საქართველო
დაიბადა 1966 წელს
აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.
ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.
გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.
აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.
რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.
აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).
მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.