Image Alt

თუ ზღვაზე წასვლას გეგმავ

უკს-სტატია მთავარი

თუ ზღვაზე წასვლას გეგმავ

სულაკაურის გამომცემლობა©

წელიწადის დროებიდან ზაფხული ყველაზე მეტად ასოცირდება მოგაზაურობასა და მგზავრობასთან. არდადეგების, შვებულებისა თუ სხვა უქმე დღეების დაგეგმვისას მხოლოდ ზღვის ტალღებზე, ცხელ ქვიშასა და მზიან სანაპიროზე გვეფიქრება, იქ ჩასვლა კი ისე გვეჩქარება, რომ დანიშნულების ადგილისაკენ გამგზავრებულებს გზაში დახარჯული ყოველი წუთი გვენანება. ისიც კარგად ვიცით, რომ ხშირად ზღვაზე გასარუჯად წამოწოლილი ადამიანის ერთადერთი ნატვრა მსუბუქი და სასიამოვნო წიგნია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი წიგნები შემოგთავაზოთ, რომლებიც თემატიკითა და მოცულობით ყველაზე მეტად შეეფერება დასასვენებლად ზღვაზე გამგზავრებული ადამიანების გუნება-განწყობას.

გთავაზობთ თხელტანიან წიგნებს, რომლებიც არც გზაში დაგამძიმებთ და მატარებელსა თუ ზღვის სანაპიროზე დროსაც სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

უსაფრთხო მანძილი

უკს-სტატია---უსაფრთხო-მანძილი

თუ მგზავრობა შენთვის მოსაწყენია, დანიშნულების ადგილამდე კი რამდენიმე საათია დარჩენილი, მაშინ სამანტა შვებლინის წიგნს, უსაფრთხო მანძილს გირჩევთ. მიზეზი ძალიან მარტივია: წიგნის სიუჟეტი იმდენად ჩამთრევია, რომ შეუძლებელია მას მოსწყდე და მოსაწყენად მოიცალო.

“ამანდა, ეს რეალობაა. ახლა, სასწრაფოს მიმღების ერთ-ერთ პალატაში, შენი საწოლის კიდეზე ვზივარ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და სანამ სულ ამოგვწურვია, იმ ამოსავალ წერტილს უნდა მივაგნოთ.”

ნაწარმოებში ამანდა თავის შვილთან ერთად არდადეგებზე ბუეონოს-აირესიდან სოფელში მიემგზავრება, სადაც ერთ-ერთ მეზობელს, კარლას დაუახლოვდება. კარლა ამანდას უყვება ისტორიას თავისი პატარა შვილის, დავიდის შესახებ, რომლის სულმაც სხეული “შეიცვალა”. ამ ყველაფერს ჩვენ მაშინ ვიგებთ, როდესაც საწოლზე მიჯაჭვული ამანდა დავიდთან საუბარში ცდილობს გაიხსენოს, თუ რა გადახდა თავს და როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში.

ნაწარმოების ავტორი არგენტინელი მწერალი – სამანტა შვებლინია, რომელსაც ქართველი მკითხველი ამ ნაწარმოებით გაიცნობს. უსაფრთხო მანძილი არგენტინაში ძალიან აქტუალურ თემას – სოფლებში სავარგულების პესტიციდებით დამუშავებით წყლის მოწამლვას ეხმაურება. ამ მიზეზით იქ დღესაც ბევრი ბავშვი ავადდება ან სულაც დეფორმირებული სხეულით იბადება.

წაიკითხე პირველი გვერდები

ნაწყვდიადევს

უკს-სტატია---ნაწყვდიადევს

ეს წიგნი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ღამის მატარებლით მგზავრობს. გიფიქრია, რამდენი რამ ტრიალებს სამყაროში, სანამ შენ დანიშნულების ადგილს მიაღწევ? ახლა შეგიძლია გაიგო, თუ რა ხდება ღამის ტოკიოში და სხვა ადამიანების ცხოვრებაში შუაღამიდან გათენებამდე.

ისევე, როგორც შენი მგზავრობა, ამ წიგნის სიუჟეტიც ერთი ღამის ისტორიაა, თანაც ყველა თავის დასაწყისში ვიგებთ, თუ რა დროს უჩვენებს საათი ტოკიოში. ცხრამეტი წლის მერი უცნობ მამაკაცს ხვდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გოგონას დას იცნობს, ამის შემდეგ კი იწყება ოდისეა ღამის მეგაპოლისში. ფანტაზიასა და რეალობას შორის მოქცეული ამბები ტოკიოს მაცხოვრებლების – მოდელების, სექსმუშაკების, მუსიკოსებისა თუ კრიმინალების ერთი ღამის შესახებ გვიყვება.

ჰარუკი მურაკამის ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს და ამ რომანის თარგმნას ყველა დიდი ხანია ელოდება. ჰოდა, აი, წიგნი უკვე გამოიცა – დღეიდან ტოკიოში მოგზაურობა ისე მარტივია, როგორც არასდროს: შეგიძლია მყუდროდ მოკალათდე და რამდენიმე საათი საზღვრები კითხვით დაარღვიო, უსაზღვრო კითხვის სეზონის იდეაც ხომ სწორედ ეს არის.

წაიკითხე პირველი გვერდები

ამ რომანში ყველა კვდება

გიფიქრია, ლიტერატურულ სამყაროში რომ გემოგზაურა, რას შეცვლიდი? ეცდებოდი, რომეოსა და ჯულიეტას გადარწმუნებას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის? ან ზღაპრების სამყაროში თუ გადაეშვებოდი მეფეებისთვის იმის ასახსნელად, პრინცესები გმირების დასაჯილდოებლად არ იბადებიანო?

ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი – მემენტო მორი, ერთ დღეს შემთხვევით აღმოაჩენს, რომ წიგნის პერსონაჟია და თანაც სხვა წიგნებში მოგზაურობა შეუძლია. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს, სხვა ნაწარმოებებში იმოგზაუროს და იმ პერსონაჟებზე იზრუნოს, რომლებიც ავტორების ბოროტ ნებას შეეწირნენ. მაგრამ ეს მოგზაურობა სხვა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო გადაიდება და სანაცვლოდ მემენტო მორი იმ წიგნის პერსონაჟების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას იწყებს, რომლის გმირიც თავადაც არის.

ამ რომანში ყველა კვდება არის წიგნი, რომელიც ლიტერატურის მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის სავსეა ისეთი ეპიზოდებითა თუ შედარებებით, რომელიც გაგაღიმებს, დაგაფიქრებს და თანაც კმაყოფილების გრძნობას გაგიჩენს, რომ ავტორისეულ ჩანაფიქრს მიხვდი.

წაიკითხე პირველი გვერდები

მე და შენ

უკს-სტატიისთვის-მე-და-შენ

 

ყოველდღიური რუტინისგან დასასვენებლად ნიკოლო ამანიტის ნაწარმოებსაც გირჩევთ. მე და შენ სწორედ ზაფხულში საკითხავი მსუბუქი და სასიამოვნო რომანია, რომლის სიუჟეტიც მოულოდნელად ჩაგითრევს და თანაც ძალიან ცოტა დროს წაგართმევს.

ლორენცო კუნი ერთი საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშობლებს ჩვეულებრივი თინეიჯერი ეგონოთ. ლორენცო გადაწყვეტს, დედამისს უთხრას, უქმე დღეებზე კლასელებთან ერთად სათხილამურო კურორტზე მივდივარო. რეალურად კი, სანამ მისი ამხანაგები არდადეგებს მხიარულად ატარებენ, ლორენცო სახლის სარდაფში იმალება, სადაც მოულოდნელად დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვევა.

სწორედ ამ სტუმრის გამოჩენას უკავშირდება სიუჟეტური ხაზის დაძაბული განვითარება, რომელიც მკითხველს წიგნის გვერდით გადადებას ურთულებს.

წაიკითხე პირველი გვერდები

მაშენკა

თუ სანაპიროზე საკითხავ, თხელტანიან წიგნს ეძებ, ვლადიმირ ნაბოკოვის მაშენკა შესანიშნავი არჩევანია. ეს არის ავტორის პირველი რომანი – ამბავი ახალგაზრდობის, პირველი სიყვარულისა და ნოსტალგიისა.

მოქმედება ბერლინში სულ ექვსი დღის განმავლობაში ვითარდება, სადაც ბოლშევიკური რუსეთიდან ბერლინში გადახვეწილი ახალგაზრდა კაცი – ლევ განინი, სხვა ემიგრანტებთან ერთად ცხოვრობს. “დასპოილერება”, რომ არ გამოგვივიდეს, არ გეტყვით, როგორ გრძელდება სიუჟეტი და რატომ ახსენდება ლევ განინს თავისი პირველი სიყვარული – მაშენკა, მაგრამ იმედია, არ გაგვიბრაზდები, თუ გაიგებ, რომ განინისთვის მაშენკა მხოლოდ წარსულში დარჩენილი მოგონება არ არის და მათი გზები კვლავაც შეიძლება გადაიკვეთოს. თუ როგორ, ამის გასაგებად წინ რამდენიმესაათიანი სასიამოვნო კითხვის პროცესი გელის.

მაშენკა ნაბოკოვის პირველი რომანია, რომელიც 1920-იან წლებში ბერლინში ცხოვრებისას დაწერა. ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ შტრიხებსაც შეიცავს, რომლის შესახებაც მოგვიანებით თავად ავტორმაც ისაუბრა.

წაიკითხე პირველი გვერდები

ზინკა ადამიანი

უკს-სტატია---ზინკი

“ლამაზი გემი
იალქანი, ღუზა, ზღვა,
არავინ მინდა სხვა,
მხოლოდ შენ გელი!”

ქალაქში,რომლის მაცხოვრებლებიც იფიცებოდნენ, ჩვენი ქალაქი ყველაზე მშვენიერიაო, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში ცხოვრობდა ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი. მას ბედმა ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა, მაგრამ იმავე ბედმა გაუღიმა კიდეც და განუყრელი აკორდეონი რავიატა, უახლოესი მეგობრები – კოტიკო და დათა, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკო და შვილიშვილი ზინკა აჩუქა.

“როგორც დათა იტყოდა, გამოცდილება არ ნიშნავს, რომ რამეს აღარ იზამ, გამოცდილება ისაა, რომ ზუსტად იცი, რომ ამასაც გადაიტან.”

ზინკა ადამიანი მკითხველისთვის ზღვა ემოციების გამომწვევია. ეს არის ისტორიების კრებული, რომელშიც პერსონაჟები პირველი გვერდებიდან გვიყვარდება და შემდეგ მათი ამბები გულთან ძალიან ახლოს მიგვაქვს.

წაიკითხე პირველი გვერდები

ქვიან სანაპიროზე

უკს-სტატიისთვის-ქვიან-სანაპიროზე

ქვიანი სანაპირო ბრიტანელებისთვის “ჩეზილ ბიჩია” და სწორედ აქ ვითარდება იმ წიგნის სიუჟეტი, რომელიც წყვილის ქორწინების პირველი დღის შესახებ გვიყვება. ეს დღე კი შესაძლოა არც თუ ისე კარგად დასრულდეს.

“ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ ამოიღებდი”.

თაფლობის თვეს, განსაკუთრებით კი პირველ ღამეს, ცოლ-ქმარი განსხვავებული მოლოდინით ხვდება. შეუღლება ორივეს სხვადასხვაგვარად აშფოთებს. წიგნში აღწერილია ედუარდისა და ფლორენსის მღელვარება, სექსუალური შიშები და ლტოლვა.

ქვიან სანაპიროზე ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია, რომელიც ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის 1960-იანი წლების დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდა წყვილების ცხოვრებაზე.

წაიკითხე პირველი გვერდები

ბედუინი

უკს-სტატია-ბედუინი

თუ მშვიდ ზაფხულში თავგადასავლები შემოგაკლდა, ჩვენი წიგნები მღელვარე და თავბრუდამხვევი ამბების ნაწილადაც გაქცევს. რუჯის მისაღებად წამოწოლილმა შეგიძლია საჰარის უდაბნოშიც კი გადაინაცვლო და დარწმუნდე, რომ გავრცელებული წარმოდგენა უდაბნოს უსიცოცხლობასა და ერთფეროვნებაზე, მცდარია.

ბედუინი ადამიანების გამტაცებლების მიერ ორგანიზებულ საფარიტურზე აღმოჩენილი ქართველი გოგონას – ნინას ისტორიაა. ნინას ჯგუფის გამყოლი ესვრის, რის შემდეგაც ის სულ მარტო აღმოჩნდება უდაბნოში, სანამ სასიკვდილოდ განწირულს, არაბი ბედუინი არ იპოვის.

ხიფათითა და ფათერაკებითა აღსავსე ბედუინი შენს ზაფხულს მძაფრი შეგრძნებებითა და რომანტიკული ელფერით გაამდიდრებს.

წაიკითხე წიგნის პირველი გვერდები

 

უკს-ბანერები-ზოგადი სლაიდერის

თუ უკვე აირჩიე, რომელი წიგნის კითხვა გსურს გზაში თუ სანაპიროზე, მათი შეძენა სულაკაურის წიგნის მაღაზიებსა და ვებ-გვერდზე შეგიძლია. მაგრამ თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტია, რომელია შენთვის საუკეთესო არჩევანი, ჯგუფ სარჩევში საინტერესო წიგნის პოვნა ყოველთვის შეგიძლია.

პ.ს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უსაზღვრო კითხვის სეზონი გახსნილია. თუკი მის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი გსმენია, ესე იგი, სულაკაურის გამომცემლობის ვებ-გვერდსა და მაღაზიებში საინტერესო სტუმრობა გელოდება.