საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
05 დეკემბერი 2017
უილიამ ბეროუზი

შიშველი საუზმე

ნარკომანია, როგორც ლიტერატურა

„მე თხუთმეტ წელს ნარკომანი ვიყავი“, - ამბობს წიგნის პირველსავე გვერდზე ბეროუზი და ოდნავ ქვემოთ განმარტავს: „ჯანქი ბოროტების ვირუსის ძირითად ფორმულას - მოთხოვნილების ალგებრას აყალიბებს. ნარკომანი არის ადამიანი, რომელსაც მოთხოვნილება არასოდეს ტოვებს“.

    თუ თქვენ ნარკოტიკზე დამოკიდებული არა ხართ, როგორც არ უნდა ეცადოთ ნარკომანის ბუნების გაგებას, რომელ ფილმსაც არ უნდა უყუროთ, ან რამდენი ბროშურაც არ უნდა წაიკითხოთ ამ სენის შესახებ, არაფრის აზრზე არ იქნებით, სანამ უილიამ ბეროუზის „შიშველ საუზმეს“ არ დახურავთ. წიგნის სათაურად „შიშველი საუზმე“  ჯეკ კერუაკის მოფიქრებულია და, როგორც ბეროუზი ამბობს, ნიშნავს ზუსტად შიშველ საუზმეს - „გაქვავებულ კადრს, როდესაც ყველას შეუძლია დაინახოს ყველაფერი, რასაც მიირთმევს, ყველაფერი, რაც ჩანგლის წვერზეა“.

     წიგნის ავტორივით „შიშვლად“ რომ ვთქვათ, - ეს წიგნი ნარკომანის ბოდვებია და ამ ბოდვებში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ აღიქვამს სამყაროს წამალდამოკიდებული ადამიანი. მას შეუძლია, რვა საათს გაუნძრევლად იჯდეს და საკუთარ ფეხსაცმელს უყუროს. მისთვის ყველაფერი უცხოა და შორეული - მორალური ღირებულებები, სოციალური ნორმები, ადამიანური გრძნობები. ის ემოციურად პარალიზებულია და მხოლოდ - ნარკოტიკის მოპოვებაზე ორიენტირებული. თითქოს დროის და სივრცის მიღმა დგას, რაღაც წერტილში გამოკიდებული და სრულ უძრაობაში ჩაძირული.

    და მაინც, ის, რასაც ნარკომანი ხედავს, ყოველ შემთხვევაში - კონკრეტული ნარკომანი, სახელად უილიამ ბეროუზი, - ხელოვნებაა, და ეს ხელოვნება - შიშველია, საუზმესავით.

    „და შენს სხეულში დადის სხვადასხვა რასის: ზანგების, პოლინეზიელების, მთიელი მონღოლების, უდაბნოს მომთაბარეების, პოლიგლოტ-ახლოაღმოსავლელების, ინდიელების... ასევე, ჯერ უცნობი და არარსებული, აქამდე განუხორციელებელი შეჯვარებების შედეგად წარმოქმნილი სისხლი და სუბსტანცია... ჭრელი ქალაქი, რომელშიც ყველა ადამიანური პოტენციალი უზარმაზარი, მდუმარე ბაზრის დახლებზე დევს.“

    ტექსტი დანაწევრებული და დაჩეხილია. ავტორი ერთი თემიდან მეორეზე დახტის, ერთი ამბიდან მეორე ამბავზე ისე მოულოდნელად გადადის, რომ აზრის გამოსატანად ხშირად წინა ეპიზოდებს უბრუნდები, თუმცა, სულ ტყუილად - მათ შორის კავშირი არ არსებობს, და ეს ბუნებრივიციაა, რადგან „შიშველი საუზმე“ ნარკოტიკის პროდუქტია, ზოგჯერ გაუგებარი, ზოგჯერ ამაღელვებელი, ზოგჯერ კი ისეთი მომენტებით, რომლებიც შენს ქვეცნობიერს ეხებიან, ჯიუტად ჩხრეკენ და არქეტიპულ ხატებს აღვიძებენ. ეს საუკუნოვანი ცოდნაა, რომელიც შენი უძველესი წინაპრიდან თაობებს მემკვიდრეობით გადმოეცა, სამყაროს ისტორიულ განვითარებასთან ერთად შეივსო და შენამდე კონკრეტული ფორმით და კონკრეტული კულტურის კონტექსტით განპირობებული მოვიდა; რომელიც ჭეშმარიტი სახით ძალიან იშვიათად ვლინდება, ბეროუზთან კი - უბრალოდ, ჩანგლის წვერზეა წამოგებული.

    ამ უდავოდ პროვოკაციულ წიგნში მთელი ამერიკა და მთელი სამყარო შიშველია. ადამიანები არიან შიშვლები. ცხოვრებაა შიშველი და შიშველია, პირველ რიგში, თავად ავტორი - უილიამ ბეროუზი, რომლის გარეშეც, როგორც წიგნის გარეკანზე წერია, „მეოცე საუკუნე წარმოუდგენელია“.

 

(c) მარი ბექაური

უილიამ ბეროუზი

შიშველი საუზმე