Image Alt

წუთისოფლის გრძელი დღეები – გიორგი არაბულის რეცენზია ვახუშტი კოტეტიშვილის “ჩემი წუთისოფელი”

ჩემი-წუთისოფელი

წუთისოფლის გრძელი დღეები – გიორგი არაბულის რეცენზია ვახუშტი კოტეტიშვილის “ჩემი წუთისოფელი”

ავტორი: გიორგი არაბული

სიტყვა – წუთისოფელი – თავისი არსით ალბათ გულისხმობს ცხოვრების ტკივილსა და სიხარულს, სევდას, შიშსა თუ მოლოდინს და რაც მთავარია, იმედს, რაღაც ძვირფასის გადარჩენის იმედს, რაც თავის წილად თავისუფლების მძაფრი სურვილი, ერის სიყვარული და თვითმყოფადობის შენარჩუნებაა. ერის თვითმყოფადობას კი ხალხური ზეპირსიტყვიერება და ფოლკლორი გამოხატავს. ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოლკლორისტიც სწორედ ვახტანგ კოტეტიშვილი იყო. კითხულობ წიგნს და ფიქრობ, არ უნდა დამთავრდეს და როგორც წუთისოფელი ილევა – რამდენი ამბავია კიდევ ამ ფურცლებს მიღმა, რამდენი ტკივილია ყოველ გვერდზე, რამდენი სიყვარული, იმედი… და რამდენი დაუწერელი თუ დაუმთავრებელი… სახლი, რომელიც სიმბოლოა ქართული ენერგიის, როგორ ილევა, როგორ ინგრევა, როგორ ცვლის ერთმანეთს ხმაური და სიჩუმე, ჭირი და ლხინი… როგორ შემაძრწუნებლად საშიშია რეჟიმის მსახურთა ფეხის ხმა… საუკუნის წინ ნათქვამი „სიტყვა, ვით სეტყვა“ როგორ ჩაგესმის და როგორ გაშინებს; – „გადასახლება“, „დახვრეტა“, „წამება“… შენ კი იცვლი ფურცლებს, როგორც ამ ისტორიული სახლის ფანჯრებს და ცდილობ, მეტი დაინახო…

ყოველ გვერდზე, ყოველ ფანჯარასთან ჩასაფრებულია ამბავი, რომლითაც უფრო თვალსაჩინოა ეპოქისა თუ რეჟიმის პრობლემა… ამას ცდილობს ავტორი – ბავშვობის მოგონებებიდან, სხვათა ნაამბობიდან თუ წერილებიდან გაგაცნოს ეპოქა, რომელიც ამ ოჯახმა გამოიარა… მკითხველისთვის კი ეს ოჯახი ქვეყნის სიმბოლო ხდება და მასთან ერთად ცდილობს, თავი დააღწიოს ეპიდემიასავით შემოხვეულ „ჟამს“. ისტორიული მნიშვნელობის ბევრი გაუხმაურებელი და საბედისწერო ამბების ნარატივი, როგორც ეპოქის კარდიოგრამა. უემოციოდ შეუძლებელია ამ წიგნის წაკითხვა, მხოლოდ ერთი რამ გაფიქრებს, როგორ გადარჩა სახლი-ქვეყანა, რომელიც ხან დაწვეს, ხან გაქურდეს, ხან გაყიდეს, გაასხვისეს, პატრონნი მდგმურად აქციეს…

თითქოს წიგნის ყდაც, საიდანაც ავტორი გიყურებს – ამ სახლის კარია.. თითქოს „ხელით ეხები“ და სახლის კარს აღებ. შედიხარ, ყოველ ნაბიჯს აკვირდები, შენ წინ ცოცხლდებიან ამ სახლის ბინადარნი და მათი ტკივილისა და სიხარულის ზიარი ხდები. „ჭირს უწყენ“ და სიხარულს გაიზიარებ. ეს ეპიკური მოგონებათა წიგნი მხოლოდ ერთი ოჯახის თავგადასავალი არაა, ეს ხსოვნის წიგნია, ჯავრის, ტკივილის, ბავშვობის სინათლისა და სილაღის… ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და იმ ეპოქას აღწერს, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ მაინც შორეული და შეუცნობელია. კითხულობ და ხვდები, რომ არაფერი იცვლება დროის გარდა, ადამიანები, რომლებიც ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტისთანავე სახლს „იპყრობენ“, ნახევარი საუკუნის მერე ისევ გამოჩნდებიან და იმავე სახლს ცეცხლს წაუკიდებენ… ამაზე კი არას ამბობს ავტორი, „წერაც წუთისოფელია“ და გაფრთხილებს, რადგან გრძელია გზა „ცოდვაბრალიანი წუთისოფლის საქარავნო უდაბნოეთისა“. ეს ახალი დროის ზეპირსიტყვიერებაა.

„ჩემი წუთისოფელი“ თანამედროვე ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. მსუბუქი და მარტივი თხრობით, საოცარი იუმორით, ლირიზმითა და ტრაგიზმით ავტორი ერთი საუკუნის წინ გაბრუნებს მოვლენათა აღქმა-ანალიზით, ყოველ გვერდზე, ყოველდღიურად, ყველა ოთახში და კარის გაღება-დახურვასთან ერთად გრძნობ, როგორ იცვლება დრო, ადამიანებს კი ერთნაირად შეუძლიათ სიყვარული და ღალატი, სიცრუე და გულწრფელობა… წიგნი დაუმთავრებელია, ავტორს ვერ მოუსწრია დასრულება, მაგრამ აქვს კი დასასრული „წუთისოფელს“?! ვახუშტი კოტეტიშვილისვე აღმოჩენილი და დაბეჭდილი სახალხო მთქმელი იოსებ ბაიაშვილი წერს, რომ „თვალის დახამხამებაა“ წუთისოფელი… მაგრამ რამდენი ამბის გადატანა უწევს ამ თვალებს, რამდენი ცრემლის, ტკივილისა და შიშის?! მაგრამ არის იმედი, რწმენა და „წყურვილი თავისუფლებისა“ – ასეთი თვალებით გიყურებს ავტორი წიგნის გარეკანიდან და თითქოს გეუბნება – ეს ჩემი წუთისოფელია, მომყევი და გიამბობ ჩემი წილი სამშობლოს – ჩემი სახლის ამბავსო.