Image Alt

მათე სარალიშვილის „მივიწყებულნი“ – რეცენზია

მივიწყებულნი

მათე სარალიშვილის „მივიწყებულნი“ – რეცენზია

მალხაზ სონღულაშვილი

ეს ნაწარმოები ნამდვილად ახლებური სუნთქვაა ჩვენს მწერლობაში. ახალგაზრდა მწერალი ზღუდემოშლილი გულწრფელობით გველაპარაკება იმ რეალობაზე, რომელსაც არ შეიძლება, რომ თვალი არ გავუსწოროთ.

ნაწარმოების ფაბულა ასეთია: ლუკა მუშაობს ოფისში, საიდანაც ის და მისი ბავშვობის მეგობარი წავლენ ღამის კლუბში და მეორე დღეს სამსახურში აღარ მივლენ. ამ გაცდენის გამო უფროსი ლუკას სამსახურიდან დაითხოვს. ლუკა დათრგუნულია. იმ საღამოს დათვრება და სახლამდე ვერ მიაღწევს – აპირებს, მანქანაში დაიძინოს და ამ დროს მის წინ, ბენზინგასამართ სადგურზე იკრიბებიან ბიჭები და ლუკა სისხლიანი ძალადობის მოწმე ხდება.

ის გარბის და პოლიციას ატყობინებს ამბავს. მერე ცდილობს, დაივიწყოს, მაგრამ, როცა  ტურისტებს ქალაქს ათვალიერებინებს, შემთხვევით დაინახავს იმ მოკლული ბიჭის მამას და გადაწყვეტს, აქციაზე წავიდეს. აქციაზე მას დაიჭერენ და ციხეში აღმოჩნდება. ციხეში ლუკა ხედავს ამ ინსტიტუციისათვის დამახასიათებელ ულმობლობას. მისი მცდელობა, რომ სამართლიანობის მხარეზე იდგეს, წარუმატებლად მთავრდება. მისი მეგობარი, შავკანიანი ჯამალი, ჯერ ფიზიკურ ძალადობას ემსხვერპლება, შემდეგ კი იძულებული ხდება, სიცოცხლეზე თქვას უარი.

ციხიდან გამოსული ლუკა ის აღარ არის, რაც მანამდე იყო. ის სამყაროს უკვე სხვა თვალით უყურებს, მას უკვე კარგად ესმის სამართლიანობის ძალისა და მნიშვნელობის ამბავი. ლუკამ იცის, რომ წარსულს აღარაფერი ეშველება, საათს უკან ვერ დააბრუნებ და წარსულს ვერ შეცვლი.  ის აღმოაჩენს,  რომ წარსულის ხსოვნის შენახვით შესაძლებელია მომავლის შეცვლა და სწორედ ეს არის მთავარი ამ ნაწარმოებში.

რა თქმა უნდა, ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ მისი ფურცლებიდან  გამოსჭვივის ჩვენი ეპოქის ზოგჯერ ულმობელი, ზოგჯერ მოწყვლადი, ზოგჯერ ამაზრზენი, ზოგჯერ საოცრად მომხიბვლელი, ზოგჯერაც სულისშემძვრელი და დამთრგუნველი რეალობის სულისკვეთება.

მკითხველს რჩება  შთაბეჭდილება, რომ ავტორმა რაღაცნაირად შეისრუტა ყველა ის გამოწვევა, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს ცხოვრებაში და ამ ყველაფერს მხატვრულად შეასხა ხორცი.  ნაწარმოებში ერთმანეთს ერკინებიან სოციალური უსამართლობის, რასიზმის, მიზოგინიის, გენდერული უთანასწორობისა და ჰომოფობიის აჩრდილები. ეს არის ავთენტური პორტრეტი არა მარტო ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებისა, არამედ, ზოგადად, კაცობრიობისა.  ამით ეს ნაწარმოები პროდუქტია არა მარტო ლოკალური, არამედ გლობალური გამოწვევებისა.

ეს გამოწვევები ისეა ნაწარმოებში ნაჩვენები, რომ მკითხველს კითხვები ებადება. მაგრამ ავტორი სულაც არ ცდილობს, რომ  მორალისტური, ლეგალისტური ანდა სულაც არტისტული პასუხები მოგვახვიოს თავს. ის ჩვენ გვისვამს ამ კითხვებს და ჩვენს სინდისზე ტოვებს მათზე პასუხების გაცემა-არგაცემის საკითხს.

კარგი ქართულის მოყვარული მკითხველი უსათუოდ ისიამოვნებს ამ წიგნის კითხვით. მე აღმოვაჩინე, რომ მათე, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, ზერელედ არ იცნობს ჩვენს ენას და მის შინაგან დინამიკას. ის შემოქმედებით ფერხულს უმართავს ჩვენს ენას და ცდილობს, მოქნილად და ოსტატურად გადმოსცეს უაღრესად თანამედროვე რეალობის ნიუანსები. ეს კი იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ენა კიდევ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო მოქნილი გახდება დროთა განმავლობაში.