Image Alt

„ვა, სოფელო…“ – ზაირა, გიპოვე!

ვა-სოფელო

„ვა, სოფელო…“ – ზაირა, გიპოვე!

ავტორი: ეკა ქევანიშვილი

2011 წელს ზაირა არსენიშვილმა რადიო თავისუფლების დღიურები ჩაწერა. მაშინ მასზე ის ვიცოდი, რომ რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში, არაერთი კინოფილმის სცენარის ავტორი იყო, ვიცოდი, რომ მოთხრობებსაც წერდა. „ვა სოფელო“ არ წამეკითხა და მას მერე ამდენი წელი გავიდა და მხოლოდ ახლა გადავშალე მისი რომანის ახალი გამოცემა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. გადავშალე და მივხვდი, წინ რისი წაკითხვის ბედნიერებაც მელოდა. უკვე შემიძლია გითხრათ, ეს დაუვიწყარი წიგნია და ვისაც ჯერ არ გადაგიშლიათ, გილოცავთ – წინ დიდი სიამოვნება გელით.

მე –  ასე ვარ, ზუსტად ვხვდები: წიგნზე დაწერა ან ეგრევე მომინდება ხოლმე, როცა პირველ გვერდს ჩავამთავრებ, ან ვერასოდეს. ზაირა არსენიშვილის „ვა სოფელო“ ჩემთვის ასეთი ტექსტი აღმოჩნდა – გადაშლისთანავე რომ შემითრია და აღმა-დაღმა მატრიალა. თბილისში ვიყავი და მაინც თელავის ქუჩებში მატარა, 2019 წელი იყო და მე კი საუკუნის წინანდელ ამბებში დავბორიალობდი.

ასეთი წიგნი გამოდგა – პირველივე აბზაცის ჩამთავრებისას ვიგრძენი, სახეზე ღიმილი როგორ გამომესახა – არადა, ამბავი კუბოს მოტანის სცენით იწყება, ულამაზესი ბებია ევასთვის განკუთვნილი, დათოვლილი კუბოს ურმიდან გადმოთრევით და მისი დამხვედრი ბებია რუსუდანით, რომელიც ჩემი ბებიაც გახდა.

და ეს ღიმილი – მწარენარევი, მე მგონი, ბოლო გვერდამდე არ მომშორებია. ტკივილის, იუმორის, სიხარულის, სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის მონაცვლეობა გინარჩუნებს ამ ღიმილს. მაგრამ პირველ რიგში მაინც ის ენა, რომლითაც ზაირა არსენიშვილი ამ თავგადასავალს გვიყვება.

პირველი ემოცია სწორედ მის თხრობას მოაქვს –  ბუნებრივ, ახლობელ ენას, სადღაც რომ ყურიც მოგიკრავს, სადღაც რომ ისევ ლაპარაკობენ ასე ძალდაუტანებლად. აეს მინდოდა თუ მენატრებოდა ქართულ ლიტერატურაში. ენა, რომლითაც ამბავს გიყვებიან. მდიდარი, გატენილი, იშვიათი ნაქარგივით ენა – წყვეტის გარეშე, ჩავარდნების გარეშე. „ნეტა მე ვწერდე ასე“ – ასეთი ენა.

ამ რომანში ბევრი გმირია – მათი ხასიათის და ქცევის ასეთი სიზუსტით დაჭერა დიდი დაკვირვების შედეგი უნდა იყოს, ან მათი ნაწილი უნდა იყო, რომ ეს შეძლო – ყოველ წამს მათ ხედავდე, მათი ხმა გესმოდეს, ყველა წარმოდგენილი გყავდეს და სცენარის სიზუსტით ყვებოდე ამბის განვითარებას.

„ვა სოფელო“ მართლა ისეთი ტექსტია, ფანქარი უნდა გეჭიროს და ლამის ყველა ადგილს მკრთალად ხაზავდე – გადაარჩინო თუ დაიხსომო მეტაფორები, შედარებები, გამონათქვამები, ბუნების აღწერები, ლოცვა თუ წყევლა, რა ვიცი, ყველაფერი!

და რაც ყველაზე მეტად აღმოვაჩინე ჩემთვის – ეს დიალექტი კი არ განგიზიდავს ტექსტისგან, იმას კი არ გაგრძნობინებს, რომ რაღაც ძალიან ლოკალურსა და კუთხურს კითხულობ, პირიქით, ენის სიმდიდრეს გრძნობ – გაქრობის პირას მყოფი ასეთი ენისას. და სხვანაირად ამ ამბავს ვერც მოყვებოდი.

და სიყვარული. უკიდეგანო სიყვარულის აღწერა, გგონია, ეს წიგნიც სულ სიყვარულზე იქნება, მაგრამ კითხულობ, აღებ ყველა ახალ კარს და ხვდები –  ეს წიგნი, პირიქით,  უსიყვარულობაზეა, ღალატზე, დასმენაზე. იქ, სადაც რეპრესიებია, სიყვარული და ადამიანობა აღარ არსებობს, იქ სიყვარულს კლავენ და აქაც ასეა – „ვა სოფელო“ კახეთში ბოლშევიკების დატრიალებულ საქმეებზე გვიყვება,  რეჟიმის აუტანლობაზე, რომელიც ყველას ყველგან მისწვდა. ყველა გაანადგურა.

ეს არდასავიწყებელი ისტორიაა. უფრო სწორედ, კარგად გასახსენებელი და დასაწერი და ამ მხრივ, ზაირა არსენიშვილი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ეს ნაბიჯი გადადგა.

თან, ამ დიდი უბედურების ამბავს ქალები ყვებიან. ბებიები. თამთა მელაშვილმა დაწერა, ეს ბებიების ისტორიააო. ეგრეა! ზუსტია! და თქვენ თუ ჩამომჯდარხართ სოფელში ბებიის ახლოს, როცა ის საოჯახო საქმეებს იყო შებმული, და ძველი ამბების გახსენება გითხოვიათ? მე კი. მახსოვს, ბებიაჩემი როგორ ყვებოდა მამამისი როგორ გააკულაკეს. მაგრამ მაშინ ეს ამბავი დიდად არ მაინტერესებდა და მერე ბებიაჩემიც მალევე გარდაიცვალა, ისე რომ, მის დაუმთავრებელ ამბავს ახლა ძველ ჩანაწერებში დავეძებ – ზაირა არსენიშვილს კი როგორ გადაურჩენია. შემშურდა!

„ვა სოფელო“ დაუფასებელი რომანია. და ცოტა დავიწყებულიც, მისმა პირველმა გამოცემამ რაღაცნაირად ჩუმად ჩაიარა და ახლა, მგონია, ახალი სიცოცხლე უნდა იპოვოს. არა უშავს, აქვს ხოლმე წიგნებს ასეთი ბედი. აუცილებლად აღმოაჩენენ.

600 გვერდს გავცდი და ზუსტად ვიცი, არასოდეს დამავიწყდება არც ლამაზი ევა, არც მისი გადასახლებული მამა, მშრომელი მაწია; არც სპირიდონას ხელით მოკლული ევას გიო, არც მამა ლუკა და არც რუსუდანი, არც ევას და მაკას გაშლილი კარტი, არც მარო, არც არჩილი, არც. არც, არც…

და. რა თქმა უნდა, თავად მთხრობელი. ამ ამბის მონაწილე და მთავარი გმირი.

„ვა სოფელო“ ჩემთვის ჯადოსნური სათვალეა, რომლითაც საშინლად საინტერესო დიაფილმს ვუყურებ.

ასეთი წიგნია. თავბრუდამხვევი და უსასტიკესად ნამდვილი.

ზაირა, ბოდიში, რომ აქამდე ასე კარგად არ გიცნობდი.