Image Alt

რომანი, სადაც „მატრიცა“ და ტოლსტოი იკვეთება

Generation-პ

რომანი, სადაც „მატრიცა“ და ტოლსტოი იკვეთება

ავტორი: შოთა იათაშვილი

ვიქტორ პელევინი თავისი იდუმალი ცხოვრების წესისა და ბევრი სხვა ფაქტორის  გამო დღეს უკვე თანამედროვე რუსული ლიტერატურის ნახევრად ლეგენდარული ფიგურაა. ის საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა თავისი მოთხრობებითა თუ  რომანებით და ამ ტექსტებით თანდათანობით ერთგვარ გამყოფ ხაზად იქცა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ლიტერატურას შორის. ანუ აქ საჭიროა, ვიგულისხმოთ არა ის  იდეოლოგიზებული მწერლები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „სოციალისტურ რეალიზმს“ წერდნენ, არამედ, რაც მთავარია, ის კარგი ავტორები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ქმნიდნენ თავისუფალ და მაღალმხატვრულ ლიტერატურას, ისეთები, როგორებიც იყვნენ ანდრეი ბიტოვი, ვალენტინ რასპუტინი, ვლადიმირ მაკანინი, იური ტრიფონოვი, ვიქტორ ასტაფიევი და სხვები. ისინი, ყველანი, განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩეოდნენ, თუმცა  ის აერთიანებდათ, რომ ენის ოსტატები იყვნენ და, ასე ვთქვათ, „კონვენციურ“ პროზას წერდნენ, პელევინის პროზა კი ყოველივე ამისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ეს ესთეტიკური პოლარულობა განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა 1999 წელს, „Generation პ“-ს გამოსვლის შემდეგ. რომანმა მაშინვე მიიქცია ყურადღება და ბესტსელერად იქცა, კრიტიკა კი ორად გაიყო. ბევრი იწუნებდა მის „მდარე ენას“ და მას მასკულტურის ნიმუშად, ეგრეთ წოდებულ „ინტელექტუალურ პოპსად“ თვლიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა ეს „მინუსი“ თავისი ფსევდოეზოთერიზმით, სლოგანურობით და ნარკომანული „ცნობიერების ნაკადით“ შემადგენელი კომპონენტი აღმოჩნდა იმისა, რამაც იგი საკულტო ნაწარმოებად აქცია და რომელშიც მე-20 საუკუნის დასასრულის გარდატეხების ეპოქა სრულიად ახალი მხატვრული ხერხებით ძალიან შთამბეჭდავადაა ნაჩვენები.

ასო „პ“ ნაწარმოების სათაურში პეპსი-კოლას აღნიშნავს, იმ ამერიკულ სასმელს, რომელიც 70-იან წლებში დაპატენტდა და საბჭოთა კავშირში შემოვიდა (კოკა-კოლა მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა, პოსტსაბჭოთა ბაზარზე), თუმცა ზოგი თვლის, რომ „პ“-ში პელევინმა საკუთარი თავიც იგულისხმა და, ასე ვთქვათ, „პელევინის თაობა“ აღწერა. ის ხომ 1962 წელსაა დაბადებული და თავადაც იგულისხმება რომანის პირველ გვერდებზე დახატულ იმ ბავშვებში, რომლებიც „იწვნენ ზაფხულობით ზღვის პირას, თვალმოუშორებლად გასცქეროდნენ უღრუბლო, ცისფერ ჰორიზოტს, სვამდნენ ქალაქ ნოვოროსიისკში შუშის ბოთლებში ჩამოსხმულ თბილ „პეპსი-კოლას“, და ოცნებობდნენ, რომ ოდესმე ეს შორი, აკრძალული სამყარო ზღვის მეორე ნაპირიდან მათ ცხოვრებაშიც შემოაღწევდა“. ამ პირველსავე გვერდებზე ავტორი „პეპსი-კოლას“ იმდროინდელ სატელევიზიო რეკლამაზე იწყებს მსჯელობას, და ეს ერთგვარი ხრიკია თავიდანვე ჩვენს შესაყვანად რომანის მთავარ სამოქმედო სივრცეში – სარეკლამო ბიზნესის სამყაროში. ვიქტორ პელევინი „Generation პ“-ში ყველაფერს: პოლიტიკურ რეალიებს, ახალი იდეოლოგიების დამკვიდრებას, სოციალურ ტრავმებს, ტექნოკრატიულ გარდაქმნებს – ამ ჭრილიდან გვიჩვენებს. ესაა საბჭოთა რეალობიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოქცეული ადამიანებისთვის სრულიად უცხო, არაბუნებრივი და გაუგებარი სივრცე და მათ უწევთ, სასწრაფოდ რამენაირად ალღო აუღონ, მოერგონ მას, ჩაერთონ სრულიად ახალი ტიპის საქმიანობაში. აქ ჩნდება ნარკოტიკებიც, ვინაიდან ფხიზელი გონება ვერანაირად ვერ სწვდება იმას, რასაც სარეკლამო ინდუსტრია მოითხოვს და აკეთებს, ვერ სწვდება მის განსხვავებულ ლოგიკას და თამაშის სასტიკ წესებს.

რომანის მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი, ის კაცია, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლობს და თავის მომავალ საქმედ მთარგმნელობა  დაუსახავს, და უცებ ამოყოფს თავს ამ სამყაროში. ლიტერატურული ჩვევები მას ეხმარება სარეკლამო ტექსტების თხზვაში, თუმცა კი ეს უკვე სულ სხვა სახის „მთარგმნელობაა“. მას ევალება, დასავლური პროდუქცია რუსი მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე ააჟღეროს, რუსულ ახალ ფრთიან გამონათქვამებად თუ კალამბურებად აქციოს ამ პროდუქციის გამორჩეული თვისებები. მთელი რომანი დახუნძლულია ასეთი ნიმუშებით, და ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით ტექსტის გაქართულება ურთულეს სამუშაოს წარმოადგენდა. ის, რომ მთარგმნელი, შოთა იათაშვილი პოეტია, ვფიქრობთ, დადებითად აისახა ნაწარმოების ამ ფაქტორზე. მთარგმნელმა და რედაქტორმა, ანა ჭაბაშვილმა ტექსტს ბევრი განმარტება და კომენტარი დაურთეს, რაც უფროსი თაობის მკითხველისთვის ძირითადად შეიძლება ზედმეტი იყოს, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ფრიად საჭირო იქნება, ვინაიდან რომანი საკმაოდ ინტერტექსტუალურია და მის სწორად წასაკითხად კონტექსტის კარგად გასაგებად განმარტებები მუდამ აუცილებელია. ეს კონტექსტი მარტო საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეს კი არ ეხება, არამედ აღმოსავლურ რელიგიებს და სწავლებებსაც, ვინაიდან, როცა ტატარსკის იპყრობს ფსიქოდელიური საშუალებებით საკუთარ თავზე ექსპერიმენტირების ვნება, რომანში ჩნდება პარალელური სამყარო ძველი ცივილიზაციების  მითოლოგიით და ეზოთერიკით, სპირიტუალიზმით და შამანიზმით… იერარქიულ კიბეზე მისი წინსვლაც პარალელურ სამყაროსთან კონტაქტს და იქიდან ფარული ცოდნის მოპოვებას უკავშირდება. მაგალითად, იგი ერთ უცნაურ მაღაზიაში ყიდულობს პლანშეტს სპირიტისტული სეანსებისათვის და სახლში იძახებს ჩე გევარას სულს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მას უკარნახებს ტექსტ-მანიფესტს სათაურით „იდენტიალიზმი, როგორც დუალიზმის უმაღლესი სტადია“. ესაა ერთგვარი თეორია „ვაუ-იმპულსებისა“, რაც ტატარსკისთვის გასაღები ხდება მარკეტინგული სამყაროს ღრმა და იდუმალ შრეებში შესაღწევად და ბოლოს მის თავში მოსაქცევადაც კი. ამ დინამიკურ წიგნში გამოჩრილი ეს საკმაოდ გრძელი სპირიტისტულ-თეორიული ბოდვა თავიდან შეიძლება მომაბეზრებლად ეჩვენოს ადამიანს, მაგრამ თანდათან ცხადი ხდება, რომ მთელი რომანი ამ „თეორიაზეა“ აწყობილი და მის ერთადერთ გამჭოლ იდეოლოგიას წარმოადგენს.

მიზეზთა გამო ქართველმა მკითხველმა „Generation პ“-ზე ადრე წაიკითხა ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“, რომელიც თავისი ხასიათით საკმაოზე მეტად ჰგავს პელევინის რომანს. „99 ფრანკი“ 2000 წელს დაიბეჭდა, პელევინის რომანის გამოსვლიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ასე რომ, ის ვარაუდები, რომ ბეგბედერის ინსპირაციის წყარო „Generation პ“ იყო, საეჭვო გვგონია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მან იცის პელევინის ეს რომანი, თავის საყვარელ 100 რომანს შორის ასახელებს და ლაპარაკობს კიდეც მასზე. აი, მისი სიტყვები: „ვიქტორ პელევინმა იპოვა თავისი გადაწყვეტა: „ის აღწერს სამყაროს, სადაც ერთი ელემენტი მეორედ ღირს. კამიუ მას აბსურდულს უწოდებდა, ჩვენ ვიფარგლებით ტერმინით „ქაოსი“. პელევინი ქმნის ფანტასმაგორიულ ტრანსსექსუალურ ლიტერატურას, რომელიც შეპყრობილია თვითიდენტიფიკაციის მუდმივი შემოწმებით და მოზელილია ბოდვით ხილვებზე, რომელშიც იკვეთება „მატრიცა“ და ტოლსტოი“.