ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წელს თბილისში. საბჭოთა პერიოდის რეპრესიები მის ოჯახს მძიმედ შეეხო: მამა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ამის გამო ჯერ სოხუმში დეიდებთან, შემდეგ კი ჩოხატაურში ბებიასა და ბაბუასთან ცხოვრობდა.
დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, რომანი, სცენარი, ასევე – საბავშვო ლექსები და პოემები. ნოდარ დუმბაძე თანამშრომლობდა ჟურნალთან „ცისკარი“ და კინოსტუდიასთან „ქართულ ფილმი“. 1967-72 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი და შემდგომ საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). მისი მოთხრობები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე.