Image Alt

პატი სმითი – ანა კორძაია-სამადაშვილის რჩევა

პატი სმითი – ანა კორძაია-სამადაშვილის რჩევა

ნახე, რა ხდება! წიგნის მოქმედება ხდება ნიუ იორკში, იმ დროს, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი, ბევრს ვისმენდი და ძალიან ცოტას ვკითხულობდი, იმიტომ რომ ჩემს ყმაწვილქალობაში ბევრს ვერც წავიკითხავდი – საიდან?! და წავიკითხე და ვიფიქრე: ნახე, რა ხდება!

ეს არის წიგნი სიყვარულზე, პატი სმითი თავის და რობერტ მაპლთორპის დიდი სიყვარულის ამბავს ჰყვება, და როცა ამბავი დამთავრდა და კითხვა დავასრულე, ვიფიქრე: მართლა ასე ყოფილა! მართლა ის ყოფილა, რაც მე მეგონა უპირობო სიყვარული და გასული საუკუნის, ალბათ, ყველაზე მომხიბვლელი, რევოლუციური, მშვენიერი და დიდებული ხანა.

აქ შეხვდებით მათ, ვის წიგნებსაც კითხულობთ, ვის მუსიკასაც უსმენთ, ვისი ლექსებიც ზეპირად იცით. აღმოჩნდებით იქ, სადაც ძალიან გინდათ ყოფნა – ზუსტად ვიცი, ძალიან გინდათ.

პატი სმითი ისევე წერს, როგორც მღერის, და ეს შესანიშნავია. შესანიშნავია, რომ პატის წიგნი მაყაშვილებმა თარგმნეს, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რას ჰყვება პატი. და შესანიშნავია, რომ კითხვისას ყველას, ნებისმიერ მკითხველს ახსენდება, რომ ყველანი, სინამდვილეში, ბავშვები ვართ. უბრალოდ, ბავშვები.