ვერც მოვა
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
გაგრძელებები იშვიათად ამართლებს. ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ამბებს, გაუთავებლად. ერთს წავიწუწუნებთ, არ გაამართლაო, და ვაგრძელებთ. როგორც ჩანს, მაინც ამართლებს.
„მილენიუმის საგას“ საქმეც ასეა. ჯერ სტიგ ლარსონი წერდა – და იყო შესანიშნავი. მერე ეს ავტორი გარდაიცვალა (ეს ამბავი წავიკითხე, თორემ ასეთი უმსგავსობა აზრადაც არ მომივიდოდა!) და მესამე ნაწილი მისმა მეუღლემ, რედაქტორმა, გამომცემელმა და კიდევ ასმა ადამიანმა ერთად დაასრულა, როგორც ამბობენ, თავად ლარსონის დატოვებული ჩანაწერების საფუძველზე. რაც არ ვიცი, არ ვიცი. ურიგო ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, მწერლების ქვრივები, ზოგადად, ცოტა არასანდო ხალხი მგონია.
მერე კი გამოჩნდა დევიდ ლაგერკრანცი. რომელსაც მწერალი და კრიმინალისტი და, საერთოდ, არაჩვეულებრივი კაცი ყოფილა. „მილენიუმის საგას“ გამომცემლობის და მისი წყალობით ისევ შევხვდი ლიზბეთ სალანდერს („გოგონა ობობას ქსელში“), და აი, ავტორთან ერთად – საოცარი ამბავია! – ლიზბეთიც შეიცვალა. ბევრი სხვა რამეც შეიცვალა, მაგრამ ლიზბეთი – განსაკუთრებით.
ამ ახალი წიგნის სათაურია „გოგონა, რომელიც ყველას უხდის სამაგიეროს“. თუკი ჩემსავით სულმოუთქმელად წაიკითხეთ ყველა აქამდე გამოსული ტომი, აუცილებლად იფიქრებთ – ან იმედი გექნებათ; მე ნამდვილად მქონდა, – რომ ლიზბეთი, ბოლოს და ბოლოს, ბოთე მიქაელ ბლუმკვისტსაც გადაუხდის სამაგიეროს, თუნდაც იმისთვის, რომ ბოთეა. სპოილერის სახით გულს მოგიკლავთ და გეტყვით, რომ არა. მეტსაც მოგახსენებთ: ლიზბეთი, რაღაცნაირად, დავარცხნილია. ამის გამო ნაკლებად სიმპათიური არ გამხდარა. ალბათ, გაიზარდა, სხვა თუ არაფერი, დიდი დრო გავიდა უკვე, მაგრამ მე მაინც გული დამწყდა.
სამაგიეროდ, გაიცნობთ მრავალ ახალ არამზადას, თავს ამოყოფთ ქალების ციხის ნამდვილ ჯოჯოხეთში, ერთ სასიყვარულო ამბავსაც ეზიარებით და, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჰაკერების სამყარო… ო, ჰაკერების სამყარო სულ სხვა ამბავია!
წიგნში უხვადაა დევნა, სროლა, ჩხუბი, გამოუვალი მდგომარეობები. თუ დეტექტივების ტრფიალი ბრძანდებით და უკვე იცნობთ ლიზბეთ სალანდერს – ვფიქრობ, სწორედ ასეა, – მაშინ თქმა არ გჭირდებათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცოტას ინერვიულებთ, მაგრამ ისეც არა, რომ კიდევ ერთი გაგრძელება არ წაიკითხოთ.
გაგრძელება კი, ალბათ, იქნება. ვინ გააგრძელებს, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ გაუჭირდება: ნებისმიერი მწერლის განკარგულებაში ისეთი პერსონაჟები არიან, კიდევ არაერთი ამბის წაკითხვას შევძლებთ. კი, ვიწუწუნებთ, როგორც ახლა ვიწუწუნე, „გოგონა, რომელიც ყველას უხდის სამაგიეროს“ პირველ წიგნთან ვერც მოვაო, მაგრამ მაინც წავიკითხავთ. სტიგ ლარსონს ეს „მილენიუმის საგა“ მართლა კარგი პროექტი გამოუვიდა.