Image Alt

რომანები სიყვარულზე უსაზღვრო კითხვის სეზონისათვის

ბლოგი რომანები

რომანები სიყვარულზე უსაზღვრო კითხვის სეზონისათვის

სულაკაურის გამომცემლობა©

არ აქვს მნიშვნელობა, რას გეგმავთ ზაფხულში – მთაში ხეტიალს, ზღვის სანაპიროზე დასვენებას თუ სულაც, სამსახურში გულმოდგინედ მუშაობას – სწორად შერჩეული წიგნი ცხელი დღეების საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

სერია რომანები სიყვარულზე, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ 2018 წელს დაიწყო, თანამედროვე სასიყვარულო რომანებს აერთიანებს. დროისა და გარემოს ცვლილებასთან ერთად, იცვლება სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებაც.

21-ე საუკუნის მკითხველისთვის, კლასიკურ რომანთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო სწორედ თანამედროვე სიყვარულის ისტორიებია, რომელთაც დღეს არსებული პრობლემები სდევს თან. სერია ამჟამად 6 წიგნისგან შედგება.

ასე რომ, მოემზადეთ ემოციებით დატვირთული ლიტერატურული ზაფხულისათვის.

 

ამბოხის გზა- რომანები სიყვარულზე

 

ამბოხის გზა – რიჩარდ იეიტსი

წიგნი ახალგაზრდა ამერიკელი წყვილის, ფრენკისა და ეიპრილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად „ამბოხის გზაზე“ გადადიან. ფრენკი სამსახურით უკმაყოფილოა, ხოლო ეიპრილი თავის თავს დიასახლისად არასდროს მოიაზრებდა, ის თეატრის მსახიობობაზე ოცნებობდა. ერთ დღესაც ეიპრილი ფრენკს დაარწმუნებს, რომ დროა, თავიანთ ოცნებებსა და მისწრაფებებს მისდიონ.

როგორია 1950-იანი წლების ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის გზა ოცნებებისკენ? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს რიჩარდ იეიტსი, მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის დიდი ავტორი.

1961 წელს, რიჩარდ იეიტსის პირველმა რომანმა „ამბოხის გზა“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. 2008 წელს გამოვიდა რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით და მკითხველთა ახალმა თაობამ ხელახლა „აღმოაჩინა“ რიჩარდ იეტსი, რომელსაც ამერიკულმა პრესამ სასოწარკვეთილების ეპოქის მწერალი უწოდა.

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

პროექტი როუზი -რომანები სიყვარულზე

 პროექტი “როუზი” – გრემ სიმსიონი

პროფესორი დონ ტილმანის ყოველდღიურობა, ძირითადად, ერთფეროვანია. მას სჯერა, რომ ყოველი წვრილმანის დაგეგმვით შეძლებს, საკუთარი თავი უკეთეს ადამიანად აქციოს და ბედნიერი გახდეს. ტილმანს ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს და მისი მეგობრების ჩამოთვლას ერთი ხელის თითებიც თავისუფლად ეყოფა. არც მისი “რომანტიული თავგადასავლებია” წარმატებული – ყველა პაემანი უხერხული სიტუაციითა და კრახით სრულდება. გამოსავალი კი მხოლოდ ერთი ეგულება – პროექტი “ცოლი”, რომლის მიზანიც სპეციალურად შედგენილი კითხვარის მიხედვით იდეალური კანდიდატის პოვნაა. დონის სურვილის საპირისპიროდ, მის ცხოვრებაში ჩნდება როუზი – ქალი, რომლის თვისებები რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც დონი იდეალური ცოლისგან ელის.

ლაღი თხრობის სტილი, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი სწორედ ისაა, რაც სიმსიონის რომანს საოცრად მომხიბლავს ხდის მკითხველისთვის. რაც მთავარია, წიგნი ყველას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სიყვარული ვერასდროს დაემორჩილება ლოგიკურ ფორმულებს და ხშირად, სრულიად მოულოდნელად, ყველაზე უცნაური ფორმით მოგვევლინება. 2013 წელს ავსტრალიაში გამოცემული პროექტი “როუზი” 30 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

მთარგმნელი: მზია ლაპიაშვილი

 

 “მოკვდი, სიყვარულო” – არიანა ჰარვიცი

როგორია ცხოვრება, როცა სიგიჟის ზღვარზე ხარ და საკუთარ თავს, გრძნობებს, სურვილებსა და ოცნებებს ებრძვი?! თანამედროვე არგენტინელი მწერლის, არიანა ჰარვიცის რომანი “მოკვდი, სიყვარულო” პარიზის გარეუბანში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სულიერ დრამაზე გვიყვება. მთავარი გმირი, რომელიც თავის დემონებს ებრძვის, ცდილობს, ოჯახური იდილია შექმნას, თუმცა მისი შინაგანი სამყარო საწინააღმდეგო მხარეს ექაჩება.

დედობა, ქალურობა, სიყვარულის ბანალურობა, ლტოლვა, ოჯახსა და ქმარზე დამოკიდებულება – ეს ყველაფერი ყოველდღიურობასთან ერთად მძიმე ტვირთად აწევს ახალგაზრდა ქალს და მის ყველაზე ბნელ ფიქრებს აშიშვლებს. წიგნში პერსონაჟის განცდები, ფიქრები და ბრძოლა საკუთარ თავთან ისე მძაფრად და ცხადად არის გადმოცემული, რომ უამრავ შეკითხვას ბადებს იდეალურ ოჯახზე არსებული ჩვენი წარმოდგენის შესახებ.

მთარგმნელი: თამარ ლეჟავა

 

ქვიან სანაპიროზე - რომანები სიყვარულზე

 “ქვიან სანაპიროზე” – იენ მაკიუენი

“ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ ამოიღებდი”, – ასე იწყება თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის რომანი “ქვიან სანაპიროზე”.

ედვარდი და ფლორენსი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ და თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – “ჩეზილ-ბიჩზე” – მიემგზავრებიან. რადიკალურად განსხვავებულ გარემოში აღზრდილი ედვარდისა და ფლორენსის ურთიერთობაში სირთულეები მალევე იჩენს თავს. ისინი ცდილობენ მოემზადონ ახალი ცხოვრებისთვის, მაგრამ უჭირთ თავის დაღწევა იმ ტაბუებისგან, რომლებსაც ოჯახი და საზოგადოება მუდმივად ახვევდნენ თავს.

რომანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა, 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.

მთარგმნელი: გურამი ღონღაძე

 

 “ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი” – კარენ ჯოი ფაულერი

ექვსი ადამიანი, ექვსი თვე და რა თქმა უნდა, ჯეინ ოსტინის ექვსი ნოველა – ეს ყველაფერი კარენ ჯოი ფაულერის წიგნში დაგხვდებათ. საკრამენტოში მცხოვრები ერთმანეთისგან განსხვავებული ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი ჯეინ ოსტინის ნოველებზე სასაუბროდ კლუბს ქმნიან. ჯეინ ოსტინის ნოველებით გატაცების გარდა, მათ საერთო, თითქოს, არაფერი აქვთ. წიგნის კითხვის კლუბი მათთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებასა და მათთან გამკლავებას ცდილობს. სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები… ფაულერის ეს წიგნი ყველაფერს უყრის თავს.

2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა “ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის” მიხედვით გადაღებული რომანტიული დრამა.

მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე

 

შენი სახელი დამიძახე

 “შენი სახელი დამიძახე” – ანდრე ასიმანი

ანდრე ასიმანის რომანი “შენი სახელი დამიძახე” ადამიანური ვნების ისტორიას მოგვითხრობს. რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიამბობს 17 წლის იტალიელი ბიჭის, ელიოსა და მასთან სტუმრად ჩასული 24 წლის ამერიკელი სტუდენტის, ოლივერის დაუვიწყარ საზაფხულო თავგადასავალს. 2017 წელს კინოეკრანებზე რომანის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი გამოჩნდა, რომელმაც უამრავი საერთაშორისო პრიზი დაიმსახურა.

და ბოლოს, სიურპრიზი მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა მოხდა ამ საზაფხულო რომანის შემდეგ ელიოსა და ოლივერის ცხოვრებაში. გასული წლის დეკემბერში ანდრე ასიმანმა თავის მკითხველებს გაუმხილა, რომ წერდა რომანის

გაგრძელებას – “Find Me”, რომელიც ინგლისურ ენაზე შემოდგომაზე გამოიცემა და მის თარგმანს “სულაკაურის გამომცემლობა” შემოგთავაზებთ. ასე რომ, სანამ თქვენთვის უკვე საყვარელი გმირების ახალ თავგადასავლებს გაეცნობით, ამ ზაფხულს შეგიძლიათ სერიით – “რომანები სიყვარულზე” – უკვე გამოცემული დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები წაიკითხოთ.

მთარგმნელი: გურამი ღონღაძე

სერიის დიზაინსა და ილუსტრაციებზე რუსლან ბერიძემ იმუშავა.