Image Alt

ტერარიუმი – ბოდლერების მორიგი უბედურება

ტერარიუმი – ბოდლერების მორიგი უბედურება

ავტორი: მარი ბექაური

„თუ ეს წიგნი იმ იმედით გადაშალეთ, რომ ბედნიერი ბავშვების შესახებ წაიკითხავდით, გირჩევთ, ახლავე დახუროთ და რაიმე სხვა საკითხავი მოიძიოთ,“ – ასეთი შესავლით იწყებს წიგნს ლემონი სნიკეტი და არც ცრუობს. პატარა ბოდლერებს ყველაფერი გადახდებათ თავს, გარდა ბედნიერი ამბებისა, და რომანებიც საერთო სათაურს ამართლებს – ეს ნამდვილად „უიღბლო ამბების სერიაა“.

სერიის ცენტრში ვიოლეტი, კლაუსი და სანი დგანან – პატარა და-ძმა ბოდლერები, რომელთა უბედურებაც სახლში გაჩენილი ხანძრით იწყება. ხანძრის დროს მათი მშობლები იღუპებიან. შემდეგ, თითქოს ობლობა არ ეყოფოდათ, პატარები ერთი უიღბლო ამბიდან მეორეში ინაცვლებენ.

ობოლთა „უიღბლო მოგზაურობის“ მთავარი მტერი – გრაფი ოლაფია, რომელიც მათი ქონების მითვისებას ცდილობს და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება. ასე ჩნდება „უიღბლო ამბების სერიაში“ პირფერობა, საწამლავი, მკვლელობა, დევნა… მოკლედ, ყველანაირი ბოროტება. თუმცა ნებისმიერ შემზარავ ამბავში სინათლის სხივი მაინც გამოჩნდება ხოლმე და ეს ამ შემთხვევაში პატარა და-ძმების ერთობაა, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ დიდ ძალად გვევლინება.

ოლაფისგან თავის დაღწევის შემდეგ ბოდლერები ბიძია მონტისთან მიემგზავრებიან და სწორედ აქ იწყება მორიგი – „ტერარიუმის“ ამბავი. მსუქანი ბიძია მონტი მეცნიერია, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, გველებს შეისწავლის და მისი სახლი, არც მეტი, არც ნაკლები, გველებითაა სავსე. ბიძია მონტის უჩვეულო თვისებებისა და ახირებების მიუხედავად, მასთან ყოფნა ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. მონტი გველების შესასწავლად პერუში გამგზავრებას აპირებს და პატარებს მათთვის მიმზიდველ და ეგზოტიკურ ადგილზე წაყვანას ჰპირდება, თუმცა, ბოდლერები რისი ბოდლერები არიან, თუ კვლავ შარში არ ამოყვეს თავი: გამგზავრების წინა დღეს ბიძია მონტისთან ახალი თანაშემწე – სტეფანო -ჩამოდის და ბავშვები საბოლოოდ რწმუნდებიან, რომ უბედურება მათი თანმდევია – ყველგან და ყოველთვის…

„ტერარიუმის“ დაყოფა ორ ნაწილად შეგვიძლია. წიგნის პირველი ნახევარი იმედს გვაძლევს, რომ ბოდლერებს, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერება ეღირსათ, თუმცა, სტეფანოს (უფრო სწორად, „სტეფანოს“) გამოჩენა იმწამსვე გვახვედრებს, რომ ბედისწერას ვერსად გავექცევით და რაც აქამდე წავიკითხეთ, უბრალოდ, ახალი უიღბლო თავგადასავლის შესავალი გახლდათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ობლებმა კარგად იციან, რომ ხსნა ერთიან მოქმედებაშია – მხოლოდ ამ გზით ძალუძთ გადარჩენა. პატარა სანიც კი, რომელმაც ჯერ სიარულიც არ იცის და სიტყვებს გამართულად ვერ ამბობს, „დიდ მტერთან“ ბრძოლაში თავის როლს ასრულებს.

ამ ბრძოლაზე არ მოგიყვებით.

სჯობს, თავად წაიკითხოთ.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ავტორის გაფრთხილება სრული სიმართლეა: თუ ბედნიერ ისტორიას დაეძებთ, სხვა წიგნი გადაშალეთ, მაგრამ თუ უიღბლო, მაგრამ თან სასაცილო, სევდიანი, ამაღელვებელი და ძალიან ადამიანური ამბავი გინდათ, მაშინ სწორ გზას ადგახართ – ეს ყველაფერი „ტერარიუმში“გველებთან ერთად დაგხვდებათ.