Image Alt

კულტურის შეუძლებლობა

კუნძულის-შესაძლებლობა

კულტურის შეუძლებლობა

ავტორი: მიხეილ იოჰანი

 

სიტყვა „კულტურის“ ალბათ უკვე ათასზე მეტი განმარტება არსებობს; მათგან რაც მომისმენია თუ წამიკითხავს, ყველაზე მეტად მისაღები „ბუნებასთან დაპირისპირება“ არის და როგორც ჩანს მიშელ უელბეკიც ამ აზრზეა. ყოველ შემთხვევაში უკვე მის მე-2 წიგნში (პირველი „რუკა და ტერიტორია“ იყო) ვიგრძენი ასე მკაცრად ბუნების მხარეს ყოფნა.

ჯონ დონი წერს, რომ „არავინ არის კუნძული“, რომ ცალკე გარიყული, იზოლირებული ადამიანი ვერ იფურჩქნება და ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მხოლოდ ამ მარტოობაში იზრდებოდეს სული. მგონია, რომ უელბეკი იმის ილუსტრირებას ცდილობს, თუ რა შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეს კუნძულად ჩამოყალიბებულ ადამიანს; ამიტომაც გვხატავს ერთგვარ ელემენტარულ ნაწილაკებად, „მოლეკულების კომბინაციად“ და კუნძულური ბუნების მონიჭების პარალელურად გვაწვდის განვითრების (მრავალი ინკარნაციის) საკუთარ იდეას, რომელიც სამყაროს ცირკულაციაში ატრიალებს; ამიტომაცაა, რომ პოსტ-აპოკალიპტური დედამიწა თითქმის იდენტურია პრეისტორიული, პირველყოფილი, უკულტურო დედამიწისგან; და ამ დროს გვებადება შეკითხვა – იქნებ ისტორიის ნებისმიერი ეტაპი, უკვე გამეორებული პროცესია და ჩვენ ახლა დედამიწა14-ში ან 6-ში, 9-ში, 18-ში ვიმყოფებით?!

ბუნებასთან დაპირისპირების თემას გავყვები; ამ რომანში, რამდენიმე ეპიზოდის წყალობით, ყველაზე კარგად ჩანს, რომ შეუძლებელია ნებისმიერი სახის განვითარებამ, ტექნოლოგიურმა თუ გონებრივმა წინსვლამ ჩაკლას ის პირველადი სიველურე, რაც ყველას და ყველაფერს თან გვდევს; ესპანეთის მდიდრული სასტუმროები ჯუნგლებით იფარება, სადაც ალაგ-ალაგ პლაზმურ ტელევიზორებს წავაწყდებით; ჩვენი 25-ე ინკარნაცია მარტივად ხვდება თუ რა არის სექსუალური ვნება, ჟინი, აგრესია, მაგრამ ვერ ხვდება სიყვარულის არსს, რამეთუ სიყვარული არა ავთენტური, არამედ შეძენილი და დახვეწილი უნარი ყოფილა (და ალბათ ამის – პირველად ინსტიქტებზე მეტი ძიების – გამო, ეს რომანი უელბეკის შემოქმედებაში შედარებით ნაკლებად არის სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გმირს ორჯერ უყვარს); ფოქსი, რომელიც თბილ და მყუდრო ბინას არ გასცდენია, ტყეში დიდი სიხარულითა და სიამაყით ღადრავს ყელს კურდღელს. და რაც ჩემთვის ყველაზე ეფექტური გამოდგა – მაშინ, როცა ჰუმანოიდის ცხოვრება უკვე იმ ინკარნაციამდე არის მისული, სადაც 21-ე საუკუნე და ძველი საბერძნეთის ხანა, ფაქტობრიავად დედამიწაზე ცხოვრების ერთ ეტაპად ითვლება და სადაც ნეოადამიანს, რომელსაც აქვს უნარი 40 საათი განუწყვეტლივ იაროს ან 60 წელი ლოდინის რეჟიმში იცხოვროს, სადაც მინერალური მარილები ერთადერთი საჭირო რამაა ცხოვრების შესანარჩუნებლად, აი, ასეთ დაპროგრამებულ სიცოცხლეში მაინც იპარება ერთგვარი bug, 1/1000 ბუნებრივი შესაძლებლობა, რომელიც ყოველთვის გადარჩება და იბრძვის თავის ხელახალი გაფურჩქვნისთვის. ამ რომანში ასეთი bug მაშინ ჩნდება, როცა ხედავ, რომ გაუსაძლის სიცხეში მოხეტიალე დანიელ25-ს უჭირს მინერალური მარილის კაფსულის გადაყლაპვა, რადგან პირის ღრუში საჭირო რაოდენობის ნერწყვის სეკრეცია არ ხდება.

„სიბერის ჟამს ჩვენი ძველი ბერძნებისკენ ვიბრუნებთ პირს“ – წერს უელბეკი და მისთვის „კუნძულის შესაძლებლობის“ მთავარ საკითხებს სვამს: თუკი არის კი ვინმე ჩვენს შორის მარადიული ცხოვრების ღირსი და თუ რატომ უნდა შეფასდეს ცივილიზაცია იმით თუ რა ბედს უმზადებს მოხუცებს – მათ ვინც უკვე აღარაა პროდუქტიული, სასარგებლო და სასურველი. ამ რომანში მოხუცი მხოლოდ ადამიანი კი არაა, არამედ ყველა ნივთი, ყველა ინკარნაცია, დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობა. აქ დედამიწაც მოხუცია, იმდენაც მოხუცი, რომ წიგნის ბოლო გვერდებზე გიჩნდება განცდა, თითქოს უკვე მზეც სიკვდილს არის მაიხლოვებული და მალე ყველაფერს დასასრული მოიცავს. ჩვენ კი ამ დასასრულს უბედურები შევხვდებით, რადგან „თუ სამყაროს დავესხმით თავს, ვიძალადებთ მასზე, ეს უკანასკნელი ბოლოს და ბოლოს წელში გატყდება და თავის ჭუჭყიან ფულსაც მოგაფურთხებს, მაგრამ სიხარულს არასდროს გაღირსებს, არასდროს!“. თუმცა კულტურაც ხომ ბუნებრივი მოთხოვნილებაა?!

P.S. კითხვისას, წიგნის სანიშნს კასპარ დავიდ ფრიდრიხის „მოგზაური ღრუბელთა თავზე“ ეხატა, რაც ძალიან კარგი დამთხვევა გამოვიდა. მგონია, რომ დანიელ 1-მა ასეთ ქაოსში (ზოგისთვის სიმშვდიეში) ჩაიკლა თავი. და ალბათ დანიელ25-ის ბედიც ესაა. ბოლო-ბოლო ის ხომ ზღვისკენ მიდის, რომ ერთხელ მაინც იხილოს უკიდეგანო სივრცე?! ყველა ინკარნაციის ბედი ესაა, ყველა ინკარნაცია ამ სივრცისკენ მოძრაობს.