Image Alt

სულით მლოცველი

სულით მლოცველი

კურსივით ნაბეჭდი უშუალოდ რომანიდან ამოღებული ფრაზებია.

ფაზისში მაშინაც წვიმდა, როცა აქ პირველი არგონავტები ჩამოვიდნენ (87). ეს წინადადება, წინადადება-ფრაზა ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის, „სწრაფი, ღამისიერის“ მე-11 თავის სათაურია; წიგნისა, რომლის შინთქმული მარაგიც ყოველი ფურცლიდან გვახვედრებს, რომ განმხოლოებულის ხელით უნდა იყოს დაწერილი… თან მრავლობის „საკუთარ თავში“ შემკრების.

იყო განმხოლოებული, ნიშნავს, ცხოვრობდე (არ)ყოფნის ქარს მინდობილი, ძიებასა და განახლებაში, გარდასახვებსა და მონატრებაში. ასეთნაირად მცხოვრები პირობითობების წყვდიადში მოსიარულეა, მათ სიღრმეებში ჩაკარგული ჭეშმარიტებების აღმომჩენია, მათი (ჯერ ყოველთვის) გამშინაურებელი და შემდეგ უკვე სხვისთვის გამზიარებელია. ასეთისთვის სიგარეტის ბოლს ჰგავს სინამდვილე, თითქოს ძილისშორისში…(12); ყველაფერი ზმანებისეულია, ყველაფერი აჩრდილისეულია. ყველა და ყველაფერი, გარდა იმ ერთისა, ვისი ყოფნაც თვითონ წიგნის წერას, დაცალკევებული სიტყვების ერთმანეთთან კვლავ შეკავშირებას ხდის შესაძლებელს, ვისი ახლოობაც უსასრულო მადლიერების წყაროს ბადებს სულში, ვისთან გაზიარებულობაშიც „შენ“ ისწავლება.

მრავლობის „საკუთარ თავში“ შემკრებმა იცის, რომ სიცოცხლის უანგარო სიყვარული თავის თავში მოიცავს სიკვდილისთვის მზადყოფნასაც (49). მონაცვლეობათა სტიქიურობაში მცხოვრებისთვის ყველა შესაძლებელი ინტუიციიდან უახლობლესიც ისაა, რომ ურთიერთდაპირისპირებულები მანამდე რჩებიან ერთმანეთის გამომრიცხველებად, სანამ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მოელვარე წამის შუაგულში არ გამოცდი ყოველივეს ერთში მონაწილეობას, ერთისთვის მიკუთვნებულობას. დაუსრულებელ ხელგაწვდენილობაში მიგნებული არსებობა, რომელიც ახლა უკვე წართმეული დროის დაბრუნებისთვის იბრძვის, იმ ხალხის გაცოცხლებას ესწრაფვის, რომელიც დღევანდელობას ყოველთვის უკვე აკლია. ადამიანური მდგომარეობისთვის ამ უჩვეულო განსაზღვრულობის გამოა, რომ იგი ყველაფერ სხვამდე დროთა შემმეცნებელია, დროთა მიუვალობაში ცნობის გარეშე დარჩენილის მაუწყებელია.

ფაზისში მაშინაც წვიმდა, როცა აქ პირველი არგონავტები ჩამოვიდნენ.

ერთადერთი, რასაც „სწრაფი, ღამისიერი“ მკითხველს ნაგულისხმევი აუცილებლობით სთხოვს, ამ წინადადების გაჩვეულებრივებაა, მისი გამოუგონებლობის დაჯერებაა. ბიოგრაფიული მეხსიერების „არსაიდან“ ამონათებული ტრანსცენდენტალური მეხსიერების სხივი, რომლისთვისაც ყველაზე მიუწვდომელი, ყველაზე შორეულიც კი სახიერდება. წმინდა პირობითობის ჰაერი, რომელსაც ყოველი სასწაული, როგორც არსწრებული დროის ახლაში შემომტანი, მთელი თავისი არსებით სუნთქავს. „სწრაფი, ღამისიერი“ ასეთი გაელვება-ფრაზების წიგნია; ფრაზების, რომლებიც საკუთარ თავში დაკარგული დროის მიერ მოგვრილ უსაზღვრო ტკივილს იტევს; იმ დროის, რომელიც, მართალია, არავის ეკუთვნის ცალკეულობაში, ვინაიდან ისტორიამდელია, ცნებამდელია, და მაინც, შესაძლებლად ყოველი ჩვენგანისაა.

(არ)ყოფნის სინამდვილე თუ უკანმოუხედავად ქრება და თუ არსებული მისსავე მთლიანობაში მხოლოდ ციფრული მანქანების მონტაჟია, მაშინ ერთადერთი,ს რაც ამ სისტემით მოპყრობილს რჩება, დავიწყების ზღვად ქცევაა; იმ ზღვად, რომელზეც ნიცშე ლაპარაკობდა, ზღვა, რომელიც ბინძურ ნაკადებს იერთებს და თვითონ არ იბილწება.

ალბათ ესაა არსებობის ყველაზე სწორი ფორმა: როცა ყველაფერს გრძნობ, მაგრამ არაფერს აგროვებ. არც ეგო, არც პირადი ისტორია, არც სტენკა სახლში – მხოლოდ შეგრძნებების და ხილვების კასკადი, რომელიც მიედინება. (164)