Image Alt

ჩემო მიხაელ

ჩემო მიხაელ

ავტორი: ზურა აბაშიძე

 

ჩემო ხანა

 

ამოს ოზს პირველად 2-3 წლის წინ, ინტერნეტში ხეტიალისას გადავაწყდი, ბიბლიოგრაფიას გადავავლე თვალი და მომავალში წასაკითხი ავტორების გრძელ სიას მივუმატე მჟღერი სახელის პატრონი ებრაელი მწერალი. პირველი რომანი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, სამოციანი წლების მიწურულს დაწერილი „ჩემო მიხაელ“ იყო და ზუსტად წელს მოგვეცა ქართველ მკითხველებს ამ რომანის წაკითხვის საშუალება.

რომანში მოქმედება ორმოცდაათიანი წლების ისრაელში ვითარდება, სტუდენტი ხანა გრინბაუმი ტერა სანტას სრიალა კიბეებზე შეხვდება სტუდენტ მიხაელ გონენს და ერთმანეთით დაინტერესებულები, კაფე „ყატარში“ გააგრძელებენ საუბარს, ძალიან მალე ისინი იქორწინებენ და გადავლენ პატარა სახლში საცხოვრებლად. აქ იწყება ხანას მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება, მთელი წიგნის განმავლობაში ხანა ებრძვის საკუთარ დემონებს, სხვადასხვა გზით ცდილობს დაამარცხოს და დაუზარლად ყვება თავის განცდებზე, სიზმრებზე, გრძნობებზე, შიშებზე და ვნებებზე.

ამოს ოზის რომანი სამოციან წლებში დაიწერა, როგორც ავტორი განმარტავს წინასიტყვაობაში, რომანი „შეკვეთით“ დაიწერა, წერდა მხოლოდ ხუთშაბათობით, რადგან სხვა დღეებში დრო არ ჰქონდა და გამომდინარე იქიდან, რომ ავტორს ძალიან უყვარდა წერის დროს მოწევა და სახლში ვერ ეწეოდა, უწევდა პატარა ტუალეტში შეკეტილიყო და იქ ეწერა შუაღამემდე. რომანის დასრულების შემდეგ ავტორს რედაქტორმა ურჩია, რამე შეეცვალა, შეეცვალა პერსონაჟების ცხოვრება, მიეცა ხანასთვის უფრო მეტი გასაქანი, მიეცა საშუალება მიხაელისთვის, მიეღწია წარმატებას თავის სფეროში, მაგრამ ამოს ოზი არცერთ დათმობაზე არ წავიდა და არაფერი შეცვალა, სწორედ ამიტომ ივარაუდეს, რომანი პოპულარობას ვერ მოიპოვებდა, მაგრამ მოხდა პირიქით – რომანი გამოცემიდან მეორე დღესვე ძალიან პოპულარული გახდა ისრაელში და მალევე ითარგმნა 24 ენაზე, დღემდე რომანის ოთხმოცამდე გამოცემა არსებობს.

ალბათ სწორედ ავტორის საცხოვრებელმა პირობებმა განაპირობა რომანის ეს მაგიური განწყობა, სადაც მოქმედება ძირითადად მიხაელის და ხანას პატარა სახლში ვითარდება. რომანში ძალიან დიდ როლს ასრულებს გონენების პატარა, ერთოთახიანი ბინა, სადაც ცოლ-ქმარი ხელმოკლედ ცხოვრობს, მნიშვნელოვანია ხანას აღწერები, როცა ის ამინდზე საუბრობს, უფერულ დღეებზე, მოღრუბლულ ცაზე, მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ასეთი განწყობა გაქვს კითხვის დროს, ზუსტად უძრაობის, უმოქმედობის უსუსური შეგრძნება.

რომანში მოქმედება ძალიან მდორედ და ნელა მიდის, პერსონაჟები არ განიცდიან ძირეულ ცვლილებებს, არც დიდად მათი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ ან უარესობისკენ, ხშირად ერთ ადგილას არიან და არსად მიდიან, და მე მგონია, რომ ზუსტად ეს არის ამ ნაწარმოების ღირსება, ზუსტად ეს უძრაობა გაჯადოებს, გითრევს ხანა გრინბაუმის ცხოვრებაში, მის ილუზიებში, ჰალუცინაციებში, ზუსტად ეს უძრაობა დაგატარებს ხანასთან ერთად საყიდლებზე, სადაც უყურებ პალტოებს, კაბებს, ბავშვის ტანსაცმელებს, ზუსტად ეს უძრაობაა, მთელი დღე ხანასთან ერთად რომ დგახარ ფანჯარასთან და ელოდები, ელოდები, როდის მოვა მიხაელი, შენი მიხაელი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რომანი პირველ პირშია დაწერილი, მთხრობელი ხანა გრინბაუმია – ავტორზე ათი წლით უფროსი ქალი. ამოს ოზი წინასიტყვაობაში განმარტავდა, ხანას ხმა არ მშორდებოდა, არც თავს მანებებდა, სულ მასზე ვფიქრობდი, მინდოდა პატარა მოთხრობა დამეწერა და მომეშორებინა, მაგრამ ასე მარტივადაც არ გამოვიდა ეს ამბავი და რომანის წერა დავიწყეო. მერე იყო უამრავი ადამიანის წერილი, სადაც ავტორს აქებდნენ, ასე ზუსტად რომ გადმოსცა ქალის პრობლემები ქალის ენით, ზოგიც ადანაშაულებდა, ფიქრობდნენ, ავტორს ქალების არაფერი გაეგებაო, მაგრამ ფაქტი ერთია – წლების განმავლობაში წიგნი უამრავმა ადამიანმა შეიყვარა.

ხანა გონენი კი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალ პერსონაჟად ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვინახავს მისი წინამორბედები, ქორწინებით უკმაყოფილო და გაუცხოებული ქალები, თუნდაც ანა კარენინა, ემა ბოვარი, დღის ლამაზმანი – სევერინი, და გვინახავს, როგორ უშველეს თავს, როგორ აგეს პასუხი თავიანთ ქალურობაზე და სექსუალობაზე; ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟებისგან განსხვავებით, ხანა არ ეძებს შვებას სხვა მამაკაცთან, იგი თავის მარტოობას, უსუსურობას და უკმაყოფილებას თავისი გამოგონილი სამყაროთი, ბავშვობის მოგონებებით, ფანტაზიებითა და ჰალუცინაციებით უმკლავდება. ჰანამ ზუსტად არ იცის, რა არის მიზეზი მისი უკმაყოფილებისა, რატომ განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ იცის, როგორ უნდა ებრძოლოს მას, როგორ უნდა აღუდგეს ისტერიებს, იცის, რომ წარმოსახვის უნარი ყველაზე დიდი ძალაა, რაც ადამიანს მიეცა, იცის, რომ მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანი თვითკმარია და თავს ყოველთვის უშველის.

ხოდა, ძვირფასო ხანა, ან თუნდაც, ჩემო ხანა! თბილისში მოთოვა, გუშინ სახლიდან გამოსულმა გავაცნობიერე, რომ მთელი ღამე უთოვია. ორი კვარტალი გავიარე თუ არა, წყალი შემივიდა ფეხსაცმელში. უკმაყოფილო წამოვედი უკან, სახლისაკენ, ავიარე ორი სართული, შევაღე ჩვენი სუნიანი და ცივი სახლის რკინის კარი, გავიხადე ფეხსაცმელი და მივხვდი, რომ სხვა უფრო თბილი და წყალგამძლე ფეხსაცმელი არ მქონდა, და სანამ ფეხსაცმელს ვაშრობდი სუსტი გამათბობელის წინ, ფანჯრიდან ვუყურებდი დათოვლილ თევდორე მღვდლის ქუჩას, ეზოში მოთამაშე გოგო-ბიჭებს, და შენზე ვფიქრობდი.

ხანდახან ძალიან რთული და მძიმეა შენი მოსმენა, გაუტევ ამ შენს სიზმრებში და ფანტაზიებში და შიშველი დამიდგები წინ, ხან შენი და მიხაელის საწოლში ხელების ფათური მაწუხებს, არც ის მსიამოვნებს, მიხაელს გაუპარსავ სახეზე რომ ეფერები ჩემ წინ და ასეთ დროს რამდენიმე დღითაც მომიქნევია წიგნი გვერდით, ნერვები მეშლებოდა თქვენს უსუსურობაზე, ნერვები მეშლებოდა, არაფრის შეცვლა რომ არ შეგეძლო, მაგრამ როგორც კი მარტო დავრჩები, აი, თუნდაც სამსახურიდან სახლში მომავალი, და არაფერი მიშლის ხელს ვიფიქრო, მახსენდები შენ, ფანჯარასთან მდგარი ნაქსოვი ყელიანი ჯემპრით, გაწეწილი თმით და მეტყველი თვალებით. არ ვიცი, ასეთ დროს სხვები რას ფიქრობენ შენზე, ვიღაც იტყვის, არ იცის მაგ ქალმა, რა უნდა ამ ცხოვრებაშიო, ვიღაც იტყვის, როგორ არ გაუმართლა, ვიღაც იტყვის, ცუდი ქმარი შეხვდა, უსიხარულო და უქონელი, ოთხკუთხა შვილი, ცივი მეზობლები, ნაცრისფერ და სევდიან ქალაქში უწევს ცხოვრებაო, მაგრამ არავინ დაფიქრდება, მარტო შენ ხარ ფანჯარასთან აყუდებული, თუ თვითონაც ფანჯრიდან გიყურებენ, არავინ დაფიქრდება, რამდენია შენს მდგომარეობაში, არავინ გაიხსენებს, რამდენჯერ ყოფილან შენსავით, უმიზეზოდ ცუდად, სევდა რომ არ ასვენებდათ.

ასე რომ, ჩემო ხანა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის მემახსოვრები, ყოველთვის შემეგებები ფანჯარასთან ასვეტილი, არა იმიტომ, რომ შენნაირი არავინ და არაფერი მინახავს, უბრალოდ ყველას გვიგრძნია თავი შენს მდგომარეობაში, ყველა ვყოფილვართ ერთი დღით ხანა გრინბაუმი, ყველას შეგვიფარებია თავი სიზმრებისთვის და ყველა მოვხიბლულვართ მიხაელით.

და როგორც კი მოიწყენ, როგორც კი მოგინდება ახალი კაბის ყიდვა, გაიხსენე, რომ საწადელს მიაღწიე, რომ აღარ გჭირდება უცხო მხარეებზე, მიუწვდომელ ადგილებზე ოცნება, რომ აღარ ხარ ტყვე, შენ ყველგან ხარ, დაწყებული იაპონიით და კორეით, დამთავრებული – ფინეთით თუ ბრაზილიით, და ახლა ძალიან ბევრ ადამიანს აფათურებინებ ხელს შენს სულში, ბევრს უნაწილებ სიზმრებს, ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ყოველთვის გინდოდა, ბიჭი ყოფილიყავი, რომ ყველაფერი შეგძლებოდა, ყველამ იცის ტყუპი ბიჭების ისტორია.

და მაინც, გვიან ღამით თუ გაგეღვიძება სიხარულსა და უბედურებას შორის საზღვარწაშლილს და თავს მხოლოდ ჭიქა ჩაით უშველი, დაძინებამდე გაიხსენე, რომ სამზარეულოში შუქის ჩაქრობა დაგვიწყებია, ხანა, ჩემო ხანა.