საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
08 ოქტომბერი 2019
ახალი
სალომე აფხაზიშვილი

სოციალური სიცილი

სოციალური სიცილი - გავიცინეთ და ვერ მოვრჩით

ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია. ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას წყლის ნაყვით ცდილობს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეჭმას გვიპირებს, დასავლეთი კი ამ გარემოებით აღშფოთებას გამოხატავს.

არა, ეს ახალი ამბების გამოშვება არ გეგონოთ. მსგავსი ვითარება იყო საქართველოში 20-ე საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამაზე გვიამბობს პირველი ქართული კარიკატურები.

ეს პერიოდი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული კარიკატურის ოქროს ხანად. ოსკარ შმერლინგი, შალვა ქიქოძე, გიგო ზაზიაშვილი - ქართული მედიის განვითარებაში ამ ადამიანების წვლილის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცოდა. „ეშმაკის მათრახი“, „ხუმარა“, „ნიშადური“, „წმინდა გიორგის შუბ-მათრახი“ და მრავალი სხვა გაზეთი კი ათწლეულების მანძილზე ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ინახებოდა.

სალომე აფხაზიშვილის წიგნი „სოციალური სიცილი“ გვაცნობს ამ და მრავალ სხვა გამოცემას, რომლებიც საკუთარ გვერდებს სრულად ან ნაწილობრივ კარიკატურებს უთმობდნენ. ამასთანავე, „სოციალური სიცილი“ ასი წლით უკან გვაბრუნებს და ნათლად გვიხატავს საბჭოთა კავშირამდელი საქართველოს სურათს. კარიკატურები საინტერესოდ გვიჩვენებს და შესანიშნავ წარმოდგენას გვიქმნის ხალხის პრობლემებზე, მათ საჭიროებებზე, ოცნებებზე, ანუ გონებამახვილური იუმორით აკეთებს იმას, რაც მედიას ევალება. თავად ავტორების თქმითაც, მათი იუმორის მიზანი მხოლოდ გართობა და განტვირთვა როდია.

„იუმორი აზროვნების ერთი ფორმათაგანია. მისი ნიშნობლივი თვისებაა სიცილი. მარა ყველა სიცილი იუმორს არ ნიშნავს. არის სიცილი და სიცილიც. ერთს იწვევს მასხრობა, მეორეს - იუმორი. როცა სიცილი „ცრემლზე უფრო მწარეა“, მაშინ ის ხდება უდიდეს იუმორათ და იმავე დროს უძლიერეს იარაღად. ამ შემთხვევაში, იუმორისტიც ისეთი მებრძოლია, როგორც საუკეთესო საზოგადო მოღვაწე“ - ეს განმარტება „ეშმაკის მათრახის“ 1936 წლის 37-ე ნომერში გვხვდება.

თუკი აქსიომად მივიღებთ იმას, რომ კარგი სატირის და, საერთოდ, კარგი ხუმრობის ფორმულაა „ტკივილს + დრო“, მივხვდებით, თუ რატომაა ეშმაკის და თაგუნას მათრახი დღეს ისეთივე მწარე, როგორც ასი წლის წინ.

„რა არის თავისუფლება? ძილში ნახული ტკბილი სიზმარია რუსეთის ხალხისთვის, ხოლო მთავრობისა და მისი აგენტებისთვის – უფლება თვითნებობასა და ძალმომრეობაზე“ - ეს სიტყვები ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი 30 წლის ლაიტმოტივადაც გამოდგებოდა, არადა, ისინი 20-ე საუკუნის დასაწყისში დაიწერა.

გადაშალეთ წიგნი ნებისმიერ გვერდზე და დიდი ალბათობით, კარიკატურა და ტექსტი დღესაც აქტუალური იქნება. ამრიგად, საქართველოსთვის ლამის მარად მნიშვნელოვან კითხვაზე: „შეიცვალა რამე?“ „სოციალური სიცილი“ ურთიერთსაპირისპირო პასუხს იძლევა: თან კი, თან არა.  ოღონდ ჩვენთვის „კიც“ მეტად არასახარბიელოა და „არაც“. პრობლემები და გამოწვევები უცვლელი დარჩა, თუმცა შემოქმედებითობა, გამბედაობა და დახვეწილი იუმორი ქართულ მედიას დღეს ჰაერივით სჭირდება.

 

ავტორი: სანდრო გვინდაძე

ახალი
სალომე აფხაზიშვილი

სოციალური სიცილი