საიტზე წიგნების შეძენა დროებით შეჩერებულია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

 

 

თებერვალში მეგობრის მონახულებას ვაპირებ პოლონეთში. ჯერ ვარშავაში ჩავფრინდები, ჩემი მეგობარი აეროპორტში დამხვდება და მერე ერთად წავალთ ავტობუსით კრაკოვში, სადაც ექვსი დღე გავჩერდები, ვიქირავებთ ბინას და ვიცხოვრებთ ერთად, მონატრებულები ღამეებს გავათენებთ საუბარში და თითოეულ წამს ერთმანეთს დავახარჯავთ.

მაგრამ, სანამ პოლონეთში წავალ, თვითმფრინავის ბილეთი უნდა ვიყიდო დამოუკიდებლად, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია, მერე საელჩოში უნდა შევიტანო განცხადება, რაც ასევე არასდროს გამიკეთებია, მერე ექვსი დღის სამყოფ ფულს უნდა მოვუყარო თავი - ასევე რთული დავალებაა ჩემნაირი თავმოუბმელი ადამიანისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, ქუთაისშიც უნდა წავიდე, საიდანაც გავფრინდები, ჩავიდე სრულიად უცხო ქვეყანაში მარტო, არავის იმედად და სანამ ჩემს მეგობარს არ დავინახავ აეროპორტში, გული უნდა მისკდებოდეს, იქნებ რამე არასწორად ვქენი, ან საათი ვუთხარი არასწორად, ან დაავიწყდა და ვერ მოვიდა, ან რამე საქმე გამოუჩნდა და ვერ გამაფრთხილა... მოკლედ, ძალიან შეშინებული ვარ.

და ამ ყველაფრის გამო ხანდახან ვფიქრობ, ძალიან რთულ საქმეს ხომ არ შევეჭიდე, არ ჯობია, დავეგდო სადაც ვარ და დაველოდო, თვითონ როდის მორჩება ათთვიან პროგრამას პოლონეთში და დაუბრუნდება სამშობლოს;  ხანდახან მგონია, რომ ვერ მოვაბამ თავს, დამეზარება და ფეხზე დავიკიდებ და მერე ჩემს თავზე მეშლება ნერვები, ადამიანები მთვარეზე მიფრინავენ და ერთი პოლონეთი რა გახდა. მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელი, დასაქმებული, ახალგაზრდა, ლამაზი და ბედნიერი ბიჭი ვარ, მაინც მეშინია ისეთი რაღაცების, რაც აქამდე არ გამიკეთებია, მეშინია სიახლეების, ცვლილებების და მგონია ვერაფერს მოვახერხებ.

აი, „რა შეემთხვა ძაღლს და სხვა ამბების“ მთავარი გმირი, 15 წლის კრისტოფერ ბუნი ჩემგან განსხვავებით არაფერს შეუშინდება. გგონიათ, მარტივია? -  არა,  მაგრამ იცის, რომ ყველა შიშს უნდა მოერიოს, საბოლოოდ კიდეც ამარცხებს და უშიშარი ბიჭის სახელით რჩება მკითხველის გულში. კრისტოფერს არ უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათ დიდად ვერ უგებს, ვერ იტანს, როცა ეხებიან - აგრესიული ხდება, ვერ იტანს,  ზედმეტ კითხვებს რომ უსვამენ. ვერ იტანს ყვითელ და ყავისფერ ფერებს, უყვარს წითელი და თუ სკოლისკენ მიმავალს გზად ერთმანეთის მიყოლებით ოთხი წითელი მანქანა შეხვდება, ესე იგი სუპერ კარგი დღე ექნება, თუ ოთხი ყვითელი მანქანა შეხვდა, ესე იგი დღეს საშინელი დღეა და უნდა მოერიდოს დიდი საქმეების წამოწყებას.

მაგრამ, აბა ჩვენ არა გვაქვს ცუდი ჩვევები ?! ჩვენც არ გვაქვს სულელური ამოჩემებები? მე მაგალითად, სახლიდან გამოსულს ჩემი მეზობელი ციური თუ მხვდება ეზოში, მგონია, რომ იმ დღეს მანქანა გამიტანს, ქრისტოფერს თუ შეხება აღიზიანებს, მე არ მიყვარს, ხელს რომ მართმევენ მისალმების ნიშნად. უცხო ქვეყანაში წასვლის რომ მეშინია კრისტოფერის მსგავსად, ზემოთაც დავწერე.

ჩემი აკვიატებები აუხსნელია, ასეთი ვარ და მორჩა, კრისტოფერის აკვიატებებს კი ასპერგერის სინდრომს მიაწერენ, მაგრამ ეს არაფერს, საერთოდ არაფერს ცვლის. იგი სხვა ბავშვებივით მიზანდასახულია (უფრო მეტადაც თუ არა), უყვარს შერლოკ ჰოლმსი, იზიდავს ფათერაკები და როგორც ყველა მისი ასაკის ადამიანი, თვითონაც ინტერესდება ძაღლის სიკვდილის მიზეზით,  ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა ძაღლს, ვინ მოკლა და მოსწონს გამომძიებლობანას თამაში. როგორც ყველა მოზარდი, კრისტოფერიც დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით, აქვს ლოგიკური აზროვნების გამძაფრებული უნარი, უყვარს რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და ოცნებობს, მათემატიკის გამოცდა ჩააბაროს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ძალიან მაგარია. როგორც ყველა მოზარდს, კრისტოფერსაც აქვს ოცნების პროფესია. თუ სხვებს მეხანძრეობა, პრეზიდენტობა, ან მომღერლობა უნდა, კრისტოფერი ასტრონავტობაზე ოცნებობს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, კრისტოფერი გონიერი ბიჭია და იცის, რომ ამისთვის სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.

მარკ ჰედონის ამ საჭირო, ყველა თინეიჯერისთვის (და არა მარტო მათთვის) საინტერესო წიგნში გარდა იმისა, რომ აღწერილია ასპერგერის სინდრომის მქონე მოზარდის სამყარო, ასევე ნაჩვენებია ისიც, რომ არ არსებობს რამე, რაც დააბრკოლებს ადამიანს; რომ ადამიანებს, მიუხედავად სირთულეებისა, შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მათ მოუნდებათ, მთავარია ჩვენი ხელშეწყობა, დახმარება და გაგება; რომ სანამ არსებობს ძაღლი და სანამ არსებობს ადამიანის ცხოველი ინტერესი, მთების გადადგმასაც კი შევძლებთ,  თუ მოგვინდა, მათემატიკის გამოცდაზეც გავალთ, მერე რა, რომ ვიღაცები გვიფრთხილდებიან, გვეუბნებიან, რომ ვერ შევძლებთ და გული გვეტკინება, თუ მოგვინდა ლონდონშიც წავალთ, არც წერილს დავტოვებთ სახლში, არც მამას გავაფრთხილებთ, ჩანთას გავავსებთ ტკბილეულით და წავალთ.

კრისტოფერი წავიდა, ძაღლის მკვლელობის ძიებამ უფრო საინტერესო აღმოჩენები გააკეთებინა და საბოლოოდ ლონდონის მატარებელსაც გააყოლა, მაგრამ მას უკან არ დაუხევია, პირიქით, ყოველ წამს ებრძოდა საკუთარ შიშებს, საკუთარ დაუძლეველ ჩვევებს და საბოლოოდ მიაღწია კიდეც მიზანს.

და სანამ წიგნის კითხვას დაიწყებთ, მარტივი კითხვები დაუსვით თქვენს თავს: რისი გეშინიათ, რისი გაკეთება გევალებათ, მაგრამ ვერაფრით მოაბით თავი, რისი გაკეთება გგონიათ შეუძლებელი, რა ოცნებები გაქვთ, რას აკეთებთ ამ ოცნებებისთვის და როგორც კი პასუხს გასცემთ, წაიკითხეთ წიგნი, რომელიც უფრო მეტად გაგაძლიერებთ. კრისტოფერი თავისი ძალებით ახერხებს პრობლემების მოგვარებას, თვითონვე იძიებს ძაღლის მკვლელობის ამბავს და მკვლელსაც პოულობს. კრისტოფერ ბუნი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება თავის მიზნებს და ეტაპობრივად ისრულებს ყველა ოცნებას და ამის შემდეგ მისი შესაძლებლობები შეუზღუდავი მოგეჩვენებათ.

ასე რომ, თუ ერთ დღესაც სამსახურიდან სახლში მომავალი მეზობლის კართან მკვდარ ძაღლს შეამჩნევთ, აუცილებლად გამოიძიეთ. რა იცით, სად შეიძლება მიგიყვანოს გამოძიებამ, იქნებ ლონდონისკენ მიმავალ მატარებელშიც ამოყოთ თავი.

 

 

© ზურა აბაშიძე