Image Alt

“პატარა ქვეყანა”- რეცენზია

პატარა-ქვეყანა

“პატარა ქვეყანა”- რეცენზია

ავტორი: მაკო ჯანჯიბუხაშვილი

ქართულმა მწერლობამ 90-იანი წლებიდან დაიწყო კლიშეების ნგრევა, რაც, სხვადასხვა ფორმით გამოიხატა, იქნებოდა ეს “საბჭოთა სოციალისტური რეალიზმიდან” მკვეთრად განსხვავებული, აწ უკვე დეიდოლოგიზებული მიმართულებები, რომელშიც თავისუფლების სუნთქვა ისმოდა – იქნებოდა ეს თემატიკა თუ ლექსიკა, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელით “იბრძოდა” ახალი თაობა, რომ მკაცრად მოჩარჩოებულ სამწერლო ენაში ლექსიკის ახალი ნაკადი ჩაეღვარა.

რომანი ერთ-ერთ ასეთ ფაქტსაც აღწერს, კერძოდ, – დათო ბარბაქაძის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას, სადაც იმ დროისთვის ახალგაზრდა და გაბედულმა პოეტმა ნეომოდერნის თუ პოსტმოდერნის ჟანრში დაწერილი მხატვრული ტექსტი სახეში მიახალა “აკადემიურ აუდიტორიას”. რისხვას მწერლის მოკვლა არ მოჰყოლია, მაგრამ შფოთვამ და დრტვინვამ კი შეძრა ჩვენი “თეთრი ტაძრის” კედლები. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა იმ ადამიანთა “გულები გადახსნა”, ვისთვისაც ჭაობად და გუბედ ქცეულიყო, თითქმის, ყველაფერი, რაც სუფრებსა და სადღეგრძელოებში გამოხატულ პატრიოტულ პათოსამდე იყო დაყვანილი.

ეს დამყაყებული ჭაობი უნდა ამომშრალიყო და ვის უნდა ამოეშრო, მწერალთა და ხელოვანთა გარდა. როგორც თავის დროზე ბოლშევიკურმა სახელმწიფომ ამოიყენა მხარში კინო და ლიტერატურა, ისევე უნდა აეღო დიდი მისია იმპერიისგან გამოხსნილი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დეიდოლოგიზაციისთვის მწერლობას და ხელოვნების სხვა დარგებს. სიტყვას უნდა დაენგრია ყველა კერპადქცეული, აწ უკვე ფსევდოფასეულობა, რაკი ისინი თავიანთ მთავარ ფუნქციას – ღირებულებით სტატუსს ვეღარ აკმაყოფილებდნენ და თაროებზე შემოდებულ, მტვერწაყრილ ნივთებს დამსგავსებოდნენ. ანდა გასაკვირი რა იყო – პირველი დიდი დარტყმა ილიამაც ენას მიაყენა, მაღალი შტილით გაქვავებულ ენას, რომელსაც სიცოცხლე და განახლება სჭირდებოდა, მისი ენაც სიბილწედ მოინათლა თავის დროზე,- ენის გაუბრალოებად და შეურაცხყოფად.

ერთი-ორი სიტყვა აქვე მსურს დავუთმო აქ ნახსენებ სიტყვას – “შეურაცხყოფა” – თუ ადრე ამ ლექსიკური ერთეულის შინაარსი თამაშობდა განსაკუთრებულ როლს მთელი უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, რაკი მთელი კოლომიზატორული ეპოქა ამ ნიშნით (შეურაცხყოფის მიყენებებით) ხასიათდებოდა – იქნებოდა სახელმწიფოს გაუქმება, ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ჩამორთმევა, არისტოკრატიის მიწასთან გასწორება, ე.წ. დაბალი სოციალური ფენის გახრწნა-გადაგვარება და ა.შ. იმპერიის დანგრევის შემდეგ ამ სიტყვამ შეიძინა სრულიად საპირისპირო, ამოყირავებული კონოტაცია, რომელსაც დაევალა თუ ჩამოეკიდა მთელი ის კვაზი-ფასეულობები, რომელნიც რეალურის ნაცვლად შემოგვაჩეჩეს ხელთ. ამიტომაც ამ სიტყვის აქტიური გამოყენებით ეცადა და დღემდე ცდილობს თავის გატანას ყველა, ვისაც რიოში მარგალიტების ობოლ მარგალიტებად შემოსაღება განუზრახავს. ორი საუკუნის მანძილზე გადაგვარებულმა ფასეულობათა სისტემამ, უფრო ზუსტად, ამ ფსევდოფასეულობათა დამცველმა ელიტამ ეს სიტყვა ააფრიალა ბაირაღად და ცხვირში გვჩრის დღემდე, როგორც “ახალ აღთქმას” ანდა – სინას მთის იმპერატივებს.