Image Alt

‘ალბათ ესთერი’ – ქეთევან გორდელაძის რეცენზია

‘ალბათ ესთერი’ – ქეთევან გორდელაძის რეცენზია

ბერლინი.

ბომბარდირი

სამუელი

ბლიცკრიგი

გუგლი

ღმერთი

 

  • ,,სჯობდა, რეცენზიის წერა აქედან არ დამეწყო…’’

ნაწარმოები იწყება ქალაქიდან, რომელიც თავის დროზე ორად გაიხლიჩა, შემდეგ თითქოს შეკოწიწდა და დღეს თავისი მშვიდობიანობის ფონზე, ,,მშვიდობასაც ლამის აგრესიულად იცავს’’. ეს ბერლინია. მოცემული გეოგრაფიული გარემოს პროტაგონისტი, თავად მწერალი, კატია პეტროვსკაიაა, თავისი უკრაინული, პოლონური, ებრაული, რუსული ფესვებით და მისი ეს წიგნიც ავტობიოგრაფიულ, მემუარულ სახეს იღებს. კატია გერმანიაში ცხოვრობს,  გერმანულად წერს და, თავის მხრივ, გერმანული ენა ნაწარმოებს გასდევს რუსული ფრონტიდან დანახულ და აღქმულ ენად: მუნჯთა ენა, ,,ნემოი ნემეც’’. კატია გერმანული ენის, პირობითად, ,,გაყალბებითა’’ და მისი არასრული ცოდნით ქმნის ქაოსურ ეფექტს. თითქოს შვიდი თაობის მდუმარება, მისი ოჯახის შეუფასებელი წვლილი ყრუ-მუნჯთა სასწავლებლის დაარსებაში, ათასამდე ყრუ-მუნჯისთვის წერა-კითხვის სწავლაში,  უკვალოდ ქრება, ქრება რუსულ რევოლუციაში, კომუნიზმში, ჰოლოკოსტსა და მსოფლიო ომებში. წიგნში ძალიან ცოტა რამეს ვეცნობით კატიას პირადი ცხოვრებიდან, მაგრამ იგი გვაიძულებს სიტყვა ,,ისტორია’’ ჩვენც ყელში ბურთივით გაგვეჩხიროს და სუნთქვა შეგვიკრას, ამიტომაც ნაწარმოებს მოტივად ისტორიული, ისტორიულ-გეოგრაფიული, ფსიქოლოგიური წარსულის, ფესვების ძიების პროცესი გასდევს.

კატია ვარშავის ექსპრესით პოლონეთში გამგზავრებამდე, ,,ღვთის მიერ დაგუგლულ საერთო მიზნის მქონე თანამგზავრებს’’ შეხვდება, მათ შორის, თეირანელ სამუელს, რომელთანაც საერთო ტკივილის ჯაჭვი აკავშირებს, BOMBARDIER-ის, WAR-ის ემბლემების ფონზე, ომის ტკივილი, ომის, ,,რომელსაც არც არტიკლი აქვს და არც თანმხლები სიტყვა’’, ომის სინდრომი. სამუელიც, ასევე, ებრაელია და  ებრაელობა, ზოგადად, კატიას შემთხვევით ერგო და იგი წერს: ,,ჩვენი ებრაელობა ყრუ-მუნჯი იყო და ყრუ-მუნჯობა -ებრაული’’, მაგრამ ის არ უერთდება ამ ჯაჭვს. მას სურს ილაპარაკოს, გამოიძიოს და გაიგოს. ის ისტორია, რაც ებრაელ ხალხზე ვერ დაიწერა, მუნჯური ზეპირსიტყვიერებით გადმოეცა თაობიდან თაობას, კატიას კი სურს დაკარგული ნაწილაკები დაიბრუნოს, რადგან მას არ სურს იცხოვროს ბედნიერების სიცარიელეში. მას სიმართლეში ცხოვრება უნდა.

ნაწარმოები იმდენად მოცულობითია, რომ კითხვის გზაზე აუცილებლად წავაწყდებით ისეთ ისტორიულ კონტექსტებს, როგორიცაა ,,ბაბი იარი’’ (ლოზნიცას კინოეკრანიზაციის სტილი ძალიან ჰგავს პეტროვსკაიას პროზაულ დოკუმენტალისტიკას), ვარშავის გეტოები, ,,გზა კანიბალიზმიდან ვეგეტარიანელობამდე’’, უკრაინა, რუსეთი და საბჭოეთი თავისი დაუცხრომელი შიმშილით, მოუთოკავი სისხლის წყურვილით და ა.შ.

ამ პროზაულ დოკუმენტალისტიკაში მეტად საინტერესოა სიზმრისა და ბერძნული ტრაგედიების წიაღში დაბადებული ბედისწერის სინთეზი, რომელიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის ავტორის ცხოვრებაში. ეს არის სიზმარი მატარებელზე. მატარებელს არა ერთგან შევხვედრივართ სიმბოლური დატვირთვით, მათ შორის, ,,ანა კარენინასთან’’. კატია პეტროვსკაიას სიზმარი კი საბჭოურია, მატარებლის გასწრება, ქალებისა და ბავშვების ხშირი მიგრაცია გაუსაძლისი პირობების გამო მის კოშმარს დაუსრულებელს ხდის. ეს კოშმარი, კი კატიასთვის მუდმივად განმეორებადია. მატარებელი მისთვის ბედისწერასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის მასშტაბურ ტრაგედიას.

ნაწარმოებში ცეკვა ძალიან მძლავრი ხასიათის მოქმედებაა. მაგალითად, კატიას უსაყვარლესი ბაბუშკა, როზა, ცეკვავდა, ცეკვავდა სისტემაგამოვლილი მსოფლიოს ისტორიის შუაგულში ჭრაქის სინათლეზე. ცეკვავდნენ საბჭოეთის ბავშვები ფეხშიშველნი, სიღარიბის მიერ მოდერნიზმის წახალისების გამოვლინებით. ცეკვავს ავტორიც, ბერლინში, ჰანსთან ერთად, უკვე მშვიდობადამკვიდრებულ ქალაქში, რომელიც მაინც სავსეა პროტესტანტული სულისკვეთებით მშვიდობის დასაცავად.

ალბათ ესთერი, ალბათ მაკაროვნა, ალბათ ბევრნი და ბევრნი ძალიან სევდიანია თავიანთი განუსაზღვრელი, დაუზუსტებელი მნიშვნელობითა და იდენტობით და მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტად ,,ალბათ’’ ბავშვები არიან და ზაზა ბურჭულაძის აღწერილი ბავშვთა გვამები, კატიას მწერლობა ამ ყველაფრის მშვიდობიანი კონტრშეტევაა, რადგან ისტორიას ყოველთვის სჭირდება შევსება, რათა ისუნთქოს და აუცილებლად სჭირდება მომავლის იმედი, რათა წარსულად იქცეს. ისტორიას, ,,perpetum mobile’’ სჭირდება.

მადლობა ქ-ნ მაია ბადრიძეს არაჩვეულებრივი თარგმანისთვის, ჩემგან, როგორც მკითხველისგან, რადგან მომეცა შანსი ჩემს მშობლიურ ენაზე სხვისი მშობლიური ტკივილი მეგრძნო.

 

რეცენზიის ავტორი: ქეთევან გორდელაძე

წიგნის მთარგმნელი: მაია ბადრიძე