Image Alt

სიზმარი და ცხადი – ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებული „კენჭები“

კენჭები

სიზმარი და ცხადი – ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებული „კენჭები“

თამთა მელაშვილი

ხანდახან ლიტერატურა ისტორიას საუკეთესოდ ყვება, მითუმეტეს ისეთი ლიტერატურა, რომელსაც კარგი ავტორები ქმნიან. განსაკუთრებით მაშინაა ეს ისტორია დაუვიწყარი, თუ ის ზაირა არსენიშვილის შექმნილია. ჩვენთან, ალბათ, არავის უწერია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე ასე შთამბეჭდავად, როგორც მას.

„ვა, სოფლოს“ ხელახალი გამოცემის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და ზაირა არსენიშვილს უკვე ბევრი ვიცნობთ, ბევრს გვიყვარს და ბევრიც თავს მის ერთგულ მკითხველად მოავიაზრებთ. თან ყველას გული გვწყდება,  რომ ავტორი უმეტესობამ გარდაცვალების შემდეგ გავიცანით. მაგრამ მის ახალ ტექსტებს მაინც ისე ველით, როგორც ცოცხალი მწერლების წიგნებს ელოდებიან ხოლმე. ვიცით, რომ ჩვენი საყვარელი ავტორი ბევრს წერდა და ისიც ვიცით, რომ მას ჩვენთვის კიდევ მეტი აქვს სათქმელი.

“კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში. ამ წიგნშიც ავტორი ყვება იმას, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ყველაზე მიჩქმალულია, გაუაზრებელი და სახელდაურქმეველი. აქაც იმ ტრავმას ეხება, რომლისგანაც ბოლომდე თაობები ვერ გავთავისუფლდით. თითქოს გვაქვს წარმოდგენა რეპრესიების და მსხვერპლის მასშტაბზე, მაგრამ მწერალი, როგორც ყოველთვის, იმაზე მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალო სტატისტიკაა. მის ტექსტებში რეპრესიების უკან  ადამიანები დგანან თავიანთი ტკივილით, ტრაგედიებით და ტრაგედიასთან გამკლავების მეთოდებით. აქ რეპრესიების „ზურგში“ დარჩენილ ქალებს ვხედავთ, მათ შიშს  და ძრწოლას, მათ თავზარდაცემას და მღელვარებას ვეხებით.  ეს ქალები ახერხებენ გადარჩნენ. უფრო მეტიც, გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ. მათთვის საზიაროა გრძელი უთავბოლო რიგები პროდუქტების მაღაზიებთან. საზიაროა უსასრულო რიგები ციხეებთანაც, სადაც ტყუილი იმედით დგანან, რომ თავიანთ დაპატიმრებულ ოჯახის წევრებს გაჭირვებით ნაშოვნ თბილ ტანსაცმელს და საკვებს შეუგზავნიან.

მათ თავისი საზიარო საიდუმლოც – დამალული აკრძალული ლიტერატურა,  ბრძანების მიუხედავად, არ გაანადგურეს. პირიქით, საგულდაგულოდ გადამალეს.  საზიაროა შვილებზე გაათმაგებული, თავგანწირული ზრუნვაც. დამამშვიდებელ წვეთებთან ერთად ისინი ერთმანეთს ტკივილს და ბრაზს  უზიარებენ.  ზოგჯერ საზიაროა მათი პაწაწინა სიხარულებიც. იშვიათად, მაგრამ მაინც, ერთად მღერიან კიდეც.

ზაირა არსენიშვილი საუკეთესოდ აჩვენებს საბჭოთა ტერორის სიმძიმეს. მასობრივი შიშის და ძრწოლის პირობებში ცოცხლად დარჩენა უფრო ძნელია, ვიდრე სიკვდილი. ცოცხლებთანაც სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ირევა და ადამიანი სიზმარშიც არ არის თავისუფალი. ამ პირობებში ღირსების შენარჩუნება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ, როგორც ჩანს,  მაინც შესაძლებელია, როგორც ამას თამარი, ლილი და მარო გვიჩვენებენ დიდი შიშისა და ძრწოლის მიუხედავად. ისინი ახერხებენ, ერთად იყვნენ სიზმარშიც, მაშინაც კი, როცა ძალიან ძნელი ხდება საზღვრის გავლება სიზმარსა და ცხადს შორის.