„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ – ზურა ჯიშკარიანის რეცენზია „ვარდის სურნელზე“
ზურა ჯიშკარიანი
ჩემთვის ზაზაზე წერა რთულია, ჯერ ერთი იმის გამო, რომ ის ჩემი კუმირია, მეორე – მე მის შეგირდად ვგრძნობ თავს მწერლობაში, მესამე – არ ვიცი ზაზამ თუ იცის, მაგრამ სწორედ ის დამეხმარა, მწერალი გავმხდარიყავი. წლების წინ იყო ასეთი ინციატივა, რომ დამწყებ და შემდგარ მწერლებს ერთად დაეწერათ რომანი, ზაზასთვის მე არაფერი ვიყავი, მაგრამ რატომღაც ამარჩია და მითხრა, ერთად დავწეროთო. ის ინიციატივა საბოლოოდ ჩაიფუშა, სამაგიეროდ, მე დამრჩა ერთი დაწერილი თავი, რომელიც შემდგომში „საღეჭი განთიადების“ დასაწყისად იქცა, ზაზამ კი პირველად მაგრძნობინა თავი მწერლად, მიუხედავად იმისა, რომ 8 წლიდან ვწერ.
ასეთი კაცია ზაზა – მოულოდნელი.
სარკასტული იმიჯი კი აქვს მორგებული, მაგრამ მის გულში ძალიან ბევრი სიყვარული ინახება. მე ეს ვიცი და ამიტომ კიდევ უფრო რთულია მასზე წერა, მაგრამ ვცდი.
ვინმე დაკვირვებიხართ, როგორ ჰგვანან ერთმანეთს ვიზუალურად მიხეილ ჯავახიშვილი და ზაზა ბურჭულაძე? არა, მართლა. და ეს მსგავსება არ მგონია ჩეულებრივი დამთხვევა. თუ ჯავახიშვილმა ქართული რომანი, როგორც ასეთი, შექმნა, ზაზა ამ რომანისტიკის ის სუპერსტარია, ის კილერია, რომელიც სიტყვებს სიტყვებში ზუსტად აჯენს.
„ბავშვების ჟლეტა სისატიკეა, მაგრამ რამე ხო უნდა ვუქნათ მათ!“ – ამ სიზმრისეული, დაუნდობელი სიტყვებით იწყება „ვარდის სურნელი“ და გიქმნის მთელი დანარჩენი სიუჟეტის განწყობას, როგორც ჟანგის გემო პირში.
„საერთოდაც როცა სხვა არფერი დაგრჩენია, უნდა იყმუვლო“ – იძლევა იქვე პირვანდელი ინსტინქტების ინსტრუქციას მწერალი, რომელმაც იცის კატასტროფის გემო, აკი წერს მარიკაზე, მის პარტნიორსა და წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე: „ჩვენ ერთი კატასტროფის ხალხი ვართ“-ო.
იმასაც წერს: „იყო მის იერში რაღაც ძველი, გადაშენებული ფრინველის“ და მე არ ვიცი, როგორ უნდა გამოხატო სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ ამაზე უფრო პოეტურად.
ზაზამ იცის, რა არის კატასტროფა, როგორც მწერალმაც და როგორც ადამიანმაც (საერთოდ, ის ძველი და საკმაოდ გამოცდილი კაცია, ბევრი ჭირის მნახველი), მის „სიტყვების გამოფენაში“, რომელიც რომანია რომანში, სწორედ რომ კატასტროფის მეტაფიზიკაზეა საუბარი, არა მარტო მეტაფიზიკაზე, არამედ ყოფაზეც, ყოფაზე ფსკერში, ფსკერის იქეთ, სადაც ამ ხალხის სუნსაც გრძნობ და მათ დავიწყებულობას რომელიღაც უზარმაზარ, მარად მშენებარე კორპუსში, თითქოს პლატონოვის „კოტლოვანი“გაცოცხლებულაო. ამ ხალხის კატასტროფულობას თუნდაც ეს ფრაზა მოწმობს: „აქაურობას თავისი ნარკოტიკი აქვს – ვერცხლისწყალი. ატეხავ თავს თერმომეტრს ამპულასავით, იღებ შიგთავსს შპრიცით და იშხაპუნებ ვენაში“.
ამის გარდა, ის ბევრს წერს ბავშვებზე, ცოცხლებზეც და მკვდრებზეც, იმაზე, თუ ეს მკვდარი ბავშვები როგორ ემალებიან მას თავიანთი საფლავების უკან, როცა შებინდებისას სასაფლაოზე მიდის სასეირნოდ. „ნეტა არსებობს ადამიანური სიტყვები, მკვდარ ბავშვთა მიმართ სიყვარულს რომ გამოხატავს?“ მკვდარი ბავშები ხშირად ჩნდებიან რომანში და ქმნიან რაღაც ქსოვილს, რომელშიც ზაზა გამოცდილი ობობასავით აქსოვს მკითხველს, აფიქრებს რა მას იმაზე, რაზეც აქამდე არ უფიქრია. მარტო ის რად ღირს, რომ ამ რომანში გორილას ვარდის სურნელი ასდის. მე თუ მკითხავთ, მარტო ეს რომ ყოფილიყო რომანის სიუჟეტი – მაინც ბომბა იქნებოდა.
მე გავაფანატე „სიტყვების გამოფენაზე“, რომელიც, როგორც გითხარით, რომანია რომანში, ოღონდ ზაზა ამას გვაწვდის ისე თითქოს ეს მილო პოდესვას დაწერილი რომანია, რომელსაც ის კითხულობს, რომანის ბოლოს კი, როცა ზღვარი მის დაწერილსა და სხვის დაწერილს შორის თითქოს ქრება, მარიკა ეკითხება ზაზას: „მიხვდი ბოლოს და ბოლოს? ბოლოს ყველა ხვდება უნდა თუ არა“…
და ეს ფრაზა მთელი რომანის გამოცანაა. რას უნდა მიმხვდარიყო ზაზა? ან რას ხვდება ყველა ბოლოს, უნდა თუ არა მას?
აუცილებლად წაიკითხეთ რომანი და ალბათ თქვენც მიხვდებით მისახვედრს, ან ვერა, მე პირადად ჯერ კიდევ ფიქრებში ვარ: მივხვდი თუ არა?..
და ბოლოს მინდა დავამთავრო ზაზას კიდევ ერთი ციტატით:
„თანახმა ვარ, ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მომკლას მე, ოღონდ, როცა მიპოვით, გაითვალისწინეთ: მე მე არ ვარ“ = )
ამინ. ეს ვარდის სურნელია.