საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.

შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს - მარი ბექაური საკუთარ წიგნზე

შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს

                                                                 მარი ბექაური საკუთარ წიგნზე

                

    ისეთი თავხედი არ გეგონოთ, საკუთარ წიგნზე რეცენზია დავწერო. ამისთვის არც ამპარტავნება მეყოფა და არც ამბიციები. უბრალოდ, ახალ წიგნს, რომელსაც „ანას მომენტი“ ჰქვია, წარსული აქვს - ამბავი, რომელმაც მისი დაწერა მაიძულა და მინდა, ამ  ამბავს თქვენც მოგიყვეთ...

    ორი წლის წინ ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი, „რუსულის გაკვეთილები“ ვნახე. რუსეთი ჩემთვის სენსიტიური თემაა და ორმაგად სენსიტიური იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს პირადად შეეხო. ფილმი, სხვა დანარჩენთან ერთად, მსოფლიო მედიის მიერ არასწორად გაშუქებულ ფაქტებსაც ასახავდა. მათ შორის იყო BBC-ს რეპორტაჟი აგვისტოს ომის შესახებ, სადაც ქართველი მომაკვდავი ქალი ქართველი ჯარისკაცების მიერ დაჭრილ ადგილობრივ ოსად ჰყავდათ გამოყვანილი.

    სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვისწავლე, რომ სიმართლე ხშირ შემთხვევაში არის ის, რაც ხელს აძლევთ და არა ის, რაც არის. მოკლედ, ბევრი ვინერვიულე, ცოფები ვყარე, ღამეები ვათენე და ბოლოს BBC-ს წერილი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, რომ მათი რეპორტაჟი თავიდან ბოლომდე სიცრუეს წარმოადგენს და რომ უბრალო ხალხის ხმა არ ისმის, რადგან სიმართლე არავის აინტერესებს. 

    რა თქმა უნდა, პასუხი არ მომსვლია. არც ველოდი. თუმცა, ამბავი მეხსიერებაში დარჩა და დარჩა.

    რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს გონებაში პერსონაჟი გაჩნდა: ქალი, ახალგაზრდა, წარმატებული. მოულოდნელად პირადი წარსული ავიწყდება. გამოკვლევები ტვინის შესაბამის უბნებზე ცვლილებას არ აჩვენებს. იტყუება ეს ქალი? თუ ამნეზიის იშვიათი ფორმა - რეტროგრადული ამნეზია სჭირს, რომელიც ფსიქიკური აშლილობითაა გამოწვეული?

    რა ხდება?

    ამაზე პასუხი თავიდან მე თვითონ არ ვიცოდი. კიდევ რამდენიმე თვეს უნდა გაევლო, რომ აპრილის ერთ მზიან დღეს ლეპტოპს მივჯდომოდი და პირველი გვერდი ამეკრიფა.

    ზუსტად ასე მოხდა, და მერე საკუთარმა წიგნმა ჩამითრია. ყოველდღე ერთ თავს ვწერდი. თავიდან ჩაფიქრებული მქონდა, რომ ამ ქალის რეტროგრადული ამნეზია (ან ამნეზიის თამაში) მის ქმართან ყოფილიყო დაკავშირებული. მხოლოდ ხუთი თავის დაწერის შემდეგ მომაფიქრდა სიუჟეტის ისეთი განვითარება, როგორიც ახლაა. 

    მეექვსე თავის დასაწერად ვემზადებოდი, როცა მოულოდნელად BBC-სა და ჩემი წერილის ამბავი გამახსენდა და მთავარ გმირსა და ამ ამბავს შორის კავშირი დავიჭირე. ტვინში „ბუმ“ მოხდა. მომდევნო საათების მანძილზე ათ კვადრატულ მეტრ ოთახში ორმოცი კილომეტრი მაინც გავიარე (ფიქრისას ყოველთვის წინ და უკან დავდივარ) და საღამოს უკვე ზუსტად ვიცოდი მთელი წიგნის მონახაზი, ყველა პერსონაჟი, მათი განვითარება და წიგნის დასასრული.

    მაისის შუა რიცხვებში ავად გავხდი და იძულებული ვიყავი, წერა შემეწყვიტა. არადა ნახევარზე მეტი უკვე დაწერილი მქონდა. მერე კი თითქოს განწყობა დავკარგე და წიგნთან მიბრუნება გამიჭირდა.

    ნოემბრის მიწურულს გამომცემლობაში ვიყავი რაღაც საქმეზე. გამომცემლობის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა საუბრისას მკითხა, რამე  ახალი ხომ არ გაქვსო. „ანას მომენტზე“ მაშინ ვუთხარი. მთხოვა, ნაწერი მიჩვენეო და სახლში რომ დავბრუნდი, გავუგზავნე. მოულოდნელად, იმავე ღამეს თინასგან წერილი მივიღე. მწერდა, წავიკითხე და წიგნი სასწრაფოდ დაამთავრეო.  

    მეორე დღესვე გავჩნდი გამომცემლობაში  და თინას ვუხსნიდი, „ანას მომენტი“ - სტილი, ჟანრი, თხრობის მანერა, ამბავი, სიუჟეტი - საერთოდ არ ჰგავს იმას, რასაც აქამდე ვწერდი და არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, ან რამდენად ღირს-მეთქი.

    თინამ დამარწმუნა, წერა გამეგრძელებინა. თუმცა, კვლავ ეჭვები მღრღნიდა.

    და მერე მოხდა ალეპო. ერთ კვირაზე მეტ ხანს არ მიჭამია, არ მეძინა, თვალებს როგორც კი ვხუჭავდი, იმ კაცს ვხედავდი, მკვდარ შვილებს გულში რომ იხუტებდა და ბავშვები ჰგავდნენ ცვილის თოჯინებს და მახსენდებოდა ნიკა ბრეგვაძის ნათქვამი: „შენ მართლა გგონია, რომ სიმართლე ვინმეს ადარდებს? თუ მაინცდამაინც გინდა, შენს წიგნში სამართალი აღსრულდეს, მაშინ გააკეთებინე ეს უბრალო ხალხს და არა ბრიტანეთის სასამართლოს ან სახელმწიფოს მესვეურებს, რადგან რეალობა სასტიკია და ჩვენ ყველას ფეხებზე ვკიდივართ“.

    სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ წიგნს აუცილებლად დავასრულებდი და წიგნში მოყოლილი იქნებოდა იმ ადამიანების ამბავი, რომლებსაც არ უსმენენ და შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს იმისთვის, რომ სხვები აიძულოს, მოუსმინონ.

    წიგნში სენტიმენტების ნასახსაც ვერ ნახავთ. ალბათ, ცივი და სასტიკიც მოგეჩვენებათ, მაგრამ, რას ვიზამთ, ასეთია რეალობა: მსოფლიოს ერთ ნაწილში მკვდარი ბავშვები ცვილის თოჯინებს ჰგვანან, მეორე ნაწილში კი მათ თვალს გულგრილად არიდებენ, რადგან ნავთობი ადამიანის სიცოცხლეზე ბევრად ძვირი ღირს.