ფიოდორ დოსტოევსკის წინასწარმეტყველება
გივი კიკილაშვილი
„ქვეყნიერების სასჯელად… მთელ ქვეყნიერებაზე მცირეოდენიღა გადარჩნენ, წმინდანნი და რჩეულნი, რომელთა დანიშნულება… განახლება და განწმენდა იყო“,- ეს ზმანება რომანის მთავარ გმირს, რასკოლნიკოვს აღდგომის წინ, დიდმარხვის დღეებში მოევლინა.
ზოგი რამ განმარტებისთვის:
ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881), პეტრაშეველების საიდუმლო რევოლუციური წრის სხვა წევრებთან ერთად 1849 წელს დახვრეტა მიუსაჯეს. ისინი სასიკვდილო ბოძთან თვალებახვეულნი დააყენეს და უკანასკნელ წუთს გამოუცხადეს, რომ დახვრეტა კატორღით შეუცვალეს. ეს სატანჯველი დოსტოევსკის უმძიმეს დაღად დააჩნდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვა – ეპილეფსიით დასნეულდა.
უკვე სნეული, მოგვიანებით დაინტერესებული იყო ამავე სენით შეპყრობილი მუჰამედით, წინასწარმეტყველითა და ისლამის დამფუძნებლით.
აი, რას ამბობს ამის თაობაზე:
„თქვენ, ჯანსაღნი, ვერ წარმოიდგენთ, როგორია ის ბედნიერება, რომელსაც ჩვენ, ეპილეფსიით სნეულნი განვიცდით დაბნედამდე ერთი წამით ადრე. მუჰამედი ყურანში ამბობს, რომ სამოთხე იხილა. ჭკვიანი რეგვენნი დარწმუნებულნი არიან, რომ მუჰამედი ტყუის. არა და არა! იგი სამოთხეში ნამდვილად იყო ბნედის მოვლის ჟამს, რაც სჭირდა ისევე, როგორც მე მჭირს“.
დოსტოევსკი მუჰამედის წინასწარმეტყველურ უნარს ეპილეფსიას უკავშირებს, თუმცა არ ამბობს, რომ ეს უნარი თავადაც ჰქონდა; მუჰამედს თავს არ უტოლებს, მაგრამ ფაქტია, წინასწარმეტყველებანი მთელ მის შემოქმედებას გასდევს.
რომანში „დანაშაული და სასჯელი“ ვკითულობთ:
„რასკოლნიკოვმა დიდმარხვის დღეები აღდგომამდე საავადმყოფოში გაატარა. გამოჯანმრთელებულს მხურვალებისა და ბოდვის დროს მოვლენილი ზმანებანი ახსენდებოდა. ეზმანებოდა, რომ ქვეყნიერებას სასჯელად შემზარავი, გაუგონარი, არნახული ჭირი მოევლინა, აზიის სიღრმიდან დაიძრა და მთელ ევროპას მოედო. ზოგიერთთა, ფრიად მცირედთა, რჩეულთა გარდა, ყველანი უნდა ამოწყვეტილიყვნენ. გამოჩნდა რაღაც ახალი ტრიქონები*, მიკროსკოპული არსებანი, რომელნიც ადამიანებს სხეულში შეუსახლდნენ.
მაგრამ ეს არსებანი თითქოს სულები იყვნენ, გონებისა და ნების მქონენი. ტრიქონაშეყრილნი შმაგდებოდნენ, ჭკუაზე შეშლილებს თავი უჭკვიანესებად, ჭეშმარიტების მწვდომელებად მიაჩნდათ. თავიანთი მსჯავრის, მეცნიერული დასკვნების, ზნეობრივი მრწამსისა და რწმენის საფუძველიანობა ასე ურყევად არასოდეს რწმუნებიათ. მთელი სოფლები, ქალაქები, ხალხები სნეულდებოდა და ჭკუაზე ირყეოდა. გონებაარეულებს ერთმანეთისა არარა გაეგებოდათ, ყველას ეგონა, რომ ჭეშმარიტების მწვდომელი მხოლოდ თვითონ იყო, სხვებს მწუხარედ უყურებდა, მკერდში მუშტებს იცემდა და ტიროდა. არ იცოდნენ, ვინ ან როგორ განესაჯათ, ვერ შეთანხმებულიყვნენ, რა მიეჩნიათ ბოროტებად, რა – სიკეთედ. არ იცოდნენ, ვინ დაედანაშაულებინათ, ვინ გაემართლებინათ. უგონოდ გააფთრებულნი ერთმანეთს ჟლეტდნენ. ერთმანეთთან საომრად არმიებს რაზმავდნენ, მაგრამ უკვე სალაშქროდ მიმავალ არმიათა წყობა მოიშლებოდა, მეომართა რიგები აირეოდა, მეომრები ერთმანეთს დაერეოდნენ, ჩეხავდნენ, ხიშტზე აგებდნენ, კბენდნენ, გლეჯდნენ. ქალაქებში მთელი დღე თავშესაყრელად მომწოდებელი ნაღარის ხმა გაისმოდა, მაგრამ ვინ მოუწოდებდა, ან რისთვის მოუწოდებდა, არავინ უწყოდა და ყველას შეშფოთება ეუფლებოდა. ჩვეულ საქმიანობას ყველამ თავი ანება, რადგან ყოველი მათგანი თავისას გაიძახოდა და ვერ თანხმდებოდნენ. მიწათმოქმედებასაც თავი ანებეს. სადღაც-სადღაც ხალხი თავს მოიყრიდა, რაიმეზე შეთანხმდებოდნენ, დაიფიცავდნენ, რომ სულ ერთად იქნებოდნენ, მაგრამ განზრახული რაც ჰქონდათ, უმალვე მიავიწყდებოდათ, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, მერე ერთიმეორეს დაერეოდნენ და ჟლეტდნენ. ხანძრები გაჩაღდა, შიმშილობა დაიწყო, ყოველივე ნადგურდებოდა. ჭირი სულ უფრო შორსა და შორს მიიწევდა. მთელ ქვეყნიერებაზე მცირეოდენნიღა გადარჩნენ, წმინდანნი და რჩეულნი, რომელთა დანიშნულებაც ახალი კაცობრიობის შექმნა, ახალი ცხოვრების დაწყება, დედამიწის განახლება და განწმენდა იყო. მაგრამ ისინი არავის არსად უნახავს, მათი ხმა, მათი მოწოდება არავის გაუგონია“.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]