Image Alt

ზინკა ადამიანი – რეცენზია

ბლოგის-ქავერი---ზინკა

ზინკა ადამიანი – რეცენზია

მათე სარალიშვილი

“მე, პრინციპში, რა. როგორც ვცხოვრობდი, ისევე ვცხოვრობ, და ალელუია. თქვენ რაც გჭირდათ, მე ამბად ვიცი.“ ასე იწყება ანა კორძაია-სამადაშვილის ერთ-ერთი თავი, „დათა“ რომანიდან „ზინკა ადამიანი“, სადაც მკითხველი ხშირად ბედნიერია, რომ წაკითხული მხოლოდ ამბად ესმის და უფრო ხშირად გული სწყდება, რომ არც ალექსი ადამიანი უნახავს თავის ორ უახლოეს მეგობართან, დათასთან და კოტიკოსთან ერთად, არც – ზინკა ადამიანი, არც – ულამაზესი ლეკვიაშვილი, რომლის ერთი გამოძრავება სუნთქვას შეგიკრავს და არც – ყურებამდე შეყვარებული თამარი, რომლის ერთი სიტყვაც ამ უჰაერობას უცბად ქაოსური ლანძღვა გინებით გააქარვებს. ჩვენ არ ვიცით, რომლის სიცოცხლე უფრო მეტად დასრულდა: მშვენიერი გოგონას მოტრფიალე, აკორდეონზე, სახელად „რავიატაზე“ დამკვრელი ალექსისა, თუ – იმ ოჯახისა, რომლის სახლის წინაც ეს აკორდეონი აჟღრიალდა. „სასაფლაოს გისოსივით კუტიკარს“ მიმდგარი ნინიკო სამეულ სულს – „ლამაზებს“ ხელს უქნევს და ქორწილზე თანახმაა… ეს კანონიერი, მაგრამ შეუმდგარი ქორწილიდან მოყოლებული, უგემრიელესად (სხვა სიტყვით ვერ აღვწერ) მოყოლილი ამბავი არც ღიმილის ჩუქებას დაიშურებს და არც – ცრემლებისას. ამ წიგნზე მეტი ლაპარაკი არ შეიძლება. იტალიურ ეზოში მცხოვრები მალულასავით უნდა მოკალათდე, მოიფარო თბილი საბანი, ჩაი დაიდგა, თითქოს თამარს მოემზადებინოს და ჩაიძირო იმ ადამიანში, რომელიც „ფიქრობდა, რომ არის ალექსი ადამიანი, ვოლგისპირეთის მოშიმშილე ოლქიდან გამოქცეული და ბავშვთა სახლში გაზრდილი, უსახლკარო და უსახელო კაცი.“