წიგნი, რომელსაც (სადღაც) აუცილებლად წაიკითხავთ
ავტორი: ნიკა სამუშია
2004 წელს, ზუსტად გამოცდების წინ, უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა სამ დღეში წავიკითხე „ბეჭდების მბრძანებელი“. იმ სამმა დღემ ჩემი ცხოვრება სრულებით შეცვალა. წიგნების კითხვა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მანამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, წიგნების თარგმნა ოდესმე ჩემს პროფესიად თუ იქცეოდა, რადგან უნივერსიტეტში განსხვავებულ სპეციალობას ვეუფლებოდი. მას მერე ბევრჯერ მიფიქრია, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა ის სამი დღე (და ღამე). ალბათ, რომელიმე ბანკში, სადაზღვევო ფირმაში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში კლერკად მოვეწყობოდი და შეიძლება ვერასდროს გამეცნო ის ადამიანები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ვერც იმ გოგოზე დავქორწინებულიყავი, ვინც დღეს ჩემი ცოლია.
მრავალი სამყაროს ინტერპრეტაციის თანახმად, მოვლენათა ყველა შესაძლო განვითარება ნამდვილია და თითოეული ალტერნატიული ისტორია და მომავალი ცალკე სამყაროს წარმოადგენს; სინამდვილეში რეალობა განტოტვილი ხეა, რომელშიც ყველა შესაძლო შედეგი რეალიზდება. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიღაც ალტერნატიულ რეალობაში მართლა არსებობს ჩემი ორეული, რომელსაც „ბეჭდების მბრძანებელი“ არ წაუკითხავს და ბანკში კლერკად მუშაობს, ხოლო სხვა ალტერნატიულ რეალობაში მე საერთოდ აღარ ვარსებობ, რადგან ადრეულ ასაკში მწვავე ავადმყოფობამ მომისწრაფა სიცოცხლე. ვინაიდან ალტერნატიული რეალობების რიცხვი უსასრულოა და ასეთი რეალობები მუდმივად განიტოტება, ყველა შესაძლო შედეგის წარმოდგენა შეუძლებელია.
ალტერნატიული (პარალელური) სამყაროებისა იდეასა და ალტერნატიულ ისტორიებს ხშირად იყენებენ სამეცნიერო ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ჟანრის წიგნებსა და ფილმებში.
ამ მოკლე ტექსტის დაწერის სურვილიც სწორედ ერთმა ასეთმა წიგნმა გამიჩინა. თითქმის ახლახან, 2016 წელს გამოცემული ბლეიკ კრაუჩის „ბნელი მატერია“ ლამის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. „ბნელი მატერია“ ერთდროულად არის საი-ფაი თრილერი და მელოდრამა, ამბავი სიყვარულისა, რომელიც მთავარი გმირის მთავარი ორიენტირია მიზნისკენ მიმავალ უსასრულო გზაზე.
ფიზიკის პროფესორი ჯეისონ დესენი ერთი შეხედვით თითქოს ბედნიერია, მას აქვს სახლი, სამსახური, ჰყავს მოსიყვარულე ცოლი, დანიელა და მოზარდი შვილი, ჩარლი. თუმცა ჯეისონს მაინც ხშირად ახსენებს თავს ფიქრი იმაზე, რა მოხდებოდა, ადრეულ ასაკშივე დაოჯახების ნაცვლად კარიერულ წინსვლაზე რომ ეზრუნა, ხომ არ იდგებოდა ახლა ყოფილი თანაკურსელის ადგილზე, რომელმაც უახლესი აღმოჩენებისთვის პრესტიჟული პრემია დაიმსახურა, თუმცა ათიოდე წლის წინ ის ჯეისონზე ნაკლებად იმედის მომცემ მეცნიერად ითვლებოდა?
ასეთი ფიქრებით გართულ ჯეისონს, რომელიც ღამით ჩიკაგოს ქუჩებში მარტო მიაბიჯებს, უეცრად თავს ესხმიან, მიყრუებულ ადგილას მიათრევენ და წამლით აბრუებენ. როცა ის გონს მოდის, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ის კვლავ ჩიკაგოშია, მაგრამ ეს მისი ჩიკაგო აღარ არის, ის კვლავ ჯეისონ დესენია, მაგრამ არაფრით გამორჩეული კოლეჯის ფიზიკის პროფესორი კი არა, უკვე საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერია, რომელიც გასაიდუმლოებულ პროექტზე მუშაობდა. ჯეისონი დაბნეულია, ვერ ხვდება, რა სჭირს. იქნებ სწორედ ეს არის სინამდვილე, ხოლო ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა მის თავს, მხოლოდ სიზმარი იყო, ან ილუზია?
ჟანრის მოყვარულთათვის ეს ალბათ სტანდარტული შესავალია, მსგავსი რამ თითქოს უკვე წაგვიკითხავს ან გვინახავს სადღაც. თუმცა ნუ შეშინდებით, წიგნზე გულის აცრუება ან მოწყენა ნამდვილად არ გემუქრებათ, რადგან სიუჟეტი ძალიან სწრაფად მიიღებს არასტანდარტულ სახეს და თქვენს გულსა და გონებას სრულიად უცხო სურათები და განცდები დაიპყრობს.
საკუთარ რეალობაში დაბრუნების სურვილით მოცული ჯეისონის მოგზაურობას მრავალი სამყაროს ლაბირინთში (ან, უფრო ზუსტად, მრავალკარიან უსასრულო დერეფანში) და იმის ძიებას, რაც უკიდეგანო პლაჟზე მხოლოდ ქვიშის ერთი მარცვალია, ავტორი ისეთი მარტივი ენით, მაგრამ ამასთანავე ისე მარჯვედ და ჩამთრევად აღწერს, ისე ძაბავს მკითხველს და ისე თამაშობს მის ცნობისმოყვარეობაზე, რომ თუ დამიჯერებთ, წიგნს შუაღამით, მთელი დღის მუშაობით დაღლილებიც კი, ვერაფრით მოწყდებით. შეძლებს თუ არა ჯეისონი საჭირო კარის შეღებას, მხოლოდ ის მკითხველი შეიტყობს, ვინც მას ბოლომდე უერთგულებს – რასაც მე დაჟინებით ვურჩევ ყველას, რადგან ამ, თითქოსდა არც ისე ორიგინალურად დაწყებული წიგნის დასკვნით ნაწილში სიუჟეტი სრულიად არაორდინარულად, შოკის მომგვრელად, შემაძრწუნებელად და უჩვეულოდ შეტრიალდება.
„ბნელი მატერია“ ეს არ არის ეპიკური ამბავი, რომელშიც მთავარი გმირი სამყაროს აპოკალიფსისგან გადასარჩენად იბრძვის (პირიქით, მკითხველი მასთან ერთად ატომური ომით განადგურებულ ჩიკაგოშიც იმოგზაურებს და მარადიული ზამთრისა და ყინვისაგან დამზრალი ქალაქის ნახვასაც შეძლებს), არა – „ბნელი მატერია“ არის წიგნი ადამიანზე, რომელიც შეუპოვრობით, მიზანდასახულობითა და სიმტკიცით უპასუხებს წიგნის დასაწყისში დასმულ კითხვაზე: კმაყოფილია თუ არა საკუთარი ცხოვრებით.
„ბნელი მატერია“ ფაქტობრივად გამზადებული კინოსცენარია (ლამის პირდაპირი მნიშვნელობით) და როგორც გავარკვიე, მალე მის მიხედვით მართლაც გადაიღებენ ფილმს. დარწმუნებული ვარ, კარგი რეჟისორის ხელში, თუ ფინანსებსაც არ დაიშურებენ, ამაღელვებელ ამბავთან ერთად თავბრუდამხვევად მომაჯადოებელი თუ შემზარავი სცენების ხილვის საშუალებაც გვექნება. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით: კინოეკრანიზაციები არასდროსაა იმ წარმოსახვითი ფილმებივით შთამბეჭდავი, რომლებსაც წიგნების კითხვისას ჩვენი გონების კინოთეატრში „ვუყურებთ“ ხოლმე.