Image Alt

“მზე, მთვარე და პურის ყანა” – რეცენზია

მზე-მთვარე-და-პურის-ყანა

“მზე, მთვარე და პურის ყანა” – რეცენზია

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

გუშინ ერთი ძალიან უცნაური წიგნი წავიკითხე, თემურ ბაბლუანის წელს გამოცემული, მაგრამ 2015 წელს დაწერილი რომანი “მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)”. ეს არის ნამდვილი სათავგადასავლო (უფრო სორად პიკარ(ესკ)ული) რომანი და ავტორი ამ ჟანრის კარგ და ცუდ კანონებსაც (სწრაფი და სასწაული პერიპეტიების ჩათვლით) იციავს. ისე რომ შთაბეჭდილება გექმნება, რომ XVIII საუკუნის რომანს, რომელიმე ჟილ ბლასს ან კიდევ უფრო ადრინდელ ლასარილიო ტორმესელს კითხულობ. მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ წიგნის კითხვისას ხვდები, რომ ბაბლუანმა – ხელობის თვალსაზრისით – წერა იცის. იცის როგორ დაწეროს წიგნი. როგორ დაწეროს რომანი. როგორ დაწეროს კარგი რომანი. ის თავის ხელობას და მასალას სრულყოფილად ფლობს და თუნდაც ამით მისი რომანი შეუდარებლად ჯობია გატყლარჭული ტყლარწების ფსევდოლიტერატურას ასიწლიწინანდელ თანამედროვეობაზე ძალიან სასაცილო პრეტენზიით.

მეორე იმიტომ, რომ XVII-XVIII საუკუნეში ჩამოყალიბებული ჟანრი (ავანტიურისტული რომანის) ბაბლუანს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში (და საბჭოთა კავშირში გადააქვს) – შესაბამისად უხდება ერთმანეთისათვის სრულიად შეუსაბამო ფორმის და შინაარსის დაკავშირება და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას სრულიად შეგნებულად და გააზრებულად აკეთებს.

ეს ფორმის და შინაარსის სრული აცდენა ძალიან საინტერესო ეფექტებს იძლევა (გმირის ტრადიციული ფიგურის თავდაყირა დაყენება და რაც მთავარია, ამ ჟანრისათვის დამახასიათებელი ფინალის სრული სუბვერსია).

შინაარსს არ დავასფოილერებ, მაგრამ ვიტყვი, რომ მკითხველს კარგი და საინტერესოდ საკითხავი, სრულიად არატრივიალური წიგნი ელოდება. ამ ტიპის სათავგადასავლო ლიტერატურა ჩვენ ფაქტიურად არა გვქონია. ესაა სათავგადასავლო ლიტერატურა, რომელიც გამოვიდა საბავშვო ლიტერატურის ჩრდილიდან და ისევ შემოვიდა “დიდ” ლიტერატურაში, თან ისეთი ადგილები მიანათ-მოანათა, რომელშიც ქართული ლიტერატურის სინათლეს ჯერაც წესიერად არ შეუღწევია. თუნდაც იმიტომ, რომ ბაბლუანი ქართული ლიტერატურის “ნაციონალურ”, განსაკუთრებით “ეთნონაციონალურ” კლიშეებს ამტვრევს.

მიხარია, რომ ქართულ ლიერატურაში სულ უფრო მატულობს ტენდენცია მეინსტრიმიდან გადახვევის და ექსპერიმენტირებისა, თუნდაც ამ ექსპერიმენტს სრულიად განსხვავებული სახე ჰქონდეს, როგორც ზურა ჯიშკარიანს და თემურ ბაბლუანს, მაგრამ ლიტერატურის განვითარებისათვის ეს ავტორები ბევრად უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე კარგად (თვით)გაპიარებული ეპიგონები, რომლებიც აუცილებლად შემორჩებიან ლიტერატურის ისტორიას რუბრიკაში “და სხვები”.