Image Alt

ბლოგების კონკურსის გამარჯვებული – სალომე ჭიჭინაძე

ბლოგების კონკურსის გამარჯვებული

ბლოგების კონკურსის გამარჯვებული – სალომე ჭიჭინაძე

სალომე ჭიჭინაძე

„თანამედროვე ტრაგედია, კლასიკური ტრაგედიისგან იმით განსხვავდება, რომ „ბრძოლა“ მიმდინარეობს არა ცუდსა და კარგს შორის, სადაც ცუდის დამარცხებასა და კეთილის გამარჯვებას ვიზეიმებდით, არამედ კარგსა და კარგს შორის – რომელმა მხარემაც უნდა მოიგოს, ჩვენ მაინც გულგატეხილები ვრჩებით“. – ეს სიტყვები ერთ კარგ რეჟისორს, ასგარ ფარჰადს ეკუთვნის და თანამედროვე ქართველი ავტორის, ეკატერინე ტოგონიძის ახალ რომანზე საუბარს სწორედ ასე დავიწყებ.

წიგნი „შინ – შენ“ აფხაზეთის ომსა და ომის ტრავმებზეა. ხშირად მიფიქრია ამ ომზე ამგვარ კონტექსტში. რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტს – ამ იმპერიალისტურ ძალადობას – რომ გამოვაცალოთ ყველანაირი პოლიტიკური შინაარსი და ადამიანებს შორის დაპირისპირებად განვიხილოთ, დაგვრჩება ორი წაგებული მხარე, უსამართლო ბრძოლა და დაკარგული, „უსახლკარო“ თაობა. ეს რომანიც უსახლკარობის ტრაგედიაზეა.

ამბის დრამატურგია სიღრმისეულად გვიამბობს ერთი უდიდესი პრობლემის სხვადასხვა მხარესა და შრეზე. სიუჟეტები მრავალკუთხედი ფიგურასავით იკვრება. ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამბებსა და პერსონაჟებს განსხვავებული სახეები, მაგრამ საერთო „წიბოები“ აქვთ. ემოციები ერთმანეთს კვეთს, იხლართება. მცოცავი ოკუპაცია და პირობითი საზღვარი კიდევ უფრო პირობითი ხდება, გაურკვეველია, სად უნდა გაევლოს ხაზი სახლსა და თავშესაფარს შორის, იძულებით გადაადგილებასა და გაქცევას შორის. მკითხველისთვის ამ „საზღვარს“ ავტორი თითქოს უღელტეხილზე ატარებს – ყველა წაქცევაზე, გაყინულ სხეულზე, ჩამქრალ სიცოცხლეზე, ხელში ჩამკვდარ შვილსა და ადამიანურ სისუსტეზე გადის ბეწვის ხიდივით.

და მაინც რას ნიშნავს „სახლი“? კედლებს? გარემოს? ადამიანებს?

რას წარმოადგენს სახლი გაბისთვის – რომანის მძინარე პერსონაჟისთვის? – ამ კითხვაზე ავტორი პასუხს „ხილულად“ სცემს. ჩვენ „კარგად ვხედავთ“, რომ სახლი არა კედლები, ნივთები, ან გარკვეული ტერიტორია, არამედ ადამიანები და მათი ერთობაა. სახლი სიყვარულია.

რომანში აღწერილი ერთმანეთისგან წლებითა და კონტექსტით დაშორებული გაქცევის სამი ეპიზოდი სინამდვილეში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დემნას ორმაგი გაქცევა ერთმანეთის იდენტურია: ბავშვობაში ის ჭურვის აფეთქების ხმაზე გარბის სახლიდან, 27 წლის შემდეგ კი მიწისძვრის გრუხუნზე ტოვებს ბინას უკანმოუხედავად. მისი შვილი, პატარა გაბი, სახლს კი არა უსახლკარობას, ანუ უსიყვარულობის შიშს გაურბის. ბავშვმა ერთ წამში იგრძნო განწირულობისა და უიმედობის ის განცდა, რომელიც გაუსაძლისი აღმოჩნდა და გაქცევა ამჯობინა – დაავადდა გარიყულობის სინდრომით – დათვივით დაიძინა, გადაწყვიტა, გამოეტოვებინა „ზამთარი“ და დაბრუნების არჩევანიც საკუთარი თავისთვის მიეცა. იქნებ გაბის დედისთვის, მსახიობი ნიასთვისაც ერთგვარი გაქცევაა კინო, ხელოვნება, რომელიც მის თავშესაფრად იქცა და სწორედ ამ გაქცევათა ჯაჭვის გაცნობიერებაში დაეხმარა. ნიას მიერ გაგზავნილ ბოლო ხმოვან შეტყობინებაში ის ევედრება შვილს: „გთხოვ, გაიღვიძე. დაბრუნდი. როცა გინდა, მაშინ გაიღვიძე. ოღონდ გაიღვიძე. ოღონდ გაიღვიძე…“. ნია უფლებას აძლევს გაბის, რომ, როგორც ძილი, გაღვიძებაც თავად გადაწყვიტოს. ათავისუფლებს ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ათავისუფლებს ვალდებულებისგანაც, რომ მხოლოდ ნიას ეკუთვნოდეს, მასთან გაახილოს თვალები.

წიგნში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნიას ცალმხრივ „დიალოგს“ გაბისთან, სინამდვილეში კი უფრო საკუთარ თავთან. ნიას მონოლოგები, როგორც პატიების ზეპირი მანიფესტი, როგორც გაბისა და დემნას  დამაკავშირებელი ხიდი, ერთადერთი გზაა, მძინარე შვილის, შეშინებულ პატარა დემნასა და გაქცეულ დიდ დემნას შორის. როგორც ავტორიც ამბობს რომანის წანამძღვარში – „ადამიანები ორად იყოფიან: ომგამოვლილნი და ომგამოუვლელნი. თუმცა მათ შორის არიან სხვებიც, როგორც ომისა და მშვიდობის ბეწვის ხიდები, დროის საქანელები.”

ამ წიგნშიც, ისევე როგორც ცხოვრებაში, ხშირად გვიპყრობს განცდა, რომ ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე ბრუნავს, რომლის ცენტრიც სიბრაზე და წყენაა. ამ გრძნობების გარშემო ტრიალებს დემნასა და მთელ სამყაროზე გაბრაზებული ნია, დემნაზე ნაწყენი გაბი, საკუთარი თავით იმედგაცრუებული დემნა, აფხაზეთზე გაბრაზებული საქართველო, საქართველოზე ნაწყენი აფხაზეთი, თავის თავზე გაბრაზებული „ძაფის გორგლის“ პერსონაჟი ანა… მთელ სამყაროს სიყვარული კი არა, მრისხანება ამოძრავებს და სადღაც აუცილებლად უნდა გატყდეს ნავსი. რადგან უღელტეხილზე არა მხოლოდ ომგამოვლილ ადამიანებს, არამედ ყველას მოგვიკვდა ნახევარი თავი. ჩვენი ნაწილები კი გზააბნეული სულებივით დაბარბაცებენ პირობითი საზღვრის შორიახლოს. თუ არ ვიცით, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, ვერასოდეს გავიგებთ, სად უნდა ვეძებოთ საკუთარი თავი და საით მიგვაქანებს ჩვენივე მომავალი.

და, აი, მოხდა ის, რაც ასე გარდაუვალია გადარჩენის გზაზე – ნიამ აპატია დემნას. აპატია სისუსტე და წარსულის დაღი, რადგან, რომ არა ის პატარა ბიჭი, რომ არა ის პირველი გაქცევა, არ იქნებოდა გადარჩენა და არ იქნებოდა გაბი, ნიას, დემნასა და გაბის ერთობა. პატიება აღმოჩნდა ის გორგალი, რომლის ძაფითაც უღელტეხილის ჯოჯოხეთური ლაბირინთიდან უნდა გამოვიხმოთ ჩვენი წარსული, გამოვიყვანოთ ჩვენივე განადგურებული თავი და შევძლოთ აღდგენა, გაერთიანება.

თუ თანამედროვე ტრაგედია, კლასიკური ტრაგედიისგან განსხვავებით, გვიჩვენებს ბრძოლას არა ცუდსა და კარგს შორის, არამედ კარგსა და კარგს შორის, რომანი „შინ – შენ“ სწორედ ამგვარი დრამის შესანიშნავი მაგალითია – აქ ყველა „კარგია“, ყველას აქვს თავისი სიმართლე. წიგნის ბოლოს კი სულაც არ ვრჩებით გულგატეხილნი, პირიქით, ვგრძნობთ უდიდეს შვებას, საკუთარ თავზე გამარჯვების სიხარულს და მომავლის იმედს.

ავტორმა ხომ თვალსაჩინოდ დაგვანახვა, რომ პატიება არის ერთადერთი გზა ერთმანეთისკენ – სახლისკენ – შინისკენ – შენკენ!