Image Alt

ზაფხულის უპირატესობები – მკითხველი გირჩევს

სარჩევი-საიტის-ბანერი - სლაიდერი

ზაფხულის უპირატესობები – მკითხველი გირჩევს

სულაკაურის გამომცემლობა©

უკვე გეტყოდნენ, რომ ზაფხული კითხვის დროა და კითხვა სახალისოა, თუმცა, მაინც ვფიქრობთ, მკითხველებს ამ სეზონისა თუ მათი საზაფხულო ბიბლიოთეკის შესახებ კიდევ უფრო მეტი აქვთ სათქმელი. ამჯერად იმ ადამიანების რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულს გადანახული სქელტანიანი წიგნებით ელოდებიან.

 

ანიკო - კარამაზოვები

ანა ჭაბაშვილი – ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ზაფხულში დასასვენებლად რომ წამიყვანეს მშობლებმა და თან წავიღე ფიოდორ დოსტოევსკის რამდენიმე ტომი და მათ შორის „ძმები კარამაზოვები“. ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ ქართული თარგმანი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომ რუსულად წავიკითხე. დოსტოევსკის ენა არ არის ადვილი გასაგები ზოგადად, მაგრამ  ადამიანი სწორედ ამ ასაკში კითხულობს ყველაზე მეტს და სირთულეების დაძლევას სწავლობს. რომანი ძალიან დიდია (როგორც მოცულობით, ასევე თავისი არსით), ღრმა,  ჩახლართული სიუჟეტითა და ბევრი პერსონაჟით.  ზოგმა ის შეიძლება წაიკითხოს, როგორც ფილოსოფიური ნაწარმოები, ზოგმა – როგორც ყოფითი თხზულება, ზოგმა – როგორც დეტექტივი. კითხვის მოყვარული ამ წიგნს  თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე კითხულობს და ყოველ ჯერზე სულ ახალ-ახალ რამეს აღმოაჩენს. თუკი ფიქრობთ, რა წაიკითხოთ ზაფხულში,  „კარამაზოვებს“ გირჩევთ,  მით უფრო, რომ დღეს ქართულ ენაზე თარგმნილია ძალიან კარგი მთარგმნელის, გივი კიკილაშვილის მიერ და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

მიხეილ იოჰანი – ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო…“

ლიტერატურული პროცესი ზოგჯერ ალოგიკური და დაუნდობელია და ამის მთავარი გამოხატულება მნიშვნელოვანი წიგნის უყურადღებოდ დატოვებაა განა ერთი და ორი კრიტიკოსის, არამედ მკითხველი საზოგადოების სრული უმრავლესობის მიერ. თუმცა, სწორედ ეს „ჩაგრული“ ტექსტები ავლენენ ამ პროცესის რეალურ სახეს, გვანახებენ, კონკრეტულად რა ტენდენციების გამო არ მივიდა წიგნი მკითხველამდე თუ ვერ მიიღო იგი მკითხველმა.

ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო…“ სწორედ ასეთი ტექსტი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ახლადდაარსებული პრემია „საბას“ შორთლისტშიც მოხვდა და ავტორიც გამოცდილ მწერლად ითვლებოდა, რომანი მაინც არ შენიშნეს და მიივიწყეს. მაგრამ ხდება ისე, რომ დიდი, მნიშვნელოვანი ტექსტები დაიძინებენ ხოლმე და გამოღვიძებულზე მკითხველსაც, კრიტიკოსებსაც და გამომცემლებსაც სრულიად ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე აყენებენ. როგორც აღმოჩნდა, ამ რომანისთვის აქამდე მზად არ იყო ქართული სალიტერატურო სივრცე. გამოცემების ამბავი რაღაცით ესადაგება კიდეც თავად მის ენასა და სტრუქტურას. რომანი რამდენჯერმე დაიბეჭდა 2000-იან და 2010-იან წლებში, მაგრამ სანამ მისაღები ფორმატით, შრიფტითა და დიზაინით არ გამოჩნდა ბაზარზე, ზედ ცოტამ თუ შეხედა. არადა, ეს არის უნაკლო ტექსტი, რომელსაც, მთავარია, თავი მივანდოთ და ბოლომდე დავყვეთ.

ზაირა არსენიშვილის უნაკლო წიგნი სრულად შეგაგრძნობინებს ეპოქას, გარემოს, პერსონაჟებს, ემოციებს; „ვა, სოფელო…“ სრულყოფილია იმ მკაცრი ქალური ხმებით, რომლებიც რომანში ისმის (და რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას), პერსონაჟების პორტრეტებით, თხრობის აუჩქარებელი რიტმით და, რაც მთავარია, იმ სამწერლო ენით, რომლითაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილია შესრულებული. ზაირა არსენიშვილის ენა მოულოდნელია თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის, ის პირველივე გვერდზე სახეში მუშტს გირტყამს, თვალებიდან ნაპერწკლებს გაყრევინებს და დაბნეულმა იქნებ კითხვა თავიდანაც დაიწყო, მაგრამ, მიხვდები თუ არა, რომ ამ ტექსტს ისევე მტკიცად და დინჯად უნდა დაუდგე, როგორიც თავად არის, მწერალი ჩაგითრევს ერთ-ერთ ყველაზე ფერად, ბრუტალურ და სევდიან გარემოში, მისი მშობლიური ქალაქის იმ ისტორიებში, დღემდე მოუშუშებელ იარებად რომ რჩება მთელი ქვეყნისთვის.

 

ნინი - ფრენზენი

ნინი ბუკია – ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“ 

სიმართლე გითხრათ, ეს წიგნი არ წამიკითხავს. მე კი იმ ადამიანების არ მჯერა, რომლებიც წაუკითხავ წიგნებზე საუბრობენ. ამიტომ, მოლოდინზე მოგიყვებით, იმ წიგნის წაკითხვის მოლოდინზე, რომლის გამოც მთელი წელია ზაფხულის მოსვლა მეჩქარება. 

ეს წელი ამერიკული ლიტერატურის შესწავლას დავუთმე. უნივერსიტეტში გავიარე კურსები XIX და XX საუკუნეების ტექსტების შესახებ და კურსის ბოლოს ლექტორისგან დამატებით საკითხავი ტექსტების გრძელი სიაც მივიღე. სია ჩემ მიერ კარგა ხნის წინ გადადებული ტექსტით – დიდი ამერიკული რომანის ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლით დასრულდა, რომელიც, თვეები, ჩემს თაროზე სწორედ ბოლო გამოცდის დასრულებას ელოდებოდა. ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“ არის რომანი, რომელზეც მსმენია ყველა მკითხველისგან და მსმენია ყველაფერი, რაც კი წიგნის ქებად შეიძლება წარმოიდგინოთ. თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ჯონათან ფრენზენი, „შესწორებებმა“ ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსთა რიგებში ჩააყენა. წიგნი გამოცემისთანავე 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ავტორს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები – „წიგნის ნაციონალური პრემია“ და „ჯეიმზ თ. ბლეკის მემორიალური პრიზი“ მიენიჭა. ამბობენ, რომ ფრენზენი ისეთივე დიდ ნარატივსა და ფორმას ეჭიდება, როგორსაც მიჰყვებოდნენ ამერიკელები მელვილიდან სტეინბეკამდე. ისიც მსმენია, რომ ვისაც წიგნი ქართულადაც და ინგლისურადაც წაუკითხავს, ზოგი პასაჟი ქართულად მეტად მოსწონებია. წესით, ეს თამარ ჯაფარიძის გამორჩეული თარგმანის დამსახურება უნდა იყოს. ისიც მითხრეს, რომ თუ თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციები და ახალ დროზე მორგებული თუ გაცოცხლებული ძველი ლიტერატურული ტრადიცია მაინტერესებს, ამ რომანში ვიპოვი. „შესწორებებში“ მოთხრობილი ოჯახური ურთიერთობებითა და ყოველდღიური ცხოვრებისეული დილემებით სავსე თითოეული პერსონაჟის თავგადასავალი რამდენიმე დამოუკიდებელ ტექსტადაც კი გაიშლებოდა. ბოლოს, ეს კი ჩემით ვიფიქრე, რომ თუ პანდემიის პირობებში შტატებში დაბრუნება მომენატრა, დიდი ამერიკული საგა მშვენიერი გამოსავალი იქნება.

მართალია, სულ ოციოდე გვერდის წაკითხვა მოვასწარი, მაგრამ, ამჯერად, სავსებით უსინდისოდ შემიძლია გირჩიოთ კვლავაც წაუკითხავი „შესწორებების“ წაკითხვა, რადგან მისით გაცრუებული იმედი ჯერ არ შემხვედრია.

 

ვარდო - ფსიქოპათი

ნიკა ვარდიაშვილი – ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“

წიგნები იმ უჩვეულო ადამიანებს მოგვაგონებენ, რომლებსაც ყოველთვის ვერ ვემეგობრებით. კი, სულ გვახსოვს, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ დრო და ენერგია არ გვყოფნის ხოლმე. ასეთ წიგნებს ვიღებთ და ვინახავთ, ვაძველებთ, ვუფრთხილდებით და თან წიგნსაც ხომ გააჩნია… ყოველთვის ვერც წიგნები გვემეგობრებიან ადამიანებს

ამის გააზრების შემდეგ მოხდა მათი პირობითი დიფერენცირებაცშემოდგომის წიგნები, ახალი წლის დღეების წიგნები, ერთ დღეში წასაკითხი წიგნები, მატარებლის წიგნები და .. ალბათ გაიკვირვებდით, ყველაზე მთავარი რატომ გამორჩაო და პასუხსაც გაგცემთ, იმიტომ რომ მჯერაყველას ყველაზე მეტად სწორედ ზაფხულის წიგნები უყვარს და, უბრალოდ, ერთ წინადადებაში ვერ მოვიხსენიებდი. ზემოთაც ამაზე ვლაპარაკობდი: თუ წიგნს ვუფრთხილდებით, ვინახავთ, ვაძველებთ და თან იმასაც ვხვდებით, რომ ყოველდღე ვერ შევეჭიდებით, ესე იგი, ის დიდი წიგნების წარმომადგენელია და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოცულობითი სიდიდე იქნება, თუ ის მოსალოდნელი სილამაზე, შიგნით რომ დაგხვდება

ძალიან დიდი ხანი ასეამერიკელ ფსიქოპათსვუფრთხილდებოდი. მასზე ბევრი არაფერი გამეგებოდა, მხოლოდ სათაური და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კრისტიან ბეილის რამდენიმე Gif-. და, მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა დროს წავიკითხე, მაინც ეს წიგნი სხვა არც ერთ სეზონს არ უხდება, ზაფხულის გარდა. ამ წიგნს საკუთარი ტემპერამენტი და ტემპერატურა გააჩნია, ეს უკანასკნელი კი ზუსტადაც რომ ჩვენს ზაფხულისეულ ჰავას ემთხვევა. ვერ ვიტყვი, რომ წიგნი მარტივია, მეტიც, ალბათ, ყველაზე ძნელიც კია მათ შორის, რაც წამიკითხავს, ყველაზე ფსიქოლოგიურიდა ეს სიმძიმე ქმნის ამ წიგნს საზაფხულოობას. ზაფხულის მშვიდმა და განსატვირთმა დღეებმა უნდა დააბალნსოს პატრიკ ბეიტმენის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელსაც ასე გამალებით გვიხატავს ავტორი

და რადგან ავტორიც ვახსენე და ვინ იცის, იქნებ ვინმემ არ დამიჯერა, რომამერიკელი ფსიქოპათისაზაფხულო წიგნია, მეტსაც გეტყვით, რომ არათუ ზაფხულში, არამედ ივლისში წასაკითხი წიგნია. და რატომ? იმიტომ, რომ ივლისი ელისს ელის

 

თუ ეს წიგნები შენს სიას ისედაც ამშვენებდნენ, ან მათი წაკითხვა უკვე მოასწარი, შეგიძლია მსოფლიოს ლიტერატურული რუკა გახსნა და გადაწყვიტო, სად გსურს წლევანდელი ზაფხულის გატარება, ან შენს განწყობასა და სურვილებზე სულ რამდენიმე კითხვას უპასუხო და „სულაკაურის გამომცემლობისგან“ ინდივიდუალური რჩევები მიიღო.