უმოწყალო ირონიით გაშიშვლებული ვენის საზოგადოება
ლევან ცაგარელი
ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და მაია ფანჯიკიძის ძალისხმევის შედეგად ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდა თომას ბერნჰარდის გვიანდელი რომანი ტყის ჩეხა. სასიხარულოა ეს ამბავი არა მხოლოდ იმის გამო, რომ თომას ბერნჰარდი პეტერ ჰანდკესა და ელფრიდე იელინეკთან ერთად მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და გამორჩეული ავსტრიელი მწერალია, არამედ იმითაც, რომ ეს რომანი თემატურად დღემდე უკიდურესად აქტუალურია ავსტრიის მსგავსი მომცრო ქვეყნებისთვის და მათ შორის — საქართველოსთვისაც.
ტყის ჩეხა მეტარომანია, მისი თემაა ხელოვნების ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში. მასში უმოწყალო ირონიითა გაშიშვლებული თანამედროვე პირმოთნე საზოგადოება, რომლისთვისაც ხელოვნება სოციალური დაწინაურებისა და აღიარების მოპოვების საშუალებად ქცეულა. იგი თავს ესხმის კონფორმისტ, შეუმდგარ მსახიობებს, მწერლებსა და კომპოზიტორებს, რომლებიც
„სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა პატარა, გაიძვერა, ამპარტავან სახელმწიფო წურბლებს, რომელთან რამდენიმე სასაცილო პრიზსა და განაღდებულ პენსიას ანაცვალეს ლიტერატურა და ხელოვნება, მიეყიდნენ სახელმწიფოს და მის კულტურის სფეროს მოხელეებს და, ამასობაში, ისევე უსინდისოდ აქციეს ჩვეულებად ეპიგონური კიჩი, როგორც დაფინანსების გამცემი სამინისტროების კიბეებზე ასვლა.“
ამ მედროვე ფსევდო-ხელოვანთ, რომელნიც თავიანთ ცხოვრებას უცხოელ ცნობილ ხელოვანთა მიბაძვით დაყენებულ ხელოვნურ პოზაში ატარებენ, რომანში უპირისპირდება მოძრაობის ხელოვანი ჯოანა. იგი ყველგან სილამაზეს ამჩნევდა, მუდმივად ოცნებებსა და ზღაპრებში ჩაფლულიყო და შედეგად, ხელმოცარული დარჩა. ვენამ, დიდმა ქალაქმა გათელა მისი ნიჭი და ბოლოს თავად იგიც იმსხვერპლა. შეიძლება, შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ საქმე მხოლოდ ავსტრიასა და ავსტრიულ ხელოვნებას შეეხება, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა უფრო მასშტაბური და გლობალურია, რადგან ნებისმიერ თანამედროვე საზოგადოებაში გვხვდებიან ოპორტუნისტი ხელოვანები; ნებისმიერ თანამედროვე საზოგადოებაში გვხვდებიან მოდას აყოლილი ადამიანები; ნებისმიერ თანამედროვე საზოგადოებაში გვხვდება გულისამრევი ხელოვნურობა. სწორედ ხელოვნურობას ეთმობა ბურგთეატრის მსახიობის ყველაზე უფრო გულწრფელი მონოლოგი:
„ჩვენ ყველანი ხელოვნურობაში გავიზარდეთ, ხელოვნურობის უსაშველოში სიგიჟეში […]. ბუნებაში გასვლა და ბუნებაში ჰაერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და მხოლოდ ამ ბუნებაში ცხოვრება მიმაჩნია უდიდეს ბედნიერებადო. ტყეში წასვლა, უღრან ტყეში შესვლაო, თქვა ბურგთეატრის მსახიობმა, მთლიანად ტყეს მინდობა, ეს იყო სულ აზრი, სხვა არაფერი, ბუნებად ქცევაო. ტყე, მაღალტანიანი ხეები, ტყის ჩეხა, სულ ასე იყოო, თქვა უცებ აღგზნებულმა და საბოლოოდ გადაწყვიტა წასვლა.“
ეს მონოლოგი ეხმიანება ნაწარმოების სათაურს და ხსნის მას. ტყე აქ ნამდვილი, გაუყალბებელი, წრფელი სიცოცხლის სიმბოლოა; ტყის ჩეხა კი ის საზოგადოებრივი თვალთმაქცობა და ხელოვნურობა, რომლებიც სიცოცხლეს ანადგურებენ. თვალთმაქცობისგან არც მთხრობელია დაზღვეულია. უძლეველი ბედისწერის მსგავსად იგი აიძულებს მას, მიიღოს ცოლ-ქმარ აუერსბერგერების მიპატიჟება შემოქმედებით ვახშამზე, შემდეგ კი საქებარი სიტყვები არ დაიშუროს მათი მისამართით. ყურებიან სავარძელში მოკალათებული მთხრობლისა და ვახშამზე მყოფი სხვა სტუმრების ურთიერთმიმართება ძალზე ჰგავს მაყურებლისა და მსახიობების ურთიერთმიმართებას თეატრში. ამგვარი კონფიგურაცია ეხმარება მთხრობელს, გვერდიდან დააკვირდეს და გააცნობიეროს როგორც ამ ადამიანთა ქცევის ხელოვნურობა, ისე თავისი არაბუნებრივობა: „შენ მხოლოდ ნათამაშევი ცხოვრება გაქვს, ნამდვილი ცხოვრებით არ გიცხოვრია, მხოლოდ ნათამაშევი არსებობა, არა ნამდვილი, ყველაფერი, რაც შენ გეხება და ყველაფერი, რაც შენ ხარ, მხოლოდ ნათამაშევია, არასოდეს ყოფილა ნამდვილი და ნაღდი.“ ამ მხრივ, არაა შემთხვევითი, რომ ნაწარმოები ინტერტექსტობრივად უკავშირდება იბსენის გარეულ იხვს, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც ილუზიების მსხვრევაა.
და ბოლოს, თომას ბერნჰარდის ტყის ჩეხა სრულიად საოცარი ტექსტია კომპოზიციურ-არქიტექტონიკური და სტილური თვალსაზრისით. ტექსტის პირველი ნაწილი ე.წ. მოთხრობილ შინაგან მონოლოგს მოიცავს, რომელშიც რიზომული ქსელის მსგავსად კვეთს ერთმანეთს მთხობლის მოგონებები, ფიქრები და შთაბეჭდილებები. ხოლო ტექსტის მეორე ნაწილს ირიბი მეტყველებით გადმოცემული დიალოგი იკავებს, რითაც დამატებით ძლიერდება თეატრალურობის შთაბეჭდილება. თუმცა ყველაზე უფრო დამამახსოვრებელი მაინც ის განუმეორებელი მუსიკალური ტექსტურაა, რომლითაც ყოველთვის შესაძლებელია თომას ბერნჰარდის როგორც ავტორის ცნობა და რომელიც მკითხველს აიძულებს, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს ორასგვერდიანი უაბზაცო (!) ტექსტი. ვფიქრობ, სწორედ ამ მუსიკალურობის, რიტმულობის გამოა თომას ბერნჰარდის ნაწარმოებების თარგმნა ასე რთული. მაია ფანჯიკიძემ ძალზე მოხერხებულად გაართვა თავი ამ საკმაოდ რთულ მთარგმნელობით გამოწვევას და შეძლო, ქართულ ენაზე აეჟღერებინა თომას ბერნჰარდის ეს საოცარი მუსიკალური რიზომა.