Image Alt

წიგნები

როძინა ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა

15,90 

ეს ის დროა, როცა ზღვით ნაპირდასველებულ და კავკასიის ქედს საშრობად მიფენილ მშობლიურ მხარეს – სტალინმა ერთხელ რომ უწოდა „პატარა ტერიტორია რუსეთის სამხრეთში, რომელიც თავს საქართველოდ მოიხსენიებს“ – აღარ ჰქვია მისი სამშობლო.

უფრო ის დროა, როცა მობერებულ, გულჩათხრობილ ბელადს დამფრთხალ ხელქვეითთაგან საიდუმლოდ ამოუჭრია გულში უკანასკნელი და სამუდამო დარტყმა – მის ფერხთით განფენილი უზარმაზარი მიწები უსასრულო მიწებად იქცეს, მილიონობით მორჩილი კი მილიარდობით მონად გამრავლდეს.

სწორედ ის დროა, როცა საბჭოთა ხალხის სისხლში გამჯდარი უძლეველი მამის სახელი და დიდება კორდილერასაც კი სწვდება, მაგრამ… მთავარი ბრძოლა – ბრძოლა საკუთარ შიშებთან, წაგებული აქვს.

თანამედროვე მკითხველისათვის მივიწყებული ჟამთააღმწერლის ენით მოთხრობილი ბელადის ყავლგასული უძლეველობისა და მისგან „დაკითხვათა და ცემა-ტანჯვით დამდაბლებათა შინა მყოფ“ ყოფილ თანამებრძოლთა „მოკვეთილობის, დაცემისა და გათახსირების“ ამბის დასასრული ერთადერთია – ბელადთან ერთად მოკვდეს დაკანონებული პარანოია მის როძინად წოდებულ იმპერიაში, ამას კი საიდუმლო იარაღი და მრავალნაცადი მკვლელები თუ შეძლებენ.

მარაგში

არტიკული: 9789941375903 კატეგორია:

საქართველო

აკა მორჩილაძე

დაიბადა 1966 წელს

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.

გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.

აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).

მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.