Image Alt

Shantaram!

blog-shantarami

Shantaram!

დავით ბაბიაშვილი

 

წონით ყველაზე დიდი წიგნი, რომელიც ციხეში დაწერილა, უდავოდ, „დონ-კიხოტია“, ზომით ყველაზე დიდი კი – „შანტარამი“.

 

რომანის სათაური შელოცვასავით ჟღერს და მართლაც, ის პირველივე გვერდიდან გაჯადოებს, ამ ათასგვერდიანი პორტალით ინდოეთში გამოგზაურებს. წიგნს უჩვეულო ისტორია აქვს: მისი ავტორი ავსტრალიის ციხიდან გაიქცა, ყალბი პასპორტით მუმბაიში ჩააღწია, შემდეგ ინდოეთმა ჩაყლაპა და ათი წლის თავზე, ამ საოცარ ისტორიასთან ერთად, ამოაფურთხა. ის ისევ ავსტრალიის ციხეში დააბრუნეს და შანტარამ! შეიძლება ითქვას, ავსტრალიამ ახალბედა მწერალი ბუმერანგივით მოისროლა და მოგვიანებით, დაბრძენებული ავტორი მიიღო.

 

გრეგორი დევიდ რობერტსი

 

გარწმუნებთ, პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე წიგნს დაძაბული, თუმცა სულმოუთქმელად წაიკითხავთ. სქელტანიანი წიგნები ყოველთვის გვაშინებს, მაგრამ ისე შეხედეთ, როგორც HBO-ს მრავალსეზონიან სერიალს მაღალი რეიტინგით. ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, მუმბაის მაფიის წევრ ავტორსაც ისე თანაუგრძნობთ, როგორც ტონი სოპრანოს. ავსტრალიაში პირველ დაპატიმრებამდე მას ისედაც „ჯენტლმენ ბანდიტად“ მოიხსენიებდნენ მსხვერპლისადმი თავაზიანი მოპყრობის გამო.

 

ვისაც ინდოეთში ტურისტად უმოგზაურია, კარგად ემახსოვრება ჰაერში გამჯდარი მედიტაციური აურა; მანტრებს შერეული დროისა და სივრცის აღქმა; იმ ღიმილის ძალა, ლუკმაპურის საშოვნელად გამოსული ბავშვები რომ არიგებენ უანგაროდ. მათი შემხედვარე, სიღარიბესა და ბედნიერებაზეც შეიცვლი აზრს. აი, ამ წიგნით კი გაიგებთ, რომ ბუდას ქვეყანაში ბოროტებაც ბუდობს. რომ ინდოეთი მხოლოდ ლოტოსის პოზაში გარინდებული ადამიანების სიზმარი არ არის და გასხივოსნების ლეგენდას საპირისპირო, ბნელი პოლუსი აბალანსებს.

 

რომანის მთავარ გმირთან საუბრისას „შანტარამის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ახსენებს „ბორსალინოს ტესტს“. „ბორსალინო“ ფეტრის რბილი, ფარფლებიანი ქუდების მწარმოებელი ცნობილი იტალიური ბრენდია. ყალბისგან ნამდვილი ბორსალინოს გასარჩევად მას წვრილად დაახვევენ, შემდეგ კი ქორწინების ბეჭედში გააძვრენენ. ტესტგავლილმა ქუდმა მაშინვე უნდა დაიბრუნოს საწყისი ფორმა და მის პატრონსაც თამამად შეეძლება თქმა, რომ თავი ქუდში აქვს.
ბომბეის ათწლიანი წნეხი ზუსტად ასეთი გამოცდაა მწერლისთვის. ბევრჯერ გადარჩა გარდაუვალ სიკვდილს და ტესტი წარმატებით ჩააბარა. თუ შეადარებთ მის ფოტოებს ინდოეთში ჩასვლამდე და ინდოეთში ცხოვრების შემდეგ, ამას წიგნის წაკითხვის გარეშეც მიხვდებით.

 

სიყვარული, ჰეროინი, სისხლი, სიკვდილი, ავღანეთი… – ეს ყველაფერი ერთმანეთს ენაცვლება რომანის ფურცლებზე.
წიგნის ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესო და თავისებურად, ბრძენია. გმირის თითქმის ყველა მეგობარი არაინდოელია – თითოეულის მუმბაიში ჩასვლა რომელიღაც მძიმე ამბავმა განაპირობა. თითოეული საკუთარ თავსა და სამშობლოს გაექცა, ბოლოს კი იქ იპოვეს თავშესაფარი, სადაც „კარმის კანონის“ ყველაზე მეტად სჯერათ…

 

წიგნი მთავარი პერსონაჟის მუმბაიში ჩასვლით იწყება. ის ავსტრალიის ნომერ პირველი ძებნილი იყო და უკან გახედვა წამითაც არ უფიქრია. ყოველი მოგზაურობისას თითქოს თან მიათრევ ღუზას, სამშობლოსა და საყვარელი ადამიანებისკენ რომ გექაჩება. გრეგორი დევიდ რობერტსმა კი, ინდოეთში ფეხის დადგმისთანავე, თავისი ნებით გადაჭრა ავსტრალიასთან და ოჯახთან დამაკავშირებელი ყველა ძაფი და ბოლომდე მიენდო ბედისწერის თამაშს. თუკი რომანის ყველაზე ამოუცნობი და მისტიკური პერსონაჟის, კარლას, სიტყვებს მოვიშველიებთ: „თუ ბედისწერა შენში სიცილს არ იწვევს, მაშასადამე, ხუმრობა ვერ გაგიგია“. მოგზაურობა მაშინაა ნამდვილი მოგზაურობა, როცა უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობ. სამყაროც მხოლოდ მაშინ გაგანდობს შენთვის შემონახულ საიდუმლოებებს.

 

ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ეს რომანი 2003 წელს გამოიცა და გასაკვირი არაა, რომ ბესტსელერადაც იქცა. „შანტარამი“ თავისუფლებისა და სიყვარულის ფეხდაფეხ დევნაა. ერთს თუ ეზიარები, მეორე ხელიდან გისხლტება და პირიქით. ამ ორი კურდღლის ერთად დასაჭერად კი „ბორსალინოს ტესტის“ გავლა გარდაუვალია.