Image Alt

„ქვიშის წიგნი“, ფანტაზიის ახალი საზღვრების გახსნა, – როცა ცნობისმოყვარეობა დაბადების წინაპირობაა

„ქვიშის წიგნი“, ფანტაზიის ახალი საზღვრების გახსნა, – როცა ცნობისმოყვარეობა დაბადების წინაპირობაა

მათე წიკლაური

ეს იმიტომ, რომ თვითონ ქვიშა იწოვს ძალზე ბევრ ნისლს…

კობო აბე, „ქალი ქვიშაში“

გაბრიელ გარსია მარკესს, კარლოს ფუენტესს, ხოსე დონოსოსა და მარიო ვარგას ლიოსასყველა მათგანს აქვს გაცნობიერებული ის ვალი, რომელიც ბორხესისა მართებთ. „ერთადერთი რამ, რაც ბუენოს აიერსში თან წამოვიღე, ბორხესისსრული კრებულია“ – თქვა ერთხელ გაბრიელ გარსია მარკესმა – „მუდამ თან დავატარებ; ვაპირებ, რომ ყოველდღე ვიკითხო, რაც შეეხება თავად ავტორს, მე მას ვერ ვიტან.”

ჯონ მაქსველ კუტზ, ბორხესირჩეული თხზულებები

1961 წელს მსოფლიოს ექვსი წამყვანი გამომცემლობის დირექტორი ბალეარის კუნძულებზე შეიკრიბა, რათა ახალი ლიტერატურული პრემიის დაწესებაზე ემსჯელათ, მათი სურვილი იმ ავტორთა გამორჩევაიყო, რომლებიც მკვეთრად ცვლიდნენ მსოფლიოს ლიტერატურულ ლანდშაფტს. ახალი ლიტერატურულიპრემიის დაარსების მიზანი ნობელის პრემიასთან გაჯიბრება იყო.  გამომცემელთა პირველისაერთაშორისო პრემია (ასევე ცნობილი, როგორც Prix Formentor) სემუელ ბეკეტსა და ხორხე ლუის ბორხესს ერგო. როგორც ვიცით, ბორხესს ნობელის პრემია არ აუღია, როგორც მისი გულშემატკივრები ამტკიცებენ, პოლიტიკურ შეხედულებათა გამო.

მსოფლიოს ლიტერატურული ლანდშაფტის ცვლილებაში ბორხესის შეტანილ წვლილზე საუბრისას, ვფიქრობ, გვერდს ვერ ავუვლით მის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობების კრებულს, რომელსაც მკითხველი „ქვიშის წიგნის“ სახელით იცნობს.

 „ქვიშის წიგნი“ პატარ-პატარა მოთხრობების კრებულია, რომელიც ავტორის ორეულთან შეხვედრაზე, ბედისწერაზე, სიყვარულზე, სხვადასხვა ეთიკურ პრინციპსა და ამ თემების მიღმა გაცოცხლებულ ძალიან თავისებურ, საინტერესო პერსონაჟებზე მოგვითხრობს. კრებული პირველად 1975 წელს გამოიცა და მას ბორხესი თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა.

კრებულში არსებულ მოთხრობებს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – თითოეული მათგანი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია და მკითხველმა რეალურსა თუ ჯადოსნურ სამყაროში თავად ავტორი უნდა დაინახოს. ალბათ, შემთხვევითი სულაც არაა, რომ „ქვიშის წიგნის“ პირველი მოთხრობა სწორედ ბორხესის ორეულთან შეხვედრაა. ბორხესს ტექსტში alter ego-ს ცნება შემოაქვს და ორი, თითქოს, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟით ერთ მთლიანობას ქმნის. ნაწარმოებში საინტერესოდაა წარმოჩენილი სიბრმავის ფენომენი. – ბორხესის მკითხველისთვის უცხო სულაც არაა, რომ არგენტინელი გენიოსი შემოქმედებაში სიბრმავეს  ძალიან დიდ ადგილს უთმობდა, მოთხრობაში „სხვა“ ის ორეულს, თითქოს, მომავალს უწინასწარმეტყველებს: „ჰო, ჩემს ასაკს რომ მიაღწევ, თითქმის სრულიად წაგერთმევა თვალის ჩინი…“ამ მონაკვეთის მიღმა, ერთი მხრივ, ძალიან დიდი სევდა იმალება, მაგრამ, მეორე მხრივ, ბორხესი ხაზს უსვამს, რომ დიალოგს ორი სხვადასხვა ადამიანი აწარმოებს, რომ ერთ-ერთი მოსაუბრე ჯერ სხვა პიროვნებაა, მაგრამ ბორხესის იდენტურ გზას გაივლის. „ქვიშის წიგნში“ შემავალი ისტორიები, ვფიქრობ, თავიდან ჩახლართულად, ბორხესისეული ლაბირინთებით იწყება, მაგრამ ავტორმა სტილს არც აქ უღალატა – ის ბოლო, დასკვნითი წინადადებით ანთებს შუქს ოთახში და მკითხველის წინაშე ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება.

ბორხესი ძალიან “ცბიერი“ მწერალია და ამიტომაც, შემთხვევითი სულაც არაა, რომ მისი ავტორობით არარსებულ რომანებზე ვხვდებით რეცენზიებს, ვიგებთ ისტორიას კაცზე, რომელმაც დონ კიხოტეს შესახებ გვიამბო, მაგრამ ბორხესთან ეს სერვანტესი არ არის. ავტორის ირონია და ცბიერება ტექსტების ბოლოს მიწერილი არსაიდან მოსული წყაროებითაც ჩანს, („მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“) ბორხესი, ცხადია, შეგნებულად ატყუებს მკითხველს და საკუთარ ფანტაზიაში დაბადებულ ისტორიებს, ხშირად, ამა თუ იმ ბიბლიოთეკასა და სახელმძღვანელოს მიაწერს. „ქვიშის წიგნის“ შემთხვევაში ბორხესმა მკითხველი „დაინდო“ და რამდენიმე მოთხრობის დასაწყისშივე ახსნა, არის თუ არა ყოველივე ეს სინამდვილე. მაგალითად, „ულრიკა“ იწყება ფრაზით: „ამ მოთხრობაში რეალობის ერთგული ვიქნები, ყოველ შემთხვევაში იმ რეალობისა, ჩემს მოგონებებს რომ შემორჩა.“და ამ ფრაზის შემდეგ იწყება სიყვარულის ძალიან ლამაზი, ინტელექტუალური საუბრისა და ქუჩაში სეირნობის მიღმა აღმოცენებული ისტორია, რომელიც მკითხველში სევდასა და კმაყოფილებას ერთდროულად აღძრავს. იგი  თავს ბორხესის ადგილას წარმოიდგენს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თითოეული ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია – ბორხესს სურს, საკუთარი თავი სხვადასხვა მხრიდან დაგვანახოს. ამ მსჯელობას თუ გავყვებით, „უნდრ“-თან მივალთ, რომელიც შემდეგნაირად იწყება: „მინდა, მკითხველი თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ჩემ მიერ აქ მოყვანილ მასალას ამაოდ დაუწყებენ ძებნას ადამ ბრემენელის Libellus-ში.”

კრებულის მეორე ნახევარში შესული  მოთხრობები მისტიკურ, ლეგენდებისა და მითოლოგიისთვის დამახასიათებელ საწყისებს შეიცავს, მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ უფრო მეტ სიცხადეს იძენს. მაგალითად, მოთხრობა „სარკე და ნიღაბი“ მბრძანებლისა და პოეტის ისტორიას მოგვითხრობს. მეფეს მიაჩნია, რომ რაც არ უნდა დიდებული იყოს გამარჯვება, ის ოდესღაც დავიწყებას მიეცემა, თუ მასზე წერილობითი წყაროები არ იარსებებს. სწორედ ამიტომ, ის პოეტს ერთ წელიწადს აძლევს გამარჯვებაზე დასაწერად. ლექსის პირველ ვერსიას მეფე იწონებს და მცირე შენიშვნით იფარგლება, მაგრამ მაინც კმაყოფილია და პოეტს, რომელშიც აუცილებლად ლაკონიური თხრობის ოსტატი ბორხესი უნდა დავინახოთ, ვერცხლის სარკით აჯილდოებს. ნაწარმოები ამით არ მთავრდება, მოკლედ თუ ვიტყვით, მეფე კიდევ ორჯერ მოითხოვს გამარჯვებაზე დაწერას, ერთხელ ოქროს ნიღაბს აჩუქებს ავტორს, ბოლოს კი – ხანჯალს, რასაც პოეტის თვითმკვლელობა და ხელმწიფის ირლანდიის შარაგზებზე უგზო-უკვლოდ ხეტიალი მოსდევს. ბორხესის ნაწარმოებებში  ყველაფერი, რაც არ უნდა მისტიკური იყოს ის, ერთი ხელისგაწვდენაზეა, ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსჯელობისას გავცდეთ სიუჟეტს და ის უფრო ფართო რაკურსით  დავინახოთ. უკანასკნელ ერთსტროფიან ლექსზე პოეტმა თქვა, რომ ეს ისაა, რისი არსიც თავადვე ვერ გაიგო. ხელმწიფე ამ ლექსს, გნებავთ, ამ აქტს მშვენიერებასთან ზიარებას უწოდებს და ამას მიუტევებელ ცოდვად აღიქვამს. ეს არის ნაწარმოები იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ დადის მშვენიერებამდე, უფრო ზუსტად კი ერთ სიტყვამდე მრავალსაუკუნიანი ლიტერატურა. ბორხესისთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის დასტურად კი ისიც კმარა, რომ მოთხრობა „უნდრ“ სწორედ აღნიშნული ხაზის გაგრძელებად გვევლინება.

ვიქრობ, საინტერესო იქნება, თუ კიდევ ერთ,  ცალსახად მისტიკურ ასპექტზე გავაკეთებთ აქცენტს. ხორხე ლუის ბორხესი იგონებს დისკოს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს. ეს ოდინის დისკოა და ერთადერთი რამაა, რასაც მხოლოდ ცალი მხარე გააჩნია. ამ მოთხრობაში ბორხესი საკუთარ თავს დასცინის, ის მასპინძელია, რომელსაც უნიკალური ნივთის ხელში ჩაგდება ფულის სანაცვლოდ სურს, მაგრამ საბოლოოდ პატრონის მოკვლა და მდინარეში გადაგდება უწევს. ნაწარმოები შეიძლება აქ დამთავრებულიყო და ჩვენ ვიტყოდით, რომ ზებუნებრივი სამყარო მიწიერმა, პრიმიტიულმა ბუნებამ შთანთქა, მაგრამ არა… სახლში დაბრუნებული მთავარი პერსონაჟი ვეღარ პოულობს ოდინის დისკოს და მას მერე მთელი ცხოვრებაა დაეძებს. ამ ისტორიაში უდიდესი ცინიზმია, ბორხესი თითქოს ორ სხვადასხვა ტიპის სამყაროს აპირისპირებს.

არგენტინელი კლასიკოსის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ბოროტზე კეთილის გამარჯვებისა „მსოფლიო მზაკვრობების ისტორია“ გახლავთ, მაგრამ ამ მხრივ ვერ ჩამოვწერთ „ქვიშის წიგნსაც“, რადგან ეს კრებული არის ერთგვარი ბიბლია, ადგილი, სადაც იბადება სიყვარული, სევდა, გულწრფელობა, იმარჯვებს კეთილი ძალა და წარმოქმნის ჰუმანიზმს, ჰუმანიზმს, რომელიც ჰარმონიის უმთავრეს წინაპირობად გვევლინება. „ქვიშის წიგნი“ შემზარავია და ეს სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ის პროცესები, რომლებსაც მწერალი შეეხო, შეუძლებელია, რომ მშვიდად, ქაოსისა და ნგრევის გარეშე მიმდინარეობდეს.სამხრეთ-აფრიკელი მწერალი, ჯონ მაქსველ კუტზეე ამბობდა, რომ ბორხესთან ღრმად იგრძნობა გნოსტიციზმი – განცდა იმისა, რომ სრულყოფილი ღმერთი კეთილსა და ბოროტს მიღმაა და რომ იგი სრულიად დაშორებულია ქმნადობის პროცესს. თუმცა ის შიშის განცდა, რომლითაც განმსჭვალულია მისი ნაწარმოებები, ბუნებით უფრო მეტაფიზიკურია, ვიდრე რელიგიური: მას საფუძვლად უდევს მნიშვნელობების სტრუქტურათა ჩამოშლა (ენის ჩათვლით) და წამიერი მინიშნებები იმაზე, რომ „მე“, რომელიც საუბრობს, სულაც არ არსებობს.

მოთხრობა, რომლის სათაურიც კრებულის სათაურადაც იქცა, წიგნში უკანასკნელია. „ქვიშის წიგნი“, უთვალავ გვერდიანი წიგნი, რომელსაც მთავარი გმირი, ვფიქრობ, ისევ თავად ბორხესი, გაურბის, ცდილობს მის დავიწყებას, სადღაც მექსიკის მიყრუებულ ქუჩაზე მალავს, მაგრამ ვერ ივიწყებს, ყოველთვის შიშით გადის ამ პატარა ქუჩას და ებრძვის საკუთარ თავს, მაგრამ ებრძვის, რასაკვირველია, ამაოდ…

ყველა წიგნი წაკითხვის შემდეგ რაღაც განცდას უთუოდ აღძრავს, მკითხველის მისია კი ამ განცდის გამოკვლევა და გათავისებაა. სწორედ ამ პროცესს ვუწოდებთ ჩვენ ნაწარმოების მთავარი არსის გაგებას, რადგან, ეჭვგარეშეა, რომ ტექსტში მთავარია ის, რაც ჩვენში ილექება და ახალ ფიქრებს აღძრავს, მაგრამ ბორხესის კრებული ამ მხრივ გამონაკლისია. ვფიქრობ, აღნიშნული წიგნი ბორხესმა მის საყვარელ თვისებას, ცნობისმოყვარეობას, მიუძღვნა. ცნობისმოყვარეობა, შემეცნება და ფანტაზიის ახალი საზღვრების აღმოჩენა და შემდეგ მათი გახსნა ადამიანის სულიერი დაბადების, სიცოცხლეში ახალი სიცოცხლის გაჩენის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბოლო წამამდე არაფერს ხდიდა ფარდას არგენტინელი გენიოსი. მას მაქსიმალურად მაღლა აჰქონდა ჩვენი ცნობისმოყვარეობა და, ასე ვთქვათ, ავარჯიშებდა მკითხველს ლიტერატურული ბარიერების გადალახვაში. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის არც ერთ მოთხრობაში არ ხდება სამყაროში არაფერი მნიშვნელოვანი იქამდე, სანამ ვინმე დისკოს ან უთვალავ გვერდიან წიგნს არ მოიტანს და როგორც კი ეს ხდება, ჩვენში შემოდის აზრი: „რა არის ამ წიგნში?“, „რა დისკოა ეს?“, „რატომ აჩუქა ხელმწიფემ სამეფო კარის პოეტს ხანჯალი?“ და ასე შემდეგ. პასუხები ამ კითხვებზე არსებობს: იმიტომ, რომ რაღაცა ახლიდან უნდა დაიბადოს, მკითხველიც და პერსონაჟიც… პოეტი იბადება მაშინ, როცა მშვენიერებამდე  ამაღლებული თავს იკლავს, ხოლო მკითხველის გონება ხელახლა ივსება ახალი აზრებითა და წარმოდგენებით, რასაც შემდგომში ახალი ცხოვრების დაწყებას ვარქმევთ.

საუბრის ბოლოს, ისევ კუტზეეს რომ დავუბრუნდეთ. აი, რას წერს ის ბორხესის იმპულსებზე: „ბორხესის მთავარი ტექნიკა შემოქმედებითი იმპულსია, მაგრამ დროთა განმავლობაში მან ეს იმპულსი დაკარგა.“რეალურად, ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ კუტზეს, მართლაც „ქვიშის წიგნი“ ბორხესმა სიბერეში დაწერა და, ალბათ, მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ მას ძველებური სიმსუბუქე აღარ ეტყობა, მაგრამ იმპულსის გაქრობა ბორხესის რეგრესზე კი არა, მისი შემოქმედების განახლებაზე მიუთითებს. ბორხესის ლიტერატურული ტექნიკაზე მსჯელობისას, ალბათ,  უმბერტო ეკოს სიტყვების მოშველიებაც არ  იქნებოდა ინტერესმოკლებული: „ბორხესის შემოქმედებაში მთავარი მისი უნარია, გამოიყენოს ენციკლოპედიის ნაგლეჯები იდეების ახალი მელოდიის შესაქმნელად.“  როდესაც ვსაუბრობთ რაიმეს დაბადებაზე ბორხესთან, სწორედ ამას ვგულისხმობთ, ის ეყრდნობა წარსულში დაწერილ ტექსტებს და ახალ, ყველასგან გამორჩეულ ნაწერს ქმნის. ამდენად, კარგად თუ დავუკვირდებით, „ქვიშის წიგნიც“ არის პატარა ნაკრები სხვადასხვა კულტურებში აღმოცენებული მითოლოგიური თუ ფანტასმაგორიული პასაჟებისა, რომლებიც ახალ ამბავს ძერწავენ, თუნდაც ყოველივე ეს სიცრუიდან იბადებოდეს. მართლაც, ის ხომ მთელი თავისი შემოქმედების განახლების პროცესში გვატყუებდა, გვაბრმავებდა, გვიგონებდა ათასგვარ ხრიკსა და ოინს, მაგრამ იმიტომ, რომ, როცა ცხოვრებისეულ ფათერაკებს თავს დავაღწევთ, უფრო ცხადად შევიგრძნოთ სამყაროს არსი და თავისებურება. საბოლოოდ კი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბორხესმა დაგვანახა ლიტერატურა, როგორც ლაბირინთი და თავადვე შეძლო გამოსასვლელი გზის ჩვენება, – სწორედ ესაა მისი გენიალურობისმიზეზი.