საიტზე წიგნების შეძენა განახლებულია.
15 ნოემბერი 2019
ახალი
მიხეილ იოჰანი

მიბრუნება

მიხეილ იოჰანის "მიბრუნება" - მიმოხილვა

ხშირად მეღვიძება უფსკრულში,

სადაც სიზმარში ჩავიჩეხე,

 

და ვიდრე სინამდვილე აენთება,

ლოდი, რომელსაც დამენსხვერი,

მახორცდება ზურგზე სამუდამოდ.

 

                               ზვიად რატიანი

 

მიხეილ იოჰანის “მიბრუნება’’ სულ ახლახან დაიწერა და გაგიკვირდებათ და,  უკვე ეკრანიზებულია. ეკრანიზებულია ჩვენს გარემოში, ჩვენს ტელევიზორებსა თუ ლეპტოპების ეკრანებში, ეს ის არის, რაც უკვე მრავალგზის გვინახავს. წიგნის კითხვისას თითოეული ეპიზოდი ნათლად წარმოგვიდგება თვალწინ, ზოგი საკუთარ ოჯახში მომხდარი, ზოგიც სამეზობლოში თუ სანაცნობოში გაგონილი. ერთი სიტყვით, ავტორს განუზრახავს, აღგვნუსხოს, დაგვადოკუმენტოს.

ეს ტექსტი ჩვენი “მიბრუნებაა’’ იმ არცთუ შორეულ წარსულში, რომელიც ყოველდღიურ რუტინასა და ფიქრთა სვლას უკვე ისტორიის საკუთრებად მიუჩნევია. ამ ისტორიას კი ერთი ოჯახის ამბების მიყურადებით ვადევნებთ თვალს, ოჯახისა, რომელშიც მამათა და შვილთა ყოველსაუკუნოვანი დაპირისპირება ჩვენ თვალწინ იხატება. ამბის მთავარი გმირები ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ნაცნობი ადამიანები არიან, სიტუაციები კი თავადაც გამოგვიცდია და არაფერი გვეუცნაურება.

ეს არის ამბავი იმ ქართული ოჯახისა, სადაც მამას თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალი შეურთავს ცოლად და ეს ქალი მის სურვილებსა და ცხოვრების წესს გაჰქცევია, შვილებიც შიგადაშიგ ტოვებენ მას, თუმცა წასასვლელი და საბოლოო ნავსაყუდელი ჯერ მაინც არ უპოვიათ. მძაფრ იდეოლოგიურ განხეთქილებას თაობებს შორის ორივე მხარე გაუცხოებამდე მიჰყავს და საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი ხდება. მთავარი გმირები, დემნა და ხატია, ახალგაზრდობას გარშემომყოფებთან ბრძოლაში ატარებენ, ოჯახს მათი არ ესმის, გასართობად მიდიან და იქ ყოფნაც, როგორც ირკვევა, საფრთხის შემცველია.

წიგნში ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ბასიანის სპეცოპერაციაა, რომელსაც ავტორი დემნას თვალით გვანახვებს და რომელიც გმირებს შორის კიდევ ერთი განხეთქილების საფუძველია, თუმცა კი, ნაწარმოების ბოლოს თითქოს იკვრება წრე და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ განხეთქილებას მშვიდობა მოჰყვება და სიყვარული ყველა მხარეს გააერთიანებას. ეს შეგრძნება, ალბათ, გულუბრყვილო მკითხველისთვისაა, მაგრამ, ვფიქრობ, ავტორმაც შეგნებულად დაგვიტოვა იმედის ნაპერწკალი ასეთი ამბების გულშემატკივრებს.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მცირე მოცულობისაა, მასში ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი. ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე და ამ თემის უმნიშვნელოდ აღიარება, ჰომოფობია და მის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, დისკრიმინაცია, ე.წ. ქურდული მენტალიტეტი და მისით ნაკარნახევი ქმედებები, სექსიზმი, ადრეულ ასაკში ქორწინება და ა.შ. ერთი სიტყვით, ბევრი ის მანკიერი მხარე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს და ამჟღავნებს, თავს იყრის ამ პატარა წიგნში.

წიგნის ფინალურ ნაწილში ვხვდებით, რომ ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი და ნაწარმოები მთელი ამ ამბის მხოლოდ პირველი წიგნია. არ ვიცი, როგორი იქნება გაგრძელება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ავტორი ზედმიწევნით ზუსტად გამოკვეთს გმირების სახასიათო შტრიხებს და ბევრი ინფორმაცია შეუგროვებია ჩვენი საზოგადოების შესახებ.

მიხეილ იოჰანი ოპტიმისტი ავტორია, ვფიქრობ, იცის, რომ უნდა დაველოდოთ იმ სინამდვილეს, რომლის ანთების მოლოდინშიც უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა მანამდე შეხორცებულ ლოდებზე წერას გააგრძელებს და ბევრ მკითხველს  მის გმირებში ამოგვაცნობინებს თავს.

 

მარი სანფონი

ახალი
მიხეილ იოჰანი

მიბრუნება