Image Alt

„საქართველოს სახელით“ – მაშო სამადაშვილის რეცენზია

„საქართველოს სახელით“ – მაშო სამადაშვილის რეცენზია

„საქართველოს სახელით“ არის მისი ავტორის საუკეთესო და დღეს ძალიან აქტუალური ტექსტი. მე, რომელიც თითქმის 20 წელია ერთგულად ვკითხულობ ლაშა ბუღაძის ყველა ახალ ტექსტს და რომლისგანაც ლაშას კრიტიკაც არაერთხელ შეხვედრია, ახლა სრულიად აღფრთოვანებული ვარ. ამ ტექსტის ბოლო გვერდები იმ დღეებში წავიკითხე, როცა არაფრის ხალისი არ მქონდა და ის ერთგვარ თავშესაფრადაც მექცა. ეს ერთი შეხედვით დიდი და დრამატული მოვლენებით სავსე წიგნი, რომელიც 1980-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე საქართველოს ყოველდღიურობას – თვითმფრინავის ბიჭების ამბავს, ხელმოწერების შეგროვებასა და უკან წაღებას, საბჭოთა კავშირის დაშლას, რომელიც მის მოქალაქეებს გამოეპარათ, პოლიტიკურ ასპარეზზე ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის გამოჩენას, სამოქალაქო ომს, მხედრიონსა და სხვა მრავალს აღწერს, ამ მოვლენებს წარმოაჩენს არა ზედაპირულად და მშრალად, არამედ მრავალშრიანად, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ განზომილებებში, დოკუმენტური და მხატვრული ლიტერატურის მიჯნაზე. ისევე როგორც ყველა კარგი ნაწარმოები, ეს წიგნი უჩვეულო იმედითაა სავსე, იმედით, რომ მიუხედავად ყველა კოლექტიური თუ ინდივიდუალური ტრავმისა, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გადაიტანეს, ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, იმედი არ დაგვიკარგავს და დიდი და პატარა გამარჯვებები მუდამ ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყო.

ეს ფორმის თვალსაზრისით რთული და პრეტენზიული ტექსტი, საკუთარ თავზე ლაპარაკით მოჰყვე სამშობლოზე და პირიქით, ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო, თუმცა ლაშა არაჩვეულებრივად ახერხებს არა მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება ჩაახედოს სარკეში, არამედ იმასაც, რომ თვითონ იყოს გულწრფელი და გაბედული პროტაგონისტი და არა თავისი სამწერლო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი (და გაქცევის უებარი წამალი) იუმორით, არამედ თვალსაჩინო რეალისტურობით, დეტალებზე კონცენტრირებით და მისი შედეგით – თვითდეკონსტრუქციით, მკითხველს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის უახლეს წარსულში გარკვევაში ეხმარება, არამედ ღრმად აფიქრებს მას ადამიანის არსის, მისი შიშების, სურვილების, მისწრაფებების და ზრახვების ბუნების შესახებ. აქ თავს იყრის ავტორის არამხოლოდ როგორც მოქალაქის (ბავშვობიდან მოზარდობამდე), არამედ როგორც ადამიანის ფორმირების განუყოფელი პროცესები და სწორედ მათ აღწერაში იკვეთება ამ ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა – ბავშვობის გარეშე ჩამოყალიბებული ადამიანი; ბავშვი, რომელიც არასდროს ყოფილა პატარა; ბავშვი, რომელსაც ბავშვობა არ ჰქონია და შესაბამისად, მუდმივად საკუთარი თავის ზრდასრულად აღქმისა და უკან, უპასუხისმგებლო დროში დაბრუნების მცდელობის რთულ ჭიდილშია.

ეს ძალიან გამოცდილი, მრავლისმნახველი მწერლის ტექსტია, რომელმაც ზუსტად იცის როგორ აწარმოოს დიალოგი თავის მკითხველთან, რომელიც წარსული იმედგაცრუებებით დაღლილა და ხშირად ვერც აწმყოში ცხოვრებას ახერხებს და მითუმეტეს ვერც ნათელ მომავალს ხედავს, თუმცა სწორედ აქ იჩენს თავს ლაშას დიდი სამწერლო ოსტატობა – ისეთი ცნობისმოყვარეობით და ფილიგრანულობით აღწეროს ის, რაც წესით ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ (თუმცა სინამდვილეში მხოლოდ მითებად და ლეგენდებადაა ჩვენს თავში დალექილი), რომ შეუძლებლად აქცევს მკითხველისთვის ტექსტისგან მოწყვეტას, შეუძლებლად აქცევს ამ მტკივნეული თვითრეფლექსიისგან თავის დაღწევას, თუმცა წიგნის ბოლოს მას კურნავს კიდეც.