ირაკლი მაჩიტაძე
ირაკლი მაჩიტაძე დაიბადა 1970 წელს. დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების ავტომატიზაციის სპეციალობით.
1992 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად. 1992 -1995 წლებში იყო ტელეკომპანია „რიონის“ მუსიკალური პროგრამების რედაქტორი და ტელეკომპანია „მეორე არხის“ ჟურნალისტი.
1995 წელს, პარტნიორებთან ერთად დააარსა დასავლეთ საქართველოში პირველი FM რადიოსადგური - „ძველი ქალაქი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. იყო სხვადასხვა ტელე-რადიო გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი.1999 წელს „საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის“ მიერ დაჯილდოვდა საინტერესო მუსიკალური და შემეცნებითი პროგრამების მომზადებისთვის.
1993 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში.
„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ ავტორის სადებიუტო რომანია. რომანის გმირები თანამედროვე, ამბიციური და ავანტიურისტული ბუნების ადამიანები არიან. მედიაში საქმიანობის ოცდაათწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა ავტორს საშუალებას აძლევს, დინამიკური, დამაინტრიგებელი ამბავი შემოგვთავაზოს.