ვერაგი „პანი“ მძაფრი განცდების
ავტორი: ნიკოლოზ აგლაძე
„ცეცხლივით წითელი ზეცა, თვალისმომჭრელი მზე, ღამე ჰორიზონტი სინათლით ბრიალებს.“
ეპიგრაფად გამოტანილ ფრაზაში არც ავტორს შეშლია რა, არც მთარგმნელს. ნამდვილადარსებობენ „ზაფხულის დაუბნელებელი დღეები“ და მხარე, სადაც მზე ადამიანთა ცხოვრებას სულ სხვაგარად ანათებს. თბილისური ნოემბრის ბნელ და ცივ ღამეში იმ ჯადოსნურ ადგილებში ჭეშმარიტად „დაუღამებელი“ ტექსტი თუ გამოგზაურებს. წიგნი, რომელშიც „მზიანი ღამე“ და, შესაბამისად, უჟამო ჟამი დგას. ასეთია კნუტ ჰამსუნის „პანი“, სულ ცოტა ხნის წინ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ„ლიტერატურული ოდისეის“ სერიაში რომ დასტამბა.
დიდი ნორვეგიელის, ალბათ, საუკეთესო პერიოდის გამორჩეული ნაწარმოები – „პანი“ – მძაფრი განცდებისა და დამანგრეველი ვნებების სივრცეა. მოქმედების დროისა და პერსონაჟების ასაკის არაერთგზის მინიშნების მიუხედავად, ჰამსუნი განზრახ არღვევს ტექსტის დროით სტრუქტურას და თხრობას მითო-პოეტურ ელფერს სძენს. დრო-სივრცეში გზააბნეული მკითხველი სრულად კარგავს რეალობის შეგრძნებას, მოვლენათა მისთვის ჩვეულ, ლოგიკურ აღქმას და საოცარ მხატვრული სამყაროში იწყებს ცხოვრებას. თითქოს ინგრევა ჩვენთვის ასე დამახასიათებელი, „საღი აზრით“ გამყარებული, მორალით განპირობებული მსოფლაღქმა და მის ადგილს აზროვნების არქაული, მითოლოგიური მოდელი იკავებს.
რომანის ცენტრალური ამბავი, ლეიტენანტ გლანისა და ჩრდილონორვეგიელი ვაჭრის ქალიშვილის, ედვარდას სიყვარული, ავტორის ჯადოსნური კალმის ერთი მოსმით ცალკე სამყაროდ იქცევა, გმირები კი ამ სამყაროს წარმართულ ღვთაებებად გვევლინებიან. პეიზაჟი, ამინდი და წელიწადის დროების ცვლილება, თითქოს დამოკიდებული ხდება გმირების ურთიერთობაზე. გაზაფხულზე ჩასახული ვნება, ზომიერად ცხელი, მაგრამ მშვენიერი პოლარული ზაფხულის ბოლოსკენ მიილევა და ლოგიკურიდასასრული -შემოდგომადგება. მეტიც, რომანის სხვა პერსონაჟების, სუსტი და დაუცველი არსებების, ადამიანებისა თუ ცხოველების სიცოცხლეც კი, ამ სამყაროში, ღმერთების სასიყვარულო თამაშის ნაწილად იქცევა, მის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
ჰამსუნს სურდა შეექმნა ნეორომანტიკული რომანი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა მორალისა და სოციალური პრობლემებისაგან, სადაც მხოლოდ ადამიანებსა თუ ზეადამიანებს, მათ ფსიქოლოგიას, მსოფლაღქმასა და თვითშემეცნებას დაეყრდნობოდა. საჭირო არ არის იმის კიდევ ერთხელ აღნიშვნა, რომ ეს იდეა ავტორმა სრულყოფილად განახორციელა. თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ მან ბევრად მეტი შეძლო. „პანი“ ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში, მუდამ თანამედროვე რომანი, რომელიც ჭეშმარიტი მითივით ზედროულია. ჰამსუნმა აიძულა მკითხველი გაეანალიზებინა სამყაროს შეგრძნებისა და გააზრების უნივერსალური მოდელები. და ეს ყოველივე ისე წარმოგვიდგინა, რომ არც ერთხელ არ გასცდენია გარემოს თავისებურებების, გმირების ქმედებებისა და გრძნობების აღწერას. მან მოახერხა შეექმნა სივრცე, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე ფიქრისკენ გიბიძგებს ისე, რომ მათ არც კი ახსენებს.
„პანი“, არსებითად, შეუძლებელია მოძველდეს, რადგან იქ ასახული პრობლემების აქტუალურობა თავად ადამიანის არსებობითაა განპირობებული. ამდენად, საუკუნეზე მეტი ხნის დაგვიანებით ამ ნაწარმოების ქართულ ენაზე გამოჩენა ჩვენი კულტურისათვის დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ნამდვილი მონაპოვარია, რომლიც მკითხველთათვის უაღრესად საინტერესო, ხოლო ლიტერატურული პროცესისათვის დიდად სასარგებლო უნდა იყოს.