Image Alt

„აუტანელი“ ქალები / აუტანელი კაცები – გუგა მგელაძის რეცენზია

„აუტანელი“ ქალები / აუტანელი კაცები – გუგა მგელაძის რეცენზია

იაკოვოს კამბანელისის და კოსტას მონტისის ბრწყინვალე მთარგმნელი რომ ამავდროულად შესანიშნავი მთხრობელიცაა, ამაში სოფიო შამანიდის ახალი, ორაქტიანი წიგნის ,,აუტანელი“ ქალები/ აუტანელი კაცები კითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუმცა მანამდე უკვე წაკითხული მქონდა კლასიკური ტრადიცია ახალ ბერძნულ მწერლობაში.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომი, რეცენზია, მონოგრაფია თუ სხვა, ისეთივე ვნებითა და აზარტით უნდა იკითხებოდეს, როგორც მხატვრული ლიტერატურა, როგორც რომანი.

სოფიო შამანიდის ახალი კრებულიც სწორედ თხრობის ვნებითაა აღსავსე. წიგნი გვიყვება მედეას, კლიტემნესტრას, ოდისევსის, აგამემნონის, ელენეს, ორესტესის ფსიქოტიპთა ანტიკური და თანამედროვე აღქმების, რეცეფციების შესახებ.

ამ საკმაოდ კომპაქტურ კრებულში ვეებერთელა კულტუროლოგიური გამოცდილებაა მოხელთებული: აკაკი წერეთლიდან ლაშა ბუღაძემდე ან ჰომეროსიდან იაკოვოს კამბანელისამდე…

თამაზ ჭილაძე წერდა ერთგან, რომ კლასიკა მარადიული სიახლეაო. მართლაც, ანტიკური სამყარო ის უნიკალური განზომილებაა, მარადისობის ის უსასრულო მღვიმე თუ კაცობრიობის ვნებების პანოპტიკუმი, რომელშიც ხელშესახებად ფორმამიცემულ ექსპონატებად გარდასახულა ყველა ადამიანური ღირსება თუ ნაკლი, სივერაგე, მრისხანება, სიძულვილი, შური, სხვა სიტყვებით _ დამანგრეველი ვნებების ლავა.

სოფიო შამანიდის ეს შთამბეჭდავი წიგნი სწორედ ანტიკური სამყაროს პერსონაჟთა მარადიულობის კიდევ ერთი დასტურია და ერთ თაროზე ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს რისმაგ გორდეზიანის და ნანა ტონიას წიგნებს.

რეცენზიის ავტორი: გუგა მგელაძე