საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
15 იანვარი 2020
სალომე აფხაზიშვილი

სოციალური სიცილი

„სოციალური სიცილი“ - რეცენზია

ლიტერატურის ჟანრებს შორის ტრაგედია ყველაზე უნივერსალურია - რაც ესქილესთვის იყო ტრაგიკული, იგივე იყო შექსპირისთვისაც და იბსენისთვისაც. ტრაგედიისგან განსხვავებით კი, კომედია მტკიცედაა შეზრდილი ეპოქის სულისკვეთებასთან. არისტოფანესა და მოლიერის კომიკურ სამყაროეებს შორის იმდენადვე მცირეა საერთო, რამდენიც არისტოფანესა და მხოლოდ ერთი საუკუნით გვიან მცხოვრებ მენანდრეს შორის. ასე რომ, მაშინ, როცა ტრაგიკული ზოგადადამიანურს აღწერს, კომიკურს კონკრეტული ეპოქა, პოლიტიკური, სოციალური და, რაც მთავარია, კულტურული თავისებურებები, ცოცხალი ადამიანები აინტერესებს. იმის დადგენა, თუ რაზე ეცინებოდათ ამა თუ იმ ეპოქაში, ბევრად მეტს გვეტყვის ეპოქის შესახებ, ვიდრე იმის, თუ რას განიცდიდნენ. კომიკურ გამომხატველობით ფორმათა შორის კი კარიკატურა, თავისი ლაკონიურობით, მიზანმიმართულობითა და მრავალპლასტიურობით ყველაზე ძველია და ყველაზე ეფექტურიც.

სალომე აფხაზიშვილის „სოციალური სიცილი“ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე გარდამტეხ და დრამატულ პერიოდს სწორედ კარიკატურის თვალით გვაცნობს. აკადემიური, მაგრამ ამავე დროს ძალიან გასაგები, როგორც ქართული, ისე ინგლისური, ენით მოგვითხრობს კარიკატურის პოლიტიკურსა და სოციალურ როლს ქვეყნის იმდროინდელ ცხოვრებაში: მასში ასახულ პოლიტიკური პარტიებისა და თვითმმართველობების ფორმირების პერიპეტიებს, დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის თავსატეხებს, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუციების კრიტიკას, რუსეთის იმპერიისა და მოახლოებული ბოლშევიკური ოკუპაციის საფრთხეებს და სხვა. ამასთან ერთად, თავისი აგებულებით, ტექსტის, სურათის, საგაზეთო ამონაბეჭდის თუ სხვა, ე.წ. პარატექსტული დეტალის შესანიშნავი ინტეგრაციით, წიგნი ირეკლავს თავისსავე შინაარსს და მკითხველს ან დამთვალიერებელს ეპოქის შუაგულში აქცევს. აღნიშნული გამოცემის დამსახურება ასევე ისიც არის, რაც ასე ძალიან აკლია ქართულ და არამხოლოდ ქართულ მეცნიერებას – აკადემიური სიღრმისა და ფართო მკითხველისთვის ხელმისაწვდომობის ბალანსი. ლაღ თხრობას თან ერთვის გამართული აკადემიური აპარატიც, ციტაცია და ბიბლიოგრაფია.

„სოციალური სიცილი“ ერთნაირად სასარგებლო იქნება, როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის მკვლევართათვის, ისე ნებისმიერი ცნობისმოყვარე მკითხველისთვის. მნიშვნელოვანია „სოციალური სიცილის“ ისტორიის სწავლების პროცესში ინტეგრაციაც, რადგან არაფერი არ ავარჯიშებს მოსწავლის ან სტუდენტის გონებას ისე, როგორც კარიკატურის მსგავს პირველად წყაროზე დეტალური ჩაკირკიტება და შესასწავლი ეპოქის იმავე ლინზით ამოკითხვა და გაშიფვრა. 

 

ავტორი: ნიკოლოზ ალექსიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

სალომე აფხაზიშვილი

სოციალური სიცილი