თქვენი შვილების საუკეთესო მეგობარი
სულაკაურის გამომცემლობა©
მილიონობით ბავშვის საყვარელი გმირი გრეგ ჰეფლი, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა: ის არც ზებუნებრივ ძალებს ფლობს, არც კეთილშობილია, ვერც ჭკუამახვილს ვუწოდებთ… არადა საოცრად პოპულარული პერსონაჟია. ხშირად მშობლებსა და მასწავლებლებს უკვირთ კიდეც, რატომ ირჩევენ ბავშვები მაინცდამაინც „წრიპა ბიჭის დღიურს“ და რატომ კითხულობენ ასეთი გატაცებით. იუმორის გრძნობა არც ჰეკლბერი ფინს აკლდა, სკოლაში ბულერბიელი ბავშვებიც ხომ დადიოდნენ, დღიურს ანე ფრანკიც წერდა… და მაინც, დღევანდელი ბავშვები წრიპა ბიჭს ირჩევენ. ამის მიზეზს სხვადასხვანაირად ხსნიან მშობლები, მასწავლებლები და თავად ბავშვები.
გიორგი კეკელიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მასწავლებელი
ყველა თაობას საკუთარი საკულტო წიგნები აქვს. მე მარკ ტვენს, ასტრიდ ლიდგრენს, ჟიულ ვერნისა და მაინ რიდს ვკითხულობდი. მაშინ რომ ვინმეს სკოლაში მოსწავლეები გამოეკითხა, ისინიც ამ ავტორებს დაგისახელებდნენ. ჩემი მოსწავლეების ავტორიტეტი კი ჯეფ კინია. უფრო სწორად, კონკრეტული წიგნი „წრიპა ბიჭის დღიური“. თუ ვიკითხავ, რა წაიკითხეთ-მეთქი, ყველა ერთხმად მპასუხობს: წრიპას მეორე, წრიპას მეოთხე, წრიპას მეშვიდე წიგნი. და ეს წიგნები იქცა ჩემთვის გასაღებად, ისინი დიდ ლიტერატურასთან მივიყვანო.
ზალიკო სულაკაური – მხატვარი
ბავშვებისთვის ილუსტრირებული წიგნების კითხვა განსაკუთრებით სახალისოა. ეს ფაქტი მშობლებსაც უნდა ახარებდეს, რადგან ასეთი წიგნები მეტად აყვარებს ბავშვს წიგნს, აახლოვებს მასთან. „წრიპა ბიჭის დღიურის“ მსგავსი ჩემს ბავშვობაში არაფერი იყო, ყოველ შემთხვევაში, მე არ წამიკითხავს ასეთი ჩამთრევი, ორიგინალური და უცხო ილუსტრაციების მქონე წიგნი. ბავშვებს გამორჩეულად უყვართ მხატვრობა და ზოგადად შინაარსის ვიზუალური გამოხატულება, რადგან დასურათება აღსაქმელად მარტივს და გასაგებს ხდის შინაარსს. ეს რომ ასე არ იყოს, ამდენ ბავშვს არ ეყვარებოდა წრიპა, ასეთი ახლობელი არ იქნებოდა მისი იუმორი და მილიონობით ბავშვი მთელ მსოფლიოში ასე ერთხმად არ იცინებდა.
მთელი სერია გაჯერებლია იუმორით, ნახატებით, ბავშვებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე აგებული სიუჟეტებით. ვისაც „წრიპა ბიჭის დღიური“ არ წაუკითხავს, ვიტყოდი, რომ ბევრი დაუკარგავს, მაგრამ თან შემშურდებოდა, რადგან წინ უდიდესი ბედნიერება ელის. მე, როგორც მხატვარი, ყველა ბავშვს ვურჩევ ამ სერიის წაკითხვას, ხოლო ყველა მშობელს ვურჩევ, შეახვედრონ თავიანთი შვილები წრიპა ბიჭს. დარწმუნებით ვიტყვი, რომ არ ინანებენ, რადგან წიგნი რამემ ხომ უნდა შეგაყვაროს? თანამედროვე სამყაროში კი “წრიპა ბიჭის დღიური” ნამდვილად არის ის, რაც ბავშვს წიგნს ხელიდან აღარ გააგდებინებს.
ნათია ნაფეტვარიძე – მასწავლებელი
დიდი წიგნების კითხვა დაწყებით სასკოლო ასაკში ბავშვისთვის ხშირად მომაბეზრებელი ხდება. შესაბამისად, წიგნების შერჩევასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება. ხშირად მეკითხებიან მშობლები, როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვს წიგნი ისე, რომ მან კითხვა კი არ შეიძულოს, არამედ შეიყვაროს. პასუხი მარტივია: წავაკითხოთ მათ არა მხოლოდ ის წიგნები, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ და ვიცით ნამდვილად, რომ კარგია, არამედ ისეთი ტექსტები, რომელთა პერსონაჟებიც მათი თანამედროვენი და თანატოლები არიან. მით უმეტეს, თუ თხრობისას დღიურის სტილია შერჩეული, მოზარდი ნაწარმოებში აღწერილი ამბის თანამონაწილედაც იქცევა. ასეთი ტექსტები ნამდვილად აახლოებს ბავშვს ლიტერატურასთან და ისინი ერთგვარ დამაკავშირებელ ძაფად იქცევა ახალ, წიგნიერ სამყაროსთან.
ასეთ თანამედროვე და სასიამოვნო წასაკითხ ტექსტად ჯეფ კინის “წრიპა ბიჭის დღიური” მესახება: მკითხველი გრეგ ჰეფლისთან ერთად მონაწილეობს მის სახალისო ისტორიებში და წიგნში წაკითხულ და ილუსტრაციებში ნანახ სახალისო და საინტერესო ამბებს საკუთარ გამოცდილებასთან აკავშირებს. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, „წრიპა ბიჭის დღიური“ საკმაოდ ამარტივებს კლასში ლიტერატურის შეტანას და ხელს უწყობს საინტერესო გამოცდილების დაგროვებას მოსწავლეებთან ერთად. ბავშვები გრეგთან და მის ისტორიებთან ერთად იზრდებიან, ერთობიან და რაც მთავარია, უყალიბდებათ საკუთარი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ და ვფიქრობ, ეს გამოცდილება სამიმავლოდ ძალიან გამოადგებათ.
გიორგი ჯანელიძე – მშობელი
ყველა ბავშვს, და ზოგ ზრდასრულსაც, დიდი ზომის ტექსტის კითხვის მაგივრად, სურათების თვალიერება ურჩევნია. ამიტომ აუცილებლად იარსებებენ მეცნიერები, რომლებიც იტყვიან, რომ ბავშვს კითხვა ისეთი წიგნებით უნდა დავაწყებინოთ, სადაც ბევრი სურათი და ნაკლები ტექსტია. შემდეგ კი, ნელ-ნელა თანაფარდობა ტექსტის სასარგებლოდ გავზარდოთ.
სწორედ ასეთი წიგნია „წრიპა ბიჭის დღიური“ და ამიტომაც გახდა ის ასეთი პოპულარული ბავშვებში. ქართულ ენაზე უკვე მეათე ნაწილი გამოიცა და მე და ჩემი შვილიც სულმოუთქმელად ველოდებით წრიპა ბიჭის ახალ თავგადასავალს.
ნინო ილაშვილი – რედაქტორი
მე ჩემს შვილებზე ადრე წავიკითხე „წრიპა ბიჭის დღიური“ და მაშინვე ვიფიქრე, რას მისცემს-მეთქი ეს წიგნი ბავშვებს? არადა, ვიცოდი, რომ მსოფლიო ბესტსელერი იყო. ჩემს შვილებს ძალიან მოეწონათ გრეგ ჰეფლის ამბები და პირველივე წიგნის წაკითხვის შემდეგ ორმა მათგანმა თავად გადაწყვიტა, წერა დაეწყო. უფროსი ბიჭი უკვე სამი წელია თავის ამბებს წერს დღიურში; მეორემ კომიქსის დაწერა მოიფიქრა – პერსონაჟი მოიგონა, დახატა და მისი ამბები თვითონვე აკინძა წიგნებად. მალე წრიპას მეთერთმეტე წიგნი გამოიცემა ქართულად. მე ახლა უკვე ვიცი, რა შეიძლება მისმა კითხვამ ბავშვებს მისცეს და ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია!
ანა ჩუბინიძე – ერთგული მკითხველი, 9 წლის
თავიდან არ მიყვარდა წიგნის კითხვა, მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი მეგობრების მეგობრები, თითქმის ყველა „წრიპა ბიჭს“ კითხულობდა. მეც დავინტერესდი ამ წიგნით. ამ წიგნმა შემაყვარა კითხვა. ძალიან სასაცილოა. საინტერესოა. ჩემთვის ყველაზე სასაცილო ეპიზოდი იყო, როცა გრეგი, მენი, როდრიკი, დედა და მამა წავიდნენ გასართობ ცენტრში. მეტს აღარ მოგიყვებით, იმიტომ რომ მინდა თქვენ თვითონ წაიკითხოთ და მოძებნოთ რომელ ნაწილშია ეს ეპიზოდი.
ძალიან მინდა, ეს წიგნი ბევრმა ბავშვმა წაიკითხოს და იცინოს. ჩემს კლასელს უკვე ვაჩუქე დაბადების დღეზე პირველი ნაწილი და ცოტა ხანში მომწერა, ისეთი საინტერესო იყო, ნახევარი წიგნი სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, ავტობუსში წავიკითხეო.
„წრიპა ბიჭის დღიურ“ ქართულად პირველად 2015 წელს ითარგმნა და დღეს ქართველი ბავშვების ბიბლიოთეკას უკვე სერიის 10 წიგნი, „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“, “წრიპა ბიჭის ორენოვანი გამოცემა და „საუკეთესო მეგობრის დღიური ამშვენებს“.
აპრილი „წრიპა ბიჭის დღიურის“ თვეა და ყველა ქვეყანაში, სადაც ის გამოიცა, მშობლები, მასწავლებლები, გამომცემლები და პატარა მკითხველები გრეგ ჰეფლის ირგვლივ ერთიანდებიან – აწყობენ თემატურ წვეულებებს, კონკურსებსა და სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობებს. წიგნების ავტორი, ჯეფ კინი, ამ დროს სპეციალური მანქანითაც კი მოგზაურობს და ერთგული
მკითხველებისთვის დაუვიწყარ საღამოებს აწყობს. წრიპა ბიჭი წელსაც შეხვდება თავის მკითხველებს, თუმცა დისტანციურად. „სულაკაურის გამომცემლობა“ იზრუნებს, რომ არაერთი აქტივობით, კონკურსითა თუ სახალისო გამოწვევით ქართველ ბავშვებსაც სახლიდან გაუსვლელად გაატარებინოს თავგადასავლებით სავსე დრო თავიანთ საუკეთესო მეგობართან ერთად.
ადევნეთ თვალი სულაკაურის გამომცემლობისა და ყველაზე წიგნიერის ფეისბუქ და საბავშვო ინსტაგრამის გვერდებს, არ გამოტოვოთ კონკურსები, გამოიწვიეთ მეგობრები და გაატარეთ დაუვიწყარი აპრილი წრიპა ბიჭთან ერთად.