სტიუარტის პროფესიული გამოცდილება მოდის დიზაინის სფეროდან. ის სინტაქსს ისე ეპყრობა, როგორც ნაჭერს, ქსოვილს, მატერიას. ამ რომანის ენობრივი ფაქტურა უაღრესი სინატიფითაა შექმნილი, „თვალწაუსვლელი“ ნაქსოვია, ურღვევი. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ  „შაგი ბეინი“ ბედისწერიდან ,,ამომხტარი”, ,,ანომალიური” პერსონაჟების სივრცეა, რომლებიც ადამიანობანას თამაშობენ. ეს, გამაოგნებელი ოსტატობით დაწერილი, რომანი იმ ხეიბარი ყოფის ამსახველი ნაწარმოებია, სადაც ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ ფაქიზი სულიერი წყობის არსებები დაბზაროს და აბორტის ხელსაწყოსავით ამოფხიკოს, ამოტუმბოს მათგან ყველა სასიცოცხლო ენერგია. რის გამოც, ერთადერთ თავშესაფრად ალკოჰოლი ქცეულა. ,,შაგი ბეინი” ყოფიერების მიერ მიწიდან ყვავილივით ამოგლეჯილი პოეტური სულის კივილია, რექვიემია..

***

ჰო, მართლა, სუნზე და გემოზე გამახსენდა.  მესამე თავში შაგი ბეინის მამა ,,დიროლოს“ სასადილოში შედის:

,,მოდი, დღეს თევზი და კარტოფილი იყოს, ბლომად მარილითა და ძმრით.

ჯომ თეთრ ქაღალდზე ჩიფსის მთა და ცხიმში ოქროსფრად შებრაწული თევზი დაახვავა. მერე ამ ყველაფერს მარილი და ძმარი დაუმატა. შაგმა თევზზე თითით ანიშნა:

-მიდი, მიდი, ჯო… კიდე, კიდე!

და ჯომაც თევზს იქამდე ასხა ძმარი, სანამ მთლად არ გაჟღინთა. ქაღალდი პაკეტად შეკრა და შაგს გაუწოდა.“

ახლა კი მეთვრამეტე ეპიზოდის სცენა გავიხსენოთ: სკოლიდან დაბრუნებულ შაგის (ჰო, მართლა, მამა-შვილს ერთი სახელი აქვთ! ) აგნესი ვაშლის ღვეზელს ახვედრებს:

,,შაგიმ ოქროსფრად დაბრაწულ ვაშლის ღვეზელს დახედა და ფრთხილად შეახო თითი. თბილი იყო, დედამისს ღუმელში შეეთბო. დაბრწულ ფენოვან ცომს თავზე შაქრის ფხვნილი ჰქონდა მოყრილი. ის ფხვნილი გამდნარიყო და ხრაშუნა ქერქად ქცეულიყო. ღვეზელის ყოველი მხრიდან მოთუხთუხე, წებოვანი, ოქროსფერი ვაშლის გულსართი ჟონავდა. თითი რომ შეახო, ღვეზელის დაბრაწული კანი მადისაღმძვრელად ახრაშუნდა.“

 გრძნობთ, არა, ერთ შემთხვევაში, ძმრიანი თევზის, ხოლო მეორეში – ხრაშუნა ზედაპირიანი ვაშლის ღვეზელის სუნის არომატულ ღიტინს ცხვირის ნესტოებზე?  მთელი რომანი სწორედ ამგვარი კონტრასტული სუნების და გემოების ჰერბარიუმია.

ეს ყოველივე კი დაგლას სტიუარტის ფრაზის მხურვალე ენერგეტიკის, მისი, პოეზიის ესენციით გაჟღენთილი, ელასტიკური სინტაქსის, დამსახურებაა. მეტიც, „შაგი ბეინი“, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს – და არის კიდეც პარადოქსების წიგნი! – სასტიკი სიფაქიზის მონუმენტური რომანია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალადობისგან,  ყოფის ცინიზმისგან, სიღარიბისგან, უღონობისგან და უპერსპექტივობისაგან შობილი სასოწარკვეთილების ლაფში ამოსვრილი პერსონაჟები მარადისობის ბოლქვიდან ამოზრდილი ფსიქოტიპები არიან – თავიანთი წინააღმდეგობრივი, ხშირად აუხსნელი და არაპროგნოზირებადი ქცევებით, დამოკიდებულებებით, განცდის უწყვეტობებით.  აქ, ისევე როგორც, ცხოვრებაში, არ არსებობენ ერთგვაროვანი პერსონაჟები. ყოველ მათგანს პერსონალური ტრავმის ლოდის თრევა უწევს დაბზარული ცნობიერებით.  აქ მოძალადეებიც კი კლიშეების, სტერეოტიპების მიღმა დგანან. ნამდვილ ლიტერატურას არც სჭირდება ყავარჯენი იდეოლოგიის სახით.

***

რომანის ყდაზე  გამოსახული ,,ურბანისტული ჯვარცმა’’ მთელი თავისი სისავსით ასახავს პატარა შაგის ტანჯვის გზის მეტაფიზიკურ არსს, მისი სისაზარლის და შემზარაობის მასშტაბს. აქ ხომ ჯვარცმულებიცა და ჯვარმცელებიც საკუთარი ტრავმული ცნობიერების პატიმრები არიან…

ესეს ავტორი: გუგა მგელაძე

წიგნის მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე