Image Alt

ოკეანესთან დაბრუნება

ოკეანესთან დაბრუნება

ავტორი: ნიკა სამუშია

ნილ გეიმანს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ბევრი მკითხველი ჰყავს. მისი ასეთი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ იგი საოცარ ჩახედულობას ავლენს მაგიურ რეალიზმში და იმას, რაც მხოლოდ სიზმარში, კოშმარებსა ან წარმოსახვაში შეიძლება მოხდეს, ოსტატურად უხამებს ცხადს; მის წიგნებში არარეალური ბუნებრივად ერწყმის რეალურს.

ხანდახან მაგიური რეალიზმის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, ფენტეზისაგან გამორჩევა რთულია. ზოგისთვის მათ შორის სხვაობა არ არსებობს. შეიძლება იმისთვის, რომ სრულიად წარმოუდგენელი ამბები დამაჯერებელი მოგვეჩვენოს, უმჯობესია, მათ ბავშვის თვალით შევხედოთ. ნილ გეიმანის წიგნების მთავარი გმირებიც ხშირად ბავშვები არიან. ცოტა ხნის წინ ქართულ ენაზე გამოცემული მისი ერთ-ერთი უახლესი რომანიც, „ოკეანე ქუჩის ბოლოს“, თავად ავტორის თქმით, მისი ბავშვობის მოგონებებს ეფუძნება.

ალბათ ძნელად მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნატრია ბავშვობაში დაბრუნება. „ხშირად ბავშვობის მოგონებები ღრმად, ზემოდან დაშრევებული მოვლენების ქვეშ მარხია, გახუნებული და გაცვეთილი, როგორც ძველი სათამაშოები, რომლებსაც დიდები კარადაში შეჩურთავენ ხოლმე და თავიდან იშორებენ, მაგრამ მათი სამუდამოდ დავიწყება შეუძლებელია“ – ამბობს ამ წიგნის მთავარი გმირი, უსახელო მამაკაცი, როცა მრავალი წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნებული იმ ქუჩაზე გაივლის, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა და ქუჩის ბოლოს ჰემფსტოკების ფერმას მიადგება. ამ ფერმაში წინათ მისი უცნაური მეგობარი ლეთი ჰემფსტოკი ცხოვრობდა, რომელსაც ერთხელ ხელი ჰკრა და ფერმის უკან მდებარე პატარა ტბორში ჩააგდო. თუმცა, არა, ლეთი ჰემფსტოკი ამბობდა, რომ ეს ტბორი კი არა, ოკეანე იყო.

და აი, ასე, უსახელო გმირს ოკეანესთან ერთად სხვა დანარჩენიც ახსენდება და მოგონებებით ბავშვობაში ბრუნდება.

ბავშვობა მაგიური რეალიზმის ხანაა, რადგან ბავშვისთვის (მით უმეტეს 7 წლის ბავშვისთვის – სწორედ ამ ასაკისაა პროტაგონისტი) სამყარო რეალურთან ერთად ზღაპრულიცაა. პატარა პროტაგონისტისთვის, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და მარტო ყოფნა, სულ ერთია, ურჩხულს რისი სახე ექნება – ჯვალოს ტომრისა თუ ადამიანისა.

სწორედ ამიტომ, როცა ბიჭის სახლში მდგმურად მყოფი სამხრეთაფრიკელი მაღაროელის თვითმკვლელობა სოფელში ბოროტ ძალას გამოაღვიძებს, გასაკვირი არაა, რომ გეიმანს ის ბავშვისთვის ყველაზე მყუდრო სივრცეში შეჰყავს და შინამოსამსახურე ქალად წარმოგვიდგენს.

„ურსულა მონკტონი ზრდასრული იყო – ურჩხულის, ალქაჯისა და ხორცშესხმული ავბედითი სიზმრის განსახიერება. ზრდასრული იყო და როდესაც ზრდასრულები ბავშვებს უპირისპირდებიან, ყოველთვის იმარჯვებენ“.

როცა რეალურსა და ზღაპრულს შორის ზღვარი იშლება, ურჩხულის პირისპირ აღმოჩენილ ბიჭს, რომლისაც მის მშობლებსაც კი არ სჯერათ, ჰემფსტოკები შველიან. თუმცა ჩვეულებრივ ფერმერებს ჰგვანან, ბებია, დედა და შვილი ჰემფსტოკები, როგორც თვითონ ამბობენ უხსოვარ დროს ოკეანის გადაღმა მდებარე უძველესი ქვეყნიდან მოვიდნენ. ლეტი ჰემფსტოკი 11 წლის გოგონასავით გამოიყურება, მაგრამ როცა ბიჭი ჰკითხავს, რამდენი ხანია, რაც თერთმეტის ხარო, ის მხოლოდ ეშმაკური ღიმილით პასუხობს; ხოლო ბებია ჰემფსტოკი იმდენად ხნიერია, დიდი აფეთქებაც კი ახსოვს.

„ოკეანე ქუჩის ბოლოს“ არ არის საბავშვო წიგნი, მაგრამ ის არის წიგნი ბავშვსა და ბავშვობაზე. მისი მეშვეობით კვლავ იმ დროში აღმოვჩნდებით, როცა ნამდვილიცა და გამოგონილიც ერთნაირად გვჯეროდა, როცა ჯერ კიდევ გვიზიდავდა უცნობი ბილიკები, განსხვავებით უფროსებისგან, რომლებიც „გატკეპნილ გზაზე დადიან… და კმაყოფილებით თელავენ ერთსა და იმავე სავალს, ასჯერ, თუნდაც ათასჯერ; ერთხელაც არ მოაფიქრდებათ, გვერდზე გადაუხვიონ“.

ამ წიგნის კითხვისას ბავშვური შიშებიც შეგვახსენებენ თავს და დავრწმუნდებით, რომ სინამდვილეში ისინი არსად არ წასულან. რადგან ლეთი ჰემფსტოკის თქმისა არ იყოს, არც ერთი ზრდასრული შინაგანად ზრდასრული არ არის, ყველანი უფროსის სხეულში გამომწყვდეული უმწეო ბავშვები ვართ.

„ოკეანე ქუჩის ბოლოს“ ნილ გეიმანის რომანებს შორის ყველაზე ნოსტალგიური და პირადულია; მის გმირში, რომლის სახელიც ბოლომდე უცნობი რჩება, ნებისმიერს შეუძლია თავისი თავის ამოცნობა. გეიმანი, როგორც მაგიური მეგზური, მრავალჯერ გავლილი გზიდან გადაგვახვევინებს და ქუჩის ბოლოს მდებარე ჩვენს ოკეანესთან მიგვიყვანს.