Image Alt

ჟამში გამოტანჯული წუთისოფლისათვის…

ჩემი-წუთისოფელი

ჟამში გამოტანჯული წუთისოფლისათვის…

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

ვახუშტი კოტეტიშვილს შეეძლო თავისიც და სხვების ცხოვრებაც – თავის გარშემო – მარადიულ დღესასწაულად გადაექცია.

ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები, საიდან ჰქონდა ამდენი სასიცოცხლო ენერგია, რომ მისი სახლის კარი მუდმივად ღია ყოფილიყო მიმსვლელ-წამსვლელისთვის, მუდამ ცხოვრების შუაგულში ეტრიალა, ყველას ტკივილი და სადარდელი გაეზიარებინა და იმავდროულად ასეთი შედევრები შეექმნა ორიგინალური შემოქმედებისა თუ მთარგმნელობითი ხელოვნებისა, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ  სრულ სიმარტოვეში, დიდ სულიერ მსხემობაში თუ იწერება.

ერთხელ ერთმა ჩვენმა საერთო მეგობარმა უსაყვედურა: ვახუშტი, რამდენი რამე შეგეძლო კიდევ შეგექმნა, ათასგვარ უსარგებლო საქმეს, ქეიფსა და ხალხის ჟივილ-ხივილს რომ არ გადაჰყოლოდი; რამდენად უფრო მდიდარ მემკვიდრეობას დატოვებდიო.

ვახუშტის ეს სიტყვები ძალიან ეწყინა. რადგან ალბათ თვითონაც მიხვდა, რომ იყო რაღაც ძალიან დიდი ემპირიული სიმართლე ამ ნათქვამში.

თუმცა, როგორც სჩვეოდა, წყენა არაფრით გამოუმჟღავნებია, მაგრამ მერე და მერე, როცა რამდენჯერმე გამიმეორა: რა ვქნა, არა ვარ ის კაცი, დღე და ღამ რომ საწერ მაგიდას მიეჯაჭვება, 24 საათი თანამიმდევრულად იმუშავებს ერთსა და იმავე წიგნზე. ჩემთვის შემოქმედებითი იმპულსია მთავარი: წამიერი გამონათება და იმას ვეჭიდები, ის არის ხოლმე მნიშვნელოვანიო, – მივხვდი, რომ ირიბად იმ ჩვენი მეგობრის ნათქვამს აბათილებდა ამითი, არ უნდოდა, ჩემს მეხსიერებაში  „ზარმაც“ კაცად დარჩენილიყო, კაცად, რომელიც ბოლომდე და დაუნანებლად არ დაიხარჯა თავისი საქმისათვის.

„წიგნებსაც კი შერჩევით ვკითხულობ! არ შემიძლია, განურჩევლად ყველაფერი ვიკითხო ზოგ-ზოგივით. ერთი ნაცნობი მყავს, პარტიის ყრილობების ჩანაწერებსაც რომ მიადგეს, დიდი ინტერესით ჩაიკითხავს ბოლომდე. მე გუნების კაცი ვარ, თუ რაღაცამ მართლა არ ჩამითრია, იმას ხელს ვუშვებ და ვტოვებ: იქამც იყოსო!“ – ესეც მისი ნათქვამია.

შემოქმედებითი ხელხვავიანობა ძალიან პირობითი ცნებაა. ვახუშტი კოტეტიშვილი არასოდეს ყოფილა გრაფომანი. წერდა მხოლოდ იმას და იმდენს, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევდა. თარგმნიდა მხოლოდ იმ პოეტებს, რომლებიც ძალიან უყვარდა. პოეზიის უჩინარი ხლართების უფაქიზესი მცნობელი შინაგანად აღიარებდა მხოლოდ სიტყვის კლასიკურ წესრიგსა და ჯავარს, ამიტომაც შეეძლო გულგრილად ჩაევლო ნებისმიერი ექსპერიმენტისათვის, რადგან ნამდვილი სიახლე სულ სხვაგან, კლასიკურ მემკვიდრეობაში ეგულვოდა. გარდასული ეპოქებიდან, როგორც ზღვათა უფსკრულებიდან მარგალიტი, ისე ამოჰქონდა ნამდვილი შედევრები და ახალი ენის, მისი მშობლიური ქართულის შუქზე სრულიად ახლებურ ფასსა და ელვარებას ანიჭებდა.  ის ცნობდა სულს და სწორედ ამიტომ იყო მისი ხელიდან გამოსული ნებისმიერი თარგმანი განუმეორებლობის ნიშნით აღბეჭდილი. ამიტომაც გადასწონის ვახუშტის თარგმნილი ერთი პატარა რობაი სხვების ტომეულებს, რადგან იმ ერთ პატარა რობაიში ხშირად ამ სალექსო ფორმის ქართული თარგმანის განვითარების მთელი პერსპექტივა იყო ჩაწნეხილი. ყველა თარგმანი მზამზარეულად გთავაზობდა ამა თუ იმ სალექსო ფორმის მთელ ისტორიას. ეს აკადემიური ცოდნა კი არსებითად ეფუძნებოდა სიტყვის გაფაქიზებულ შეგრძნებას, რაზეც ერთხელ თვითონ ვახუშტიმვე მიგვანიშნა თავის შეგირდებს ერთ-ერთი ლექციისას:

-ბავშვებო, აი, „სახე“ და „იერი“ რომ აიღოთ, ხომ ვითომ სინონიმები ბრძანდებიან და კაცმა რომ თქვას, თითქოს და რა მნიშვნელობა აქვს, რომელს გამოიყენებ. მაგრამ არა! სინონიმი ზოგჯერ სრულიად ცვლის არსებით დეტალს და ამიტომაც მათი მექანიკური ჩანაცვლებით დაგეკარგებათ მთავარი ემოცია. მცდარი ემოცია კი სინამდვილის არასწორი აღქმისკენ წაგიყვანთ!

დედამიწაზე ჩამოგდებული მეფესავით იყო, კუთვნილი სამეფოს დაკარგვის შემდეგ გულდაგულ რომ მალავდა საკუთარ წარმომავლობას, ათასგვარ მხიარულ ნიღაბს იფარებდა, ათასგვარ იერს იდებდა, რომ თავისი ნამდვილი სახე დაეფარა. ისე მალავდა ამ ღირსებებს, როგორც კომუნისტურ ეპოქაში მოხვედრილი დიდგვაროვანი, რომელსაც თავსმოხვეული რეჟიმი აიძულებდა ყოფილიყო ყველასნაირი, თორემ ისეთს, როგორიც მართლა ბრძანდებოდა, ვერ აიტანდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, წაშლიდნენ და გააცამტვერებდნენ. და ისიც, მთავარის გადასარჩენად, იძულებული იყო დაეშვა თავისი ცხოვრების ალბათ ერთადერთი კომპრომისი, რომ იმ მთავართან – საკუთარ ნიჭთან და თავის ამქვეყნად მოვლინების დანიშნულებასთან დათმობაზე არასდროს წასულიყო.

ყოველ შემთხვევაში, თავიდან ალბათ თავის გადამალვის ამავე მიზანს ემსახურებოდა თარგმანისათვის ხელის მოკიდებაც, თორემ ვახუშტი კოტეტიშვილის ორიგინალური შემოქმედებაც არაფრით არის იმაზე ნაკლები, რაც მან მთარგმნელობით ხელოვნებაში დაგვიტოვა. უფრო სწორად: ეს მისი ნიჭის უაღრესად ფერადოვანი კალეიდოსკოპის ორი წახნაგია. გააჩნია, ჭოგრიტს რომელ მხარეს მოატრიალებ, ფოკუსს შენ თვითონ რაზე გაასწორებ, რომ  მერე სწორედ ის მხარე გამოგიბრწყინდეს ჯადოსნური ელვარებით.

ბიოგრაფიული რომანის წერა სიცოცხლის ბოლო წლებში წამოიწყო. თავიდან ალბათ, რომანად არც კი ჰქონდა ჩაფიქრებული ის ჩანაწერები, რაც გაზეთ „ქომაგის“ რედაქციამ შესთავაზა თუ შეუკვეთა. თუმცა, მერე და მერე, როგორც სჩვეოდა, ამ გაბნეულ ჩანაწერებშიც თანდათან გამოკვეთა ეპიკური ხაზი და თხრობაც ისე ააწყო, როგორც კლასიკური რომანის წესია.

ვახუშტი მიხვდა, რომ ეს მომავალი წიგნი, რომელსაც შემდგომში „ჩემი წუთისოფელი“ დაარქვა, მისი შემოქმედებითი ენერგიის კიდევ ერთი გამობრწყინებად იქცეოდა. ამიტომაც წერდა ასეთი დიდი ჟინით და გატაცებით, ამიტომ გვიკითხავდა, თავისი შესანიშნავი ჩვეულებისამებრ, დრო და დრო, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ფრაგმენტებს და გულისყურით აკვირდებოდა ჩვენს რეაქციებს. ახლაც ჩამესმის მისი ხმა და ის ნაირგვარი ინტონაცია, ვხედავ ათასი ემოციის შუქდაკრულ მის სახეს, წიგნის კითხვისას მთელ მის არსებას რომ მსჭვალავდა და ანათებდა.

ვის, ვის და თვითონ მას ალბათ ყველაზე უკეთ მოეხსენებოდა, რომ დოკუმენტური პროზა მწერლობის ურთულესი ნაწილია. საკუთარი ცხოვრების აღწერა ადამიანს უამრავ უხერხულობას გიქმნის და  როგორც მუშაითი თოკზე ისე გადიხარ საკუთარ ნაწერზე, რომ ან ფაქტების შეფერადებით ანდა მათი დამალვით აბარბაცებული თავით არ გადაეშვა სიყალბის უფსკრულში.

ამ შემთხვევაში, ისე მძაფრად, როგორც ალბათ არსად სხვაგან, თავს იჩენს ობიექტური, თავისთავადი სინამდვილისა და ამ სინამდვილესთან ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულების პრობლემა.   ისიც, რაც  თ ვ ი თ იყო და  შ ე ნ როგორც გახსოვს აღნიშნული პრობლემის კიდევ ერთი შრეა თუ მხარეა.

მაგრამ ეს პრობლემა, ბიოგრაფიული რომანის წერისას, არსებითად არც წამოჭრილა ვახუშტი კოტეტიშვილის წინაშე, რადგან ამ უაღრესად პოეტური ბუნების ადამიანმა კარგად იცოდა, რომ გამონაგონიც კი ხშირად სინამდვილეზე უფრო დიდი სიმართლეა მაშინ, როცა ის ჩვენი არსებობის უმთავრეს საყრდენებს აყალიბებს. თანაც ადამიანი ყოფაში ყოველთვის რაღაცას უფრო მეტ ყურადღებას აქცევ და რაღაცას უბრალოდ მნიშვნელობას არ ანიჭებ. თავს ისე იჭერ, თითქოს არც არსებობდეს.

ვისაც ვახუშტისთან ურთიერთობა ჰქონია, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მას ერთი არაჩვეულებრივი თვისება გამოარჩევდა: ისე ცხოვრობდა, ისეთ გარემოს ქმნიდა თავის გარშემო, თითქოს ბოროტება არც კი არსებობდა. ეს დამოკიდებულება კი სრულებითაც არ ნიშნავდა ბოროტების კატასტროფული ბუნების გაუაზრებლობას. ეს იყო დეკლარაციული პოზიცია: ყველაფერი, არსებობის ყოველგვარი ნიშატი იმ მნიშვნელობისა და შინაარსისაა, რასაც მას თვითონვე მიანიჭებ.

ეს ცხოვრებისეული დამოკიდებულება აღიბეჭდა ამ შესანიშნავ წიგნშიც. ვახუშტი ისე გვიყვება ამბებს, რომ მათგან მხოლოდ სიკეთე და სინათლე გვეფრქვევა. ბოროტება კი თითქოს მხოლოდ და მხოლოდ მეორეული ფონია, ჩრდილია, რომელიც ამ სინათლესა და სიკეთეს ამოძრავებს.  აქ ბოროტება ჟამია, სიკეთე კი წუთისოფელი და ეს წიგნი არის ჟამში გამოტანჯული, ჟამის ქარტეხილში გამოტარებული წუთისოფლის ამბავი, ერთი ოჯახის ნამდვილი საგა, სადაც რეალური ადამიანები ლამის მითიურ პერსონაჟებად წარმოგვიდგებიან.

ეს ვახუშტი კოტეტიშვილის უაღრესად პირადი მითოსია, წყარო, რომელმაც ბედის ანაბარა დატოვებული ობოლი ბიჭი დიდ ადამიანად ჩამოაყალიბა, ამბები, რომელთაც მას გაბოროტების საშუალება არ მისცეს და ბოროტებაზე სიკეთის განუზომელი უპირატესობა აგრძნობინეს.

ვახუშტის ახლობლებმა ვიცით, რომ „ჩემი წუთისოფელი“ ავტორს ორ ნაწილად ჰქონდა ჩაფიქრებული და პირველი ნაწილის გამოცემის შემდეგ გეგმავდა მეორე ტომისა თუ წიგნის გამოცემას. ვეღარ მოასწრო… არადა, სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა, გაეგრძელებინა. ნეტავ იმ ამბების აღწერისასაც თუ მოახერხებდა ასეთი სიხალასის შენარჩუნებას; იმ ამბებსაც თუ ასეთი სიკეთით აღწერდა, რაც უშუალოდ თვითონ ეხებოდა, რისი მონაწილეც თავადვე გამხდარიყო, რადგან ეს ნაწილი ანუ ეს წიგნი, რაც დარჩა, მაინც წინაპრებს ამბებია, მათი სულის ძალზე მგრძნობიარე და მაღალმხატვრული მოსახსენებელი. ამიტომაც არის უაზრობა შეკითხვის დასმა, რა ასაკში უნდა დაიწყოს ადამიანმა მოგონებების წერა… ნეტავ, ცოტა ადრე დაეწყო, ნეტავ კიდევ უფრო მეტი დაეწერა, რადგან კითხულობ „ჩემს წუთისოფელს“ და წყურვილს ვერ იკლავ: გინდა უსასრულოდ გრძელდებოდეს, გინდა არასოდეს მთავრდებოდეს ეს დღესასწაული. დღესასწაული, რომელიც ვახუშტიმ თავისი ცხოვრებიდან შექმნა და რომელსაც ფესვები ყოფის ჯოჯოხეთში ჰქონდა განტოტვილი.

ამიტომაც არის „ჩემი წუთისოფლის“ ახალი გამოცემა ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი სალიტერატურო ცხოვრებისთვის და მადლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“, რომელმაც იმ თაობას, ვინც უკვე ვახუშტი კოტეტიშვილს ცოცხლად არ მოსწრებია, მისი ხმის გაგონების, მისი უშინაგანესი პორტრეტის ხილვის საშუალება მიანიჭა.