ინდოეთი
არუნდატი როი
დაიბადა 1961 წელს
არუნდატი როი თანამედროვე ინდური ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. წერა 1980-იანი წლებიდან დაიწყო, რაც, ძირითადად, ფილმების სცენარებზე მუშაობით შემოიფარგლებოდა. პარალელურად როიმ პოლიტიკური აქტივისტის სტატუსიც მოირგო და მისი სამწერლო მოღვაწეობაც ამ დროს დაიწყო. არუნდატი როის დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის თემატიკა თანამედროვე მსოფლიოსთვის უაღრესად მწვავეა. სწორედ ამ ფაქტორმა აქცია ის თანამედროვე ლიტერატურული, და არამხოლოდ ლიტერატურული, სცენის მოწინავე ფიგურად.
1997 წელს გამოსული „წვრილმანების ღმერთი“ ავტორის უმთავრესი ნამუშევარია მხატვრულ პროზაში, რამაც ხელი შეუწყო, იმ ფაქტს, როი თანამედროვე მსოფლიო პროზის დიდოსტატად ეღიარებინათ. წიგნმა გამოსვლისთანავე მსოფლიო ყურადღება მიიქცია და ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, „ბუკერიც“ კი მიენიჭა. მისი მეორე რომანი, „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“ 2017 წელს გამოვიდა და 50ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
დღეისათვის არუნდატი როი აქტიურადაა ჩართული ადამიანის უფლებებისა და ბუნების დაცვის კამპანიაში და ამ მხრივ რამდენიმე პროექტსაც ახორციელებს.