ასჯერ მოსმენილს ერთხელ წაკითხული ჯობია
ზაალ სამადაშვილი
ვაჟა – ქართულის რვეულები
ვაჟა ფშაველას ასე დაწერილი ბიოგრაფია მაშინ რომ წამეკითხა, როცა “სტუმარ-მასპინძლის” სწავლას ვიწყებდით სკოლაში, დარწმუნებული ვარ, საშინაოდ დავალებულ თემებსაც უკეთ დავწერდი და საზეპიროებსაც შეუფერხებლად, სხაპა-სხუპით ვიტყოდი დაფასთან გამოძახებისას.
თავად განსაჯეთ, როგორი კრძალვა აღეძრება ცამეტი წლის ონავარ ბიჭს პოემის ავტორის მიმართ, მისი ფათერაკიანი თავგადასავლების შესახებ რომ შეიტყობს. კერძოდ, როგორ იჩხუბა მან ძმასთან ერთად პეტერბურგის საბილიარდოში, არც მეტ, არც ნაკლებ, ოცდაათ კაცთან, ანდა, რა მწარედ დაამახსოვრებინა თავისი მუშტის ძალა თბილისელ, გორელ, თუ თელაველ ქუჩის მოკრივეებს.
დანარჩენი ამბები ამ წიგნისა – როგორ ვერ ჰგუობს საზოგადოება, მისი განათლებული ნაწილის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი, ზემგრძნობიარე, სამყაროს საიდუმლოებების ამომცნობ ადამიანს და როგორი მძიმე, დუხჭირი ცხოვრებისთვის წირავს მას – მერე და მერე წასაკითხები იქნებოდნენ, თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ასაკში, მერე და მერე დასამახსოვრებლები, სულ სხვანაირ კრძალვათა და აღტაცებათა აღმძვრელები…
ყაზბეგი – ქართულის რვეულები
ამ პატარა წიგნში მოყოლილი ამბების ნაწილს თვრამეტი წლის წინ პეკინის ქუჩის “წიგნის სახლში” ვისმენდი ახალგაზრდა მკითხველებთან ერთად, ხუთშაბათობით რომ იკრიბებოდნენ კარგ მწერლებთან შესახვედრად.
მაშინ გიო ახვლედიანს (აკა მორჩილაძეს} გრძელი წვერი არ ჰქონდა, იჯდა მაღალ, უზურგო სკამზე და ფარული მღელვარებით, სევდიანი ჩაღიმებებით ჰყვებოდა მონაკვეთებს ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებიდან, ისეთ ეპიზოდებს, რომლებზეც არაფერი გვსმენოდა მანამდე.
წიგნი მაინც სხვაა, ასჯერ მოსმენილს ერთხელ წაკითხული ჯობია და მჯერა, აუცილებლად შეგძრავთ ტრაგიკული ისტორია “ელგუჯას”, “ხევისბერი გოჩას” და “ელეონორას” ავტორისა, რომელიც სრულიად წარმოუდგენელი ამბით, პატარა სანდროსთვის საჩუქრად აქლემის ყიდვით იწყება და ყველასგან აბუჩად აგდებული და მიტოვებული “ორმოცდახუთი წლის მოხუცის” აღსასრულით მთავრდება., “დაგვირგვინებულით” ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვეული ფარისევლობით – ხალხმრავალი სამგლოვიარო პროცესიით…
ფიროსმანი – ქართულის რვეულები
ორ საკვანძო, ფიროსმანის ხასიათის ამოსაცნობ ფრაზას გადავაწყდი კითხვისას. თავად მხატვრის ნათქვამს, თანაც არაერთხელ – “ეგ ჩემი არ არის”-ო და “პარიზის კაცს”, გამოყენებულს ამ პატარა წიგნის ავტორის მიერ.
პირველი ნიკალას დამოკიდებულებას გამოხატავს იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრება უწევს, ხოლო მეორე ადგილს აღნიშნავს, სადაც ბედის უკუღმართობათა მიუხედავად მხატვრებს უკეთ ეცხოვრებათ…
ხელოვნების მკვლევართა მიერ დაწერილ დიდი ფერმწერების ბიოგრაფიებს, მათი ცხოვრების მწერლებისეული აღწერები მირჩევნია. შრომატევადი და მნიშვნელოვანი საქმეა ფაქტების შეგროვება და აკინძვა, მაგრამ უფრო საინტერესო, ამ ფაქტების მიღმა ისეთი რამეების დანახვაა, რაც ძლიერი წარმოსახვის გარეშე შეუძლებელია. ასეთი წარმოსახვა კი, მოგეხსენებათ ვისაც აქვთ, მთხზველებს, თან ისეთ მაგრებს, როგორიც გიო ახვლედიანი – აკა მორჩილაძეა.