ურჩხული გიხმობს
ავტორი: მარი ბექაური
პატრიკ ნესის რომანი, „ურჩხული გიხმობს“ 2012 წელს ბრიტანეთში საუკეთესო საბავშვო წიგნად დასახელდა. ამერიკელმა მწერალმა, რომელიც თითქმის ოცი წელია ბრიტანეთში მოღვაწეობს, წიგნის იდეა შივონ დაუდის ნაწარმოებიდან აიღო, რომლის დასრულებასაც ხელი მწერლის გარდაცვალებამ შეუშალა.
ჯიმ კეის სულისშემძვრელი ილუსტრაციებით გაფორმებულმა წიგნმა გამოსვლისთანავე მიიქცია მკითხველთა ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ურჩხული გიხმობს“ ფენტეზის ჟანრის რომანია, რომელიც ხის ურჩხულისა და კოშმარებით დატანჯული ბიჭის ამბავს მოგვითხრობს. როგორც კი ღამის პირველის შვიდი წუთი სრულდება, ურთხლის ხე ურჩხულად იქცევა ხოლმე და ცამეტი წლის კონორის წყვდიადითა და ავისმომასწავებელი ქარით აღსავსე სიზმარში ინაცვლებს. საუკუნოვანი ურთხელი ბუნების მისტიკურ ძალას განასახიერებს, რომელიც კონორის ქვეცნობიერში დამარხულ შიშებს აღვიძებს და ბიჭს შემზარავი სიმართლის აღიარებას აიძულებს.
ურჩხული კონორს სამ ამბავს უყვება და სანაცვლოდ ერთი ამბის მოყოლას სთხოვს. ურჩხულის ამბები განსაკუთრებულია, რისი მიზეზიც ისაა, რომ თითოეულ მათგანში ის, ვინც ანტაგონისტი გვგონია, სინამდვილეში პროტაგონისტია და ამბების მორალიც ცალსახად არ განისაზღვრება. ურჩხული კონორს იმ რეალობას უჩვენებს, რომელიც ჭეშმარიტია და არა – ადამიანური ილუზიებით შებურული. მათში პიროვნების ქმედება ყველა კუთხიდან განიხილება და მხოლოდ „კეთილი“ – „ბოროტის“ ცნებებით არ ფასდება.
კონორის კოშმარები მას შემდეგ იწყება, რაც მოულოდნელად დედის სასიკვდილო დიაგნოზის შესახებ შეიტყობს. დედის დაკარგვის შიშს შორს მყოფი მამის უყურადღებობა და აუტანელ ბებიასთან თანაცხოვრების პერსპექტივა კიდევ უფრო ამძაფრებს. პრობლემები არც სკოლაში აკლია. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დედამისის ავადმყოფობის შესახებ იგებენ, კონორი თითქოს კეთროვანი ხდება. მასთან ურთიერთობა აღარავის სურს. მეგობრები ზურგს აქცევენ და ისე ექცევიან, გეგონება, უხილავი იყოს. ერთადერთი, სკოლის „მაგარი“ ბიჭების ყურადღების ცენტრში ხვდება და დამცირებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას მოთმინებით იტანს. არა, იტანს კი არა, კონორი ამას ელის კიდეც – ასეთ დროს ხომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევა, თუნდაც ეს ურთიერთობა მსხვერპლის როლში ყოფნას გულისხმობდეს.
გარშემომყოფთა წყალობით, კონორ ო’მელი უჩინარი ადამიანი ხდება და აქ ლოგიკურად იბადება კითხვა: ურჩხულმა იხმო ბიჭი თუ ბიჭმა გამოიხმო ურჩხული, რათა საკუთარ შიშებში და მარტოობაში ჩაძირულს, შემზარავ სინამდვილესთან გამკლავება შეძლებოდა, ან უკეთ – თავი დაესაჯა იმ სიმართლისთვის, იმ უიმედობისთვის, რომელსაც დედის მიმართ გულში ატარებს? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონორს ურჩხულის არ ეშინია. უფრო მეტიც – დასცინის კიდეც მას. ალბათ იმიტომ, რომ იცის – იმაზე უარესი, რაც რეალურ ცხოვრებაში მის თავს ხდება, ვეღარ დაემართება.
გარკვეული თვალსაზრისით, პატრიკ ნესის რომანი ერთი მარტოსული მოზარდის პიროვნულ დრამადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ისტორიად, რომელიც გვასწავლის, რომ ზოგჯერ, როცა უძლურნი ვართ, სიტუაცია შევცვალოთ, შეგვიძლია შევცვალოთ სიტუაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება და ამგვარად მოვახერხოთ გადარჩენა. უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარ თავთან სიმართლე ვაღიაროთ. თუნდაც ამ სიმართლის გვრცხვენოდეს ან გვეშინოდეს. ურჩხულის მოყოლილ ამბებშიც ხომ ყველა გმირს თავისი სიმართლე აქვს და ხშირად, ანტაგონისტის სიმართლე ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე დანარჩენი პერსონაჟების.
მაშ, მოვუსმინოთ კონორ ო’ომელის.